დედოფლად ქცეული ტფილისელი თავადის ასულის ისტორია

© архив Игоря Оболенскогоხოსე რაულ კაპაბლანკა და ოლგა ჩუბაროვა
ხოსე რაულ კაპაბლანკა და ოლგა ჩუბაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწერალი იგორ ობოლენსკი პროექტის „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ ფარგლებში, ტფილისში დაბადებულ ოლგა ჩუბაროვასა და მის მეორე ქმარზე — „ჭადრაკის მეფე“ ხოსე რაულ კაპაბლანკაზე მოგვითხრობს.

1921 წელს ბათუმიდან კონსტანტინოპოლის მიმართულებით მიმავალი თბომავლის გემბანზე ახალგაზრდა გოგონა იდგა. ეს ოლგა ჩუბაროვა გახლდათ, მეფის არმიის პოლკოვნიკის ევგენი ჩუბაროვის ქალიშვილი, რომელიც ტფილისში მსახურობდა. ოლგაც სწორედ აქ, ტფილისში მოევლინა ქვეყანას. 

მას შეეძლო პოეტი გამხდარიყო — მისი ლექსებით ხომ თავად ბალმონტი იყო მოხიბლული. მაგრამ ისტორიას ჭადრაკის მეფის ხოსე რაულ კაპაბლანკას მეუღლის სახელით შემორჩა, რომელიც 1933 წელს ნიუ–იორკში გაიცნო. 

მოჭადრაკე აშშ-ში კუბის საელჩოში მუშაობდა. მანამდე კი მშობლიური კუნძულის ინტერესებს რამდენიმე წლის განმავლობაში სანქტ–პეტერბურგში წარმოადგენდა. 

ოლგა პირველი ქმრის, თავად ჩეგოდაევის გვარს ატარებდა, რომელსაც ცხოვრება ბოსფორზე გაშენებულ ქალაქში დაუკავშირა. თუმცა ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლისა და კაპაბლანკასთან შეხვედრის შემდეგ მისი ბედი საბოლოოდ გადაწყდა. ზუსტად ისე, როგორც კაპაბლანკასი, რომელიც მალევე გაეყარა თავისი ორი შვილის დედას. 

მაღალი წრის წვეულებებზე აღფრთოვანებით ლაპარაკობდნენ ახალ ლამაზ წყვილზე — „ჭადრაკის მეფესა და რუს თავადის ასულზე“. 

ხოსე რაულს საზოგადოებაში გენიოსის სახელი ჰქონდა გავარდნილი. გამოთქმაც კი იყო დამკვიდრებული: მუსიკაში მოცარტი, ხოლო ჭადრაკში კაპაბლანკაო. ჭადრაკს ის ოთხი წლიდან თამაშობდა. 13 წლისა უკვე კუბის ჩემპიონი იყო. იმასაც კი ამტკიცებდნენ, მოწინააღმდეგის სვლების წინასწარ განჭვრეტის უნარი აქვსო.  

© იგორ ობოლენსკიმოჭადრაკე ხოსე რაულ კაპაბლანკა
მოჭადრაკე ხოსე რაულ კაპაბლანკა - Sputnik საქართველო
მოჭადრაკე ხოსე რაულ კაპაბლანკა

კაპაბლანკა ერთადერთი უცხოელი მოჭადრაკე იყო, ვისაც მოსკოვის ოთხ ტურნირში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული – 1914, 1925, 1935 და 1936 წლებში. 

სხვათა შორის, კაპაბლანკა რუსეთში დიპლომატიურ სამუშაოზე სწორედ იმიტომ წარგზავნეს, რომ 1914 წლის ტურნირში მიეღო მონაწილეობა. ჭორაობდნენ, თითქოს ახალგაზრდა კუბელს საიმპერატორო თეატრის არაერთ ბალერინასთან ჰქონდა რომანი და უძილო ღამეების გამო რამდენიმე პარტიაც კი წააგოო. 

მოსკოვის 1925 წლის ტურნირზე კუბელმა გენიოსმა ოცდაათ დაფაზე ერთდროული თამაშის სეანსი ჩაატარა და მხოლოდ ერთი პარტია წააგო. ბედნიერი მოწინააღმდეგე მთლად ნორჩი მოწაფე გოგონა — ვალია გამოდგა. როდესაც ხოსე რაული მის დაფას მიუახლოვდა და ვალია ყურადღებით შეათვალიერა, საკუთარი მეფე წააქცია და გამოაცხადა, რომ ნებდებოდა. წლების შემდეგ ვალიას მოსკოვური მიუზიკ-ჰოლის, ხოლო მოგვიანებით სატირის თეატრის მსახიობად — ვალენტინა ტოკარსკაიად გაიცნობს საზოგადოება. 

კუბელი მოჭადრაკის ცხოვრებაში კი ტფილისელი ლამაზმანი გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ მათ საერთოც ჰქონიათ: ორივენი ოფიცრის შვილები იყვნენ. 

ოლგა მეუღლეს ყველა საჭადრაკო ტურნირზე ახლდა. გამონაკლისი მხოლოდ 1935 და 1936 წლებში მოსკოვში მოგზაურობა იყო.  

© RIA NOVOSTIკუბელი მოჭადრაკე, 1921-27 წლების მსოფლიო ჩემპიონი კაპაბლანკა და რუსი მოჭადრაკე, 1929–35 და 1937–46 წლების მსოფლიო ჩემპიონი ალიოხინი.
კუბელი მოჭადრაკე, 1921-27 წლების მსოფლიო ჩემპიონი კაპაბლანკა და რუსი მოჭადრაკე, 1929–35 და 1937–46 წლების მსოფლიო ჩემპიონი ალიოხინი. - Sputnik საქართველო
კუბელი მოჭადრაკე, 1921-27 წლების მსოფლიო ჩემპიონი კაპაბლანკა და რუსი მოჭადრაკე, 1929–35 და 1937–46 წლების მსოფლიო ჩემპიონი ალიოხინი.

სამაგიეროდ სამეფო გვარის წარმომადგენლებთან მიღებებს არ აკლდებოდა და მეუღლესთან ერთად სიამოვნებით ესწრებოდა მათ. წლების შემდეგ იხსენებდა, როგორ შეაცბუნა დამსწრეები ბელგიის მეფის კარზე აუდიენციისას მისმა უდიდებულესობამ, როდესაც ოფიციალურ წარდგენას არ დაელოდა, ეტიკეტის ყოველგვარი დარღვევით თავად მიიჭრა კაპაბლანკასთან და მისი თამაშის გარჩევა დაიწყო. 

ოლგასა და ხოსე რაულის ერთად ყოფნამ დიდხანს ვერ გასტანა. 1942 წელს ჭადრაკის მეფე გარდაიცვალა. მაშინ ის სულ 53 წლის იყო. ოლგამ მეუღლე ჰავანის მიწას მიაბარა. მერე კი მის ყოფილ ცოლსა და ორ შვილს დიდ მოჭადრაკეზე დაწერილი მემუარების წიგნიდან შემოსულ თანხას რეგულარულად უგზავნიდა.  

ოლგა ხოსე რაულს „კაპას“ ეძახდა. „კაპამ რუსული არ იცოდა, თუ რამდენიმე ყველაზე ელემენტარულ სიტყვას არ  ჩავთვლით. ერთმანეთს ფრანგულად ველაპარაკებოდით. ეს ენა მან ბრწყინვალედ იცოდა. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. გაცნობისას კაპამ მითხრა, ჩვენ აუცილებლად დავქორწინდებითო. რამდენიმე ადამიანი მთხოვდა ხელს, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი მის სასარგებლოდ და მალე მართლაც დავქორწინდით! კაპაბლანკას ძალიან უყვარდა რუსეთი, რომელთანაც ახალგაზრდობისდროინდელი მოგონებები აკავშირებდა და სადაც უამრავი მეგობარი და ნაცნობი მოჭადრაკე ჰყავდა“, — იხსენებდა ოლგა ჩუბაროვა. 

© RIA NOVOSTIმოჭადრაკე ხოსე რაულ კაპაბლანკა
მოჭადრაკე ხოსე რაულ კაპაბლანკა - Sputnik საქართველო
მოჭადრაკე ხოსე რაულ კაპაბლანკა

კაპაბლანკას გარდაცვალების შემდეგ ოლგა კვლავ გათხოვდა. მისი მესამე მეუღლე ნიჩბოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი იყო, ხოლო მეოთხე — ამერიკის გმირი, ადმირალი კლარკი. 

მისის კაპაბლანკა–კლარკი 1974 წელს დაქვრივდა. სიცოცხლის აღსასრულს ის პარკ–ავენიუზე მდებარე აპარტამენტებში ელოდებოდა, სადაც მისი დის მარიას ქვრივთან, კონგრესმენ ფიშთან ერთად ცხოვრობდა. 

სიცოცხლის ბოლოს ოლგა კაპაბლანკას საჭადრაკო არქივს ალაგებდა, საჯაროდ იხსენებდა მას, სტუმრობდა ნიუ–იორკის საჭადრაკო კლუბს. 

ოლგა ჩუბაროვა–ჩეგოდაევა–კაპაბლანკა–კლარკი 1994 წელს გარდაიცვალა 95 წლისა. დაკრძალულია არლინგტონის ცნობილ სასაფლაოზე, ადმირალ კლარკის საფლავის გვერდით…


ყველა ახალი ამბავი
0