ასი წლის წინანდელი ტფილისის ფოტოების ნახვისას ძნელი წარმოსადგენია, რომ XIX—XX საუკუნეების მიჯნაზე ასე გამოიყურებოდა თანამედროვეთა ხედვისთვის ესოდენ ჩვეული ქუჩები.
მეტეხის ეკლესია
მარჯვნივ ჩანს, როგორ შეიცვალა თბილისის ისტორიული ცენტრი. დღეს ამ ადგილს უამრავი ტურისტი სტუმრობს. აქაა მეტეხის ეკლესია და თბილისის დამაარსებლის — ვახტანგ გორგასლის ქანდაკება. გვერდითაა მოედანი, საიდანაც ძველ ქალაქზე ულამაზესი ხედი იშლება. ასი წლის წინ აქ მოედანი არ ყოფილა, ხოლო ეკლესიას მრავალრიცხოვანი ნაგებობები და ციხის კედელი ერტყა გარს.
რიყე
ამ ადგილს რიყეს ძველთაგანვე ეძახდნენ. ას წელზე მეტი ხნის წინ, 1893 წელს აქაურობა წყალდიდობამ დააზარალა. ეს ფოტოც მაშინაა გადაღებული. დღეს აქ რიყის პარკია გაშენებული, საიდანაც საბაგირო გზით ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე ასვლაა შესაძლებელი. უკანა პლანზე მეტეხის ეკლესია და მეტეხის ხიდი მოჩანს.
პუშკინის ქუჩა
ასი წლის წინ ქალაქის მაშინდელი სათათბიროდან პუშკინის ქუჩაზე ასეთი ხედი იშლებოდა. დღეს ქუჩას სახელიც იგივე აქვს და ფოტოზე მარჯვნივ ჩამწკრივებული სახლების ამოცნობაც შესაძლებელია. მაგრამ მოედანი, რომელსაც დღეს თავისუფლების მოედანი ეწოდება, მნიშვნელოვნად გაფართოვდა — ფოტოზე მარცხნივ გამოსახული სახლები აიღეს.
ნარიყალა
ასეთი ხედი იშლებოდა გასული საუკუნის დასაწყისში გოგირდის აბანოებისა და ნარიყალას უბნებზე. დღეს ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ახალი ეკლესია დგას, მის უკან კი თბილისის ტელეანძა მოჩანს. გადაკეთებულია ციხე-სიმაგრის აღმართზე მდებარე მეჩეთი. აბანოთუბანი უფრო ეფექტურად გამოიყურება. სახლების ფასადებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
გრიბოედოვის ქუჩა
ბევრი ვერც მიხვდება, რა ადგილია გამოსახული ფოტოზე. ასე გამოიყურებოდა გასულ საუკუნეში წმინდა თეოდოსიას ეკლესია გოლოვინის პროსპექტისა და გრიბოედოვის ქუჩის კუთხეში. დღეს რუსთაველის გამზირიდან გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისი და ეკლესიის შენობა მოჩანს, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლებამ გუმბათი მოაშორა და ჩვეულებრივ შენობად გადააკეთა.