ფულის შოვნის „შემოვლითი გზა“, ანუ სესხიც საოცნებო გახდა...

CC BY-SA 2.0 / 401(K) 2012 / Moneyამერიკული დოლარი
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ იზრდება მოთხოვნა საკრედიტო რესურსზე, რას ხმარდება ნასესხები ფული და რა ალტერნატივა რჩებათ იმ მოქალაქეებს, რომელთაც გაურთულდათ სესხის აღება?

პროგნოზი გამართლდა! საფინანსო სექტორის სპეციალისტების დიდი ნაწილი საშემოდგომოდ „საკრედიტო შიმშილის“ დაწყებას ვარაუდობდა და ასეც არის. ბანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი იურიდიული თუ ფიზიკური პირებისთვის რეგულაციების ამოქმედებამ პირველი შედეგი გამოიღო. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კრედიტის მიღების გამკაცრებულ პირობებს ვეღარ აკმაყოფილებს, სესხის აღება არა თუ გაურთულდა, პრაქტიკულად, შეუწყდა წვდომა საკრედიტო რესურსზე! „კარგი ამბავია, რეგულაციების დაწესების უმთავრესი მიზანიც ხომ საბანკო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა იყო“ – შესაძლოა ბრძანოს მკითხველმა და მართალიც იქნება, მაგრამ ასე მარტივად როდია საქმე. ექსპერტ-ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრედიტების დიდი ნაწილი საკვების შეძენას ხმარდება, ყოველი მესამე ადამიანი ნასესხები ფულით ირჩენს თავს... 

ქართული ვალუტის კუპიურები - Sputnik საქართველო
ეროვნულ ვალუტაში გასაცემი კრედიტების მოცულობა ორმაგდება

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია: „ვითარება ქვეყანაში ძალიან დამძიმდა. საკმაოდ დიდი ოდენობის სესხი გაიცა კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან. მოსახლეობის შემოსავალს გასავალი აღემატება. ხალხი ყოველდღიურ ხარჯს სესხის გარეშე ვერ უმკლავდება. ყოველი მეორე და მესამე ადამიანი საკრედიტო წნეხის ქვეშაა. ამიტომაც დავალიანების მქონე ადამიანების რაოდენობა უკვე მილიონზე მეტია. ეს საგანგაშო მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო სექტორს რეგულაციები დაუწესდა, ტენდენცია ახლაც გრძელდება. ხალხი კიდევ უფრო გამალებით ცდილობს ფულის შოვნას და ეს არც არის გასაკვირი. მოსახლეობას საკუთარი შემოსავლიდან არაფერი რჩება და იძულებულია ფინანსური ორგანიზაციების მომსახურებით ისარგებლოს. ასეთი ყოველი მესამეა, რომელიც სესხს საკვების შესაძენად იყენებს...“

ეკნომისტების შეფასებით, სავალუტო კრიზისის გამო ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხჭირე და სტაგნაციაა. საკრედიტო რესურსზე, განსაკუთრებით კი სამომხმარებლო კრედიტზე, მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, რასაც ობიექტური მიზეზები აქვს...

ფული  - Sputnik საქართველო
საკრედიტო შიმშილი, ანუ თანამედროვე თამასუქები და ვექილი პლევაკოს რეპლიკა...

ანალიტიკოსი ავთო სილაგაძე: „სესხზე მოთხოვნის ზრდა გამოწვეულია იმ სიდუხჭირით, რაშიც ხალხი აღმოჩნდა. უკანასკნელ თვეებში ეს უფრო თვალსაჩინო გახდა, მაგრამ პრობლემის სათავე უფრო შორს უნდა ვეძებოთ. უფრო და უფრო მწვავდება სოციალური ფონი და ეს იწვევს სესხზე დამოკიდებულების ზრდას. გარდა ამისა, ლარი უფასურდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან ჯარიმებთან მიმართებაში რეგულაციების დაწესებამ ადამიანები კიდევ უფრო „გააგულიანა“. ისინი იმედოვნებენ, რომ ვადაგადაცილების შემთხვევაში მაღალი ჯარიმის გადახდა არ მოუწევთ. ეს არის ფონი, რომლის საფუძველზეც ხალხი სესხის მიღებას ცდილობს. ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობაა და სესხის გარდა მოქალაქეებს გამოსავალი არ აქვთ. მიკროსაფინანსოებში საპროცენტო განაკვეთები იმიტომ არის მაღალი, რომ ხშირად ისინი დიდი ბანკებისგან ფულს თავად სესხულობენ. ადამიანი, რომელიც სამომხმარებლო სესხს იღებს, ამ თანხას პირველადი მოხმარების პროდუქტების შესაძენად იყენებს, სხვაგვარად არც შეიძლება. ეს ნიშნავს, რომ შემოსავალი არ არის და სიღარიბე ბობოქრობს...“

გოგონა ბანკომატთან - Sputnik საქართველო
ფულზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა – გამოსავალი ჭარბვალიანობის დასაძლევად?

ერთი სიტყვით, ირკვევა, რომ საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების დაწესების შემდეგ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც თავს საკრედიტო რესურსით ირჩენდა, სესხის აღებასაც ვეღარ შეძლებს, რომ იკვებოს და მედიკამენტები შეიძინოს. საინტერესოა, რა ალტერნატივას სთავაზობს მათ სახელმწიფო და როგორ უნდა იარსებონ ამ ადამიანებმა? საკამათო არ არის, რომ საკრედიტო რესურსზე წვდომა მხოლოდ იმ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ, ვისაც თავიანთი შემოსავლებით სასესხო ვალდებულების გასტუმრება შეუძლიათ. არც იმის უგულებელყოფა გვმართებს, რომ ლიბერალური საკრედიტო პირობები კიდევ უფრო ამძიმებდა მცირეშემოსავლიანი მოსახლეობის ისედაც რთულ მდგომარეობას. დასკვნა ერთია, სესხის გაცემის პირობების გამკაცრება ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ არ შეიძლება იმ მოქალაქეთა ინტერესების უგულებელყოფაც, ვისთვისაც კრედიტი არსებობის ერთადერთი წყაროა...

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
საზაფხულო „საქანელა“, ანუ საშემოდგომო გამოცდის მოლოდინში

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება სწორია! ეს თანაბრად უნდა ეხებოდეს კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სესხის გამცემ ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს. არანორმალურია, როცა ფულის სესხების თანაბარი უფლება აქვს ყველას – მას, ვისაც შეუძლია საკრედიტო ვალდებულების მარტივად გასტუმრება და მასაც, ვისი შემოსავლებიც ჩამორჩება გასავალს და სესხს ან საერთოდ ვერ ფარავს, ან ვალის გადახდის შემდეგ თავის სარჩენად საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება. ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე სუსტია, არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ინვესტიციების მოცულობა ვერ აკმაყოფილებს საფინანსო-ეკონომიკურ გამოწვევებს, ლარის გაუფასურება კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება ქართულ რეალობას. აი ეს საკითხები უნდა გადაწყდეს, ეკონომიკა უნდა იყოს სწრაფად განვითარებადი, მათ შორის, საკრედიტო რესურსები წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას უნდა მოხმარდეს. სხვაგვარად მუდმივად ერთ წრეზე ვიტრიალებთ და არავინ იცის, როდის გავხდებით სოციალური აფეთქების მოწმენი. მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენი ხალხი შიმშილის გამო ქუჩაში არ გამოვა, სასოწარკვეთილი ადამიანი არსებობისთვის იბრძოლებს და მას არც გაემტყუნება. ერთი სიტყვით, სახელმწიფოს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ქვეყანაში როგორც ჯანსაღი საკრედიტო პირობების დაწესების ხელშეწყობა და საბანკო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ისე კონკურენტუნარიანი ეკონომიკური და ბიზნეს-გარემოს ფორმირება და სოციალური სამართლიანობის პრინციპის უზრუნველყოფა...“ 

ერთ-ერთი ბანკი - Sputnik საქართველო
უკონკურენტოდ დარჩენილი კომერციული ბანკები და კრედიტის ფასი...

როგორ მოიკლავს ფულის „წყურვილს“ მოსახლეობის ის ფენა, რომელიც საარსებოდ საკრედიტო რესურსითაც ვერ სარგებლებს, დრო გვიჩვენებს. თუმცა მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა პრობლემის მოგვარების მისეულ ხერხს მიაგნო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბოლო ორ თვეში 21 პირი მისცა პასუხისგებაში. დადგინდა, რომ ბრალდებულები კრედიტის მისაღებად კომერციულ ბანკებში განაცხადის შევსებისას სამუშაო ადგილისა და ანაზღაურების შესახებ ყალბ მონაცემებს უთითებდნენ. ყალბი იყო წარდგენილი სახელფასო ცნობებიც. ამგვარი „კრეატიული“ გამოგონება ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს... ასე რომ, ქალბატონებო და ბატონებო, სხვა გზა ვეძიოთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0