საკრედიტო შიმშილი, ანუ თანამედროვე თამასუქები და ვექილი პლევაკოს რეპლიკა...

გამოწერა
განახევრებული წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული ფინანსური სანქციები, ავად თუ კარგად დავიწყებული "შავი სია" და საკრედიტო ისტორიის წარმოების შეცვლილი წესები. ახალი რეგულაციები და მათი შესაძლო გავლენა საფინანსო ბაზარზე...

საფინანსო ბაზარზე მოვლენები წინასწარგაწერილი სცენარით ვითარდება. მას შემდეგ, რაც ხალხის რჩეულები პარლამენტიდან, მთავრობა და ეროვნული ბანკი ჭარბვალიანობასთან საბრძოლველად გაერთიანდნენ, კომერციული ბანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისთვის პერიოდულად იცვლება თამაშის წესები. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ არაფერი მოულოდნელი – ყოველი მომდევნო ცვლილების შინასარსი დიდი ხნით ადრეა ცნობილი. ვერავინ დაიწუწუნებს, რომ სიახლეს არ ელოდა და მოუმზადებელი შეხვდა. ასეა ახლაც. მორიგი რეგულაციები დათქმულ დროს – სექტემბრის თვიდან ამოქმედდა. საკრედიტო რესურსებით დაინტერესებულ მკითხველს, დარწმუნებული ვარ, ეცოდინება, რომ საშემოდგომო პოზიტიური სიახლე საპროცენტო განაკვეთისა და სესხზე ხარჯის შემცირებას ითვალისწინებს. ასევე წარსულს ბარდება ე.წ „შავი სია“... გავიხსენებ, რომ გამეორება ცოდნის დედაა და პატივცემულ მკითხველებს კიდევ ერთხელ ვუამბობ, კონკრეტულად რა იცვლება საკრედიტო სფეროში. 

ლარის კურსი - Sputnik საქართველო
საზაფხულო „საქანელა“, ანუ საშემოდგომო გამოცდის მოლოდინში

პირველი – მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100-დან 50 პროცენტამდე მცირდება. მეტი თვალსაჩინოებისთვის განვმარტავ, რომ თუ ერთწლიანი სესხის მოცულობა 1000 ლარია, წლიური 100-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში თვეში გადასახდელი თანხა დაახლოებით 115 ლარს შეადგენს, 50-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში კი 99.5 ლარი იქნება, ხოლო მთლიანობაში მომხმარებელს 1380 ლარის ნაცვლად 1194 ლარის გადახდა მოუწევს. ანუ შეღავათი 186 ლარი იქნება. 

მეორე – მცირდება ვადაგადაცილებულ დღეებზე ფინანსური სანქციის მოცულობაც. მსესხებლის მიერ საკრედიტო ვალდებულების დაფარვის ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში მასზე ხელშეკრულებით დაკისრებული ჯარიმისა თუ საურავის ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს, ნაცვლად აქამდე არსებული 0.41 პროცენტისა. შესაბამისად, ფინანსური სანქციის ოდენობა წლიურად 98.55 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. თუ სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა 1000 ლარია, დარღვევის შემთხვევაში სესხზე ყოველდღე მაქსიმუმ 4.1 ლარი ემატებოდა, ახალი წესით კი 2.7 ლარამდე დაემატება. ერთთვიან ვადაგადაცილებაზე სესხის ხარჯი ძველი წესით მაქსიმუმ 123 ლარი იყო, ახალი წესით კი, მაქსიმუმ 101 ლარი იქნება. სხვაობა მსესხებლის სასარგებლოდ 22 ლარია... ახლა, შესაძლოა, ბრძანოთ, ეს ყველაფერი დიდი არაფერი შეღავათიაო, მაგრამ ერთი ვექილის თევდორე პლევაკოსი არ იყოს, ხომ შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო? ვიდრე პატივცემული მკითხველი კითხვაზე პასუხს ეძებს, კიდევ ერთი სიახლის თაობაზე მოგახსენებთ.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
შეზღუდული მევახშეობა... ანუ ახალი წესები საკრედიტო ბაზარზე...

მესამე – უქმდება ტერმინი „შავი სია“ და იცვლება მსესხებელთა საკრედიტო ისტორიის წარმოების წესი. ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებლებს აღარ მიენიჭებათ ნეგატიური საკრედიტო სტატუსი. საფინანსო ორგანიზაციები მხოლოდ იმას შეამოწმებენ, როგორ იხდიდა მსესხებელი დავალიანებას და შეაფასებენ, დასაშვებია თუ არა მასზე ახალი სესხის გაცემა. ამასთან, საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების მუშაობა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ ექცევა.

ჯერჯერობით სულ ეს არის. საინტერესოა, რა გავლენა ექნება მორიგი რეგულაციების ამოქმედებას საფინანსო ბაზარზე და როგორ აისახება ცვლილებები საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობაზე... სპეციალისტების ვარაუდით, რეგულაციები სამომხმარებლო სესხებს საგრძნობლად შეამცირებს და საკრედიტო რესურსების საკმაოდ დიდი ნაწილი წვრილი და საშუალო მეწარმეობის დაფინანსებას მოხმარდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ბოლო დროს 1.6 მილიონი ლარით შემცირდა. ეკონომისტების ერთი ნაწილი სტატისტიკას არ ენდობა. მათივე შეფასებით, ქვეყანაში მოსახლეობის გადახდისუნარიანობა არ გაზრდილა, რასაც შეეძლო ვადაგადაცილებული სესხების შემცირება გამოეწვია.

Флешмоб мыльных пузырей - Sputnik საქართველო
დაგროვების „ხიბლი“ და „რისკი“... ანუ როცა არჩევანი არ არის!

ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე: „სიმართლე გითხრათ, სტატისტიკას ამ შემთხვევაში არ ვენდობი. კომერციული ბანკი, რომელსაც სურს ვადაგადაცილების შემცირება, რეფინანსირების პრაქტიკას მიმართავს. ასე მარტივად ხდება სესხის გადაფარვა, მაგრამ პრობლემა გადაუჭრელია. ის, რომ ვადაგადაცილება შემცირდა, არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს მოსახლეობის გადახდისუნარიანობა გაიზარდა. საბანკო სექტორის მომხმარებლის დაცვაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია. პირიქით, იმდენად გამკაცრებულია პირობები, რომ ბანკის კლიენტებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ... კრედიტების გაცემა წვრილი სამომხმარებლო სესხების დონეზეც პრობლემა გახდება, რაც უკვე სახეზეა. ადამიანი ვერ აიღებს სესხს, თუ სხვადასხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს. სამომხმარებლო სესხები შემცირდება, ეს პროცესი უკვე დაწყებულია კიდეც. ვფიქრობ, რეგულაციები სწრაფი სესხის და ონლაინ-კომპანიებს საგრძნობლად დააზარალებს, მაგრამ ბანკები გააგრძელებენ მოსახლეობის „ძარცვას“, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ. გასათვალისწინებელია ასევე, რომ ახლა მოდის სეზონი, როცა სესხი ყველაზე მეტად სჭირდებათ. შესაბამისად, მასზე ხელმისაწვდომობა გართულდება, რის გამოც ხალხს საკრედიტო შიმშილი ემუქრება...“

სპეციალისტების ერთი ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ სამომხმარებლო სესხების შემცირების პარალელურად სესხის დიდი ნაწილი იურიდიული პირების დაკრედიტებას მოხმარდება.

ერთ-ერთი ბანკი - Sputnik საქართველო
უკონკურენტოდ დარჩენილი კომერციული ბანკები და კრედიტის ფასი...

ანალიტიკოსი მიხეილ თოქმაზიშვილი: „ლოგიკურია, რომ ეს რეგულაციები სესხების შემცირებაზე გავლენას მოახდენს. მომხმარებელთა გარკვეული კატეგორია, რომელიც სამომხმარებლო სესხს უპრობლემოდ იღებდა, შეზღუდვის გამო ფულად რესურსს მარტივად ვეღარ მიიღებს. მედალს ორი მხარე აქვს – ამ შემთხვევაში რეგულაციების შემოღება შეიძლება იყოს ცუდი, რადგან მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში სესხი არ დაუმტკიცდება, თუმცა, მეორე მხრივ, რისკიც შემცირდება, რაც, უდავოდ, პოზიტიურია. მოქალაქეები, რომლებიც იღებენ კრედიტს და მერე კაბალურ ვითარებაში ვარდებიან, შექმნილ სიტუაციაში უფრო დაცული აღმოჩნდებიან. სავარაუდოდ, სამომხმარებლო სესხების შემცირების პარალელურად საკრედიტო რესურსების დიდი ნაწილი წარიმართება იმ მიმართულებებით, რომელთაც შემდეგ ეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყონ...“

ერთი სიტყვით, ახალი წესების შემოღების მორიგი ეტაპი დასრულდა. სპეციალისტები და მათთან ერთად ექსპერტ-ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო წლიდან საფინანსო ბაზარზე კიდევ რამდენიმე რეგულაცია ამოქმედდება, ასე რომ, TO BE CONTINUED! 

 

ყველა ახალი ამბავი
0