საზაფხულო „საქანელა“, ანუ საშემოდგომო გამოცდის მოლოდინში

© Sputnik / Levan Avlabreliლარის კურსი
ლარის კურსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების გაზრდილი მოცულობა, ტურისტული სეზონის პიკი, ერთ თვეში შემცირებული საგარეო ვალი და გაუფასურებული ეროვნული ვალუტა! რატომ, რამ გადაწონა ლარი?

წინამდებარე სტატიის ანონსში დასმულ კითხვებზე აზრთა სხვადასხვაობაა და თანაც კითხვები აშკარად ჭარბობს პასუხებს. ამიტომაც პატივცემულ სპეციალისტებთან და ანალიტიკოსებთან ერთად კიდევ ერთხელ ვეცდები გავზომო ეროვნული ვალუტის აგვისტოს თვის ნახტომი.

სპეციალისტთა და ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ჯიუტად „აწვება“, რომ ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა და საგანგაშო არაფერი ხდება. 

ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი: „გაუფასურების მიზეზია ის, რომ იმპორტიორებმა დაიწყეს დოლარის გადახურდავება და ეროვნული ვალუტის კურსი ეცემა. საპანიკო არაფერი ხდება. როცა თურქული ლირა უფასურდება და მეორე-მესამე დღეს ლარი იწყებს გაუფასურებას – ეს წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია. ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები ამ დროისთვის პოზიტიურია, რაც უზრუნველყოფს ვალუტის შემოდინებას. აქტიური ტურისტული სეზონია, გადმორიცხვებიც გაზრდილია და არ არსებობს ფუნდამენტური მიზეზი, რომ გაუფასურება გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს. ამიტომ ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ვხედავ...“

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
შეზღუდული მევახშეობა... ანუ ახალი წესები საკრედიტო ბაზარზე...

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 144.200.000 დოლარი შეადგინა. ეს 19.3 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჯერად ფულადი გზავნილები საგრძნობლად გაზრდილია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან და კანადიდან. პირველ ადგილზე კი რუსეთია.

ივლისის თვეში საქართველოდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 43 მილიონი დოლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ამჯერად საქართველოდან საზღვარგარეთ გასული ფულადი გზავნილების მოცულობა, 2017 წლის ივლისის თვესთან შედარებით, 4.100 მილიონი დოლარით შემცირდა. ფულადი გზავნილების აღმავალ ტემპს არც ტურიზმის სფერო ჩამორჩება. ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის პირველ 7 თვეში ტურიზმიდან შემოსავალმა 1.792.000.000 დოლარი შეადგინა. მხოლოდ ივლისში ამ სექტორიდან შემოსავალი 431 მილიონი დოლარია, წლიურ ჭრილში ზრდა 13.7 პროცენტია. ლოგიკურად ჩნდება კითხვა – პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, მათ შორის, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდისა და ტურისტული სეზონის პიკზე, რამ განაპირობა ლარის კურსის ვარდნა? არის მოსაზრება, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება სეზონურ ფაქტორებს და საგარეო ვალის მომსახურებას უკავშირდება და არა წმინდა ეკონომიკურ ან სპეკულაციურ ფაქტორს. არ არის გამორიცხული ასეც იყოს. რაც შეეხება საგარეო ვალს, ქვეყნის საგარეო ვალდებულებები წლიურ ჭრილში ზოგადად ზრდის ტრენდით ხასიათდება, მაგრამ ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ის 18 მილიონი დოლარით შემცირდა და, 2018 წლის 31 ივლისის მონაცემებით, 5.168.000.000 დოლარით განისაზღვრა.

Флешмоб мыльных пузырей - Sputnik საქართველო
დაგროვების „ხიბლი“ და „რისკი“... ანუ როცა არჩევანი არ არის!

დავძენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალი 268 მილიონი დოლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას 3.7 მილიარდი დოლარი მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორის არიან: მსოფლიო ბანკი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი. ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი კი მსოფლიო ბანკია. საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 862.200 მილიონი დოლარია. 500 მილიონი დოლარია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა.

არ მინდა მკითხველი ციფრებით დავღალო, დავუბრუნდეთ ლარის გაუფასურების გამომწვევ მიზეზებს. არის მოსაზრება, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურება ფულის მასის ზრდამ განაპირობა.

ლარის გადაცვლის პუნქტი - Sputnik საქართველო
ლარის ახალი „სტარტი“ და საზაფხულო „ამბიციები“...

ფინანსისტი შოთა გულბანი: „უკანასკნელი პერიოდის რყევები რამდენიმე გარემოებას შეეძლო გამოწევია. პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს მოკლევადიან პერიოდში მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდა. ამ კონტექსტში ყურადღებას იპყრობს კომერციული ბანკების ანგარიშებზე დეპოზიტების სახით სახელმწიფო ხაზინაში დარჩენილი ნაშთების განთავსება. შედეგად, სწორედ აგვისტოს თვეში მიმოქცევაში საბანკო არხების გავლით გაეშვა ჯამში 730 მილიონი ლარი, რამაც სტიმული მისცა ლარის გაუფასურებას. ეს ლოგიკურია, რადგან კომერციული ბანკები საკმაოდ აგრესიული კამპანიების მეშვეობით ცდილობენ სესხების, განსაკუთრებით კი სამომხმარებლო სესხების გაცემას მოქალაქეებზე, რაც მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მასას ზრდის. ამავე პერიოდში 100 მილიონით გაიზარდა რეფინანსირების სესხები, გარდა ამისა ეროვნულმა ბანკმა შეარბილა მონეტარული პოლიტიკა და ყველაფერმა ამან დაარტყა ლარის კურსს...“

ექსპერტთა ერთი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ლარის კურსის ფორმირების მექანიზმზე, ხაზს უსვამს, რომ ეს პროცესი გამჭვირვალე არ არის და პრევენციას ვერავინ შეძლებს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იანგარიშება ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით. ამ გარიგებებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებს, აგრეთვე უცხოური ბანკების ფილიალებსაც, ხოლო სავაჭრო გარიგებების შესახებ ინფორმაციას ფლობს ეროვნული ბანკი.

ერთ-ერთი ბანკი - Sputnik საქართველო
უკონკურენტოდ დარჩენილი კომერციული ბანკები და კრედიტის ფასი...

ექსპერტი აკაკი ცომაია: „მსგავს სიტუაციაში თავისუფლად შესაძლებელია, რომ კომერციულმა ბანკებმა სპეკულაციური შეტევები განახორციელონ, რამაც შეიძლება მოკლევადიან პერიოდში ლარი დოლართან მიმართებაში გააუფასუროს. ყოველ შემთხვევაში, ეს გამორიცხული არ არის და პრევენციას ეროვნული ბანკიც კი ვერ მოახდენს, იმიტომ რომ კურსის ფორმირების მსგავსი მექანიზმი იძლევა ამის შესაძლებლობას. დაველოდოთ ეროვნული ბანკის მონაცემებს, სადაც გამოჩნდება საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული კომერციული ბანკების მოგება...“

დაველოდებით, მაგრამ აქვე საინტერესოა – რა იქნება ხვალ, როგორ განვითარდება პროცესები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და სანამდე დაეშვება ეროვნული ვალუტა...   

ეკონომისტი ნიკა შენგელია: „ჩემი პროგნოზით, სექტემბრის პირველი ნახევრიდან დეკემბრის 20 რიცხვამდე საერთშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი ვარდნას დაიწყებს. ნოემბრის თვის 10 რიცხვიდან ოქროს ფასი მოიმატებს. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთსა და თურქეთზე დადებული სანქციები და მომატებული საიმპორტო გადასახადებიდან მომდინარე შედეგები უკვე რეალურ ზეგავლენას მოახდენს პროცესებზე. ამასობაში ჩვენში მოიმატებს ფულადი მასა. ამ და სხვა საშინაო თუ საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით ვიტყვი, რომ  ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული 2019 წლის ივლისამდე ლარი გაუფასურების ახალ ტრენდს ააგებს. ოქტომბრის ბოლოდან ლარის კურსი აღმავალ ნიშნულს შეინარჩუნებს...“

პოზიტიურ ნოტზე დავსვათ წერტილი და გვახსოვდეს, რომ ახლო წარსულში უარესიც იყო! 

 

ყველა ახალი ამბავი
0