თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. 200 ათას ლარამდე საბანკო კრედიტი, განვადება თუ სხვა სასესხო პროდუქტი ეროვნულ ვალუტაში, ლარში უნდა გაიცემოდეს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
„აქამდე, ეს მაქსიმალური ზღვარი 100 ათას ლარამდე იყო და მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდებოდა. ცვლილებებით კი, ზღვარს 100 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე ვზრდით, ასევე ვაფართოებთ არეალს, ვისზეც გავრცელდება. შემოგვყავს იურიდიული პირები და პროდუქტების ნაწილში ლიზინგი, როგორც სასესხო პროდუქტი ასევე იქნება ნუსხაში შეყვანილი“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საურისას.
მისი თქმით, ჯერ კიდევ ბევრ ფიზიკურ პირსა და მცირე ბიზნესს აქვს სესხები დოლარში და შემოსავალი ლარში. შესაბამისად, მათ ლარის კურსის მერყეობა მძიმე ტვირთად აწვებათ.
მინისტრის განცხადებით, მთავრობის აღნიშნული ინიციატივა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ლარში გასაცემი სესხების ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდა და ეროვნულ ვალუტაში კრედიტის ამღებთა სიაში იურიდიული პირების შეყვანა დედოლარიზაციას ისახავს მიზნად.
2018 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაცია 2016 წლის ბოლოსთან შედარებით გაზრდილი იყო 9,7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სესხების ლარიზაცია 10,9 პროცენტული პუნქტით. განსაკუთრებით გაიზარდა ფიზიკური პირების სესხების ლარიზაცია 14,9 პროცენტული პუნქტით.