საბარგულში ჩამაგდეს და წამიყვანეს - უკრაინიდან ქართველი ჟურნალისტის დეპორტაცია

გამოწერა
უკრაინიდან დეპორტირებულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ოპერატორმა თამაზ შავშიშვილმა "Sputnik საქართველოს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. უკრაინიდან დეპორტირებულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ოპერატორმა თამაზ შავშიშვილმა ქვეყნის ხელისუფლება გატაცებაში დაადანაშაულა.

საქართველოს რვა მოქალაქის, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის (Rustavi2) ოპერატორის თამაზ შავშიშვილის უკრაინიდან დეპორტაციამ საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გამოძევების ფაქტი 17 ნოემბერს გაასაჯაროვა. გადაწყვეტილება მიგრაციული სამსახურისა და უკრაინის ეროვნული პოლიციიდან მიღებული მასალების საფუძველზე მიიღეს, რომლის თანახმად, ამ ადამიანების საქმიანობა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ყველა ეს გვარი კიევს თბილისიდან გადმოსცეს. ეს გვარები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (საქართველოდან — რედ.) გადასცა", — განაცხადა „რუსთავი 2"-თან საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დღეისათვის უკრაინის ხელისუფლების ერთ–ერთი ღია მოწინააღმდეგეა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: უკრაინიდან ქართველ ჟურნალისტს დეპორტაციისთვის ამზადებენ

სააკაშვილმა მომხდარ ფაქტს მის წინააღმდეგ ბრძოლა უწოდა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, ამ მიმართულებით საქართველოს და უკრაინის ერთობლივი მოქმედებების შესახებ შეთანხმება საქართველოში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ვიზიტის დროს მოხდა, რომელიც ზაფხულში გაიმართა.

მან ასევე განაცხადა დეპორტაციის წინ საქართველოს მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. „გამომდინარე იქიდან, რომ ბინაში, საიდანაც ისინი აიყვანეს ბევრი სისხლია, ისინი ნაცემები არიან და დანაშაულის დამალვის მიზნით, მათ არ აგზავნიან და არც აჩვენებენ", — განაცხადა სააკაშვილმა 18 ნოემბერს News One-ის ეთერში.

სააკაშვილის სიტყვებით, ამ ადამიანებს შორის, ორი უკრაინაში მებრძოლი — მამუკა აბაშიძე და ვანო ნადირაძეა.

საქართველოს დიპმისიის რეაქცია

უკრაინაში საქართველოს საელჩომ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადება გასულ კვირას, 19 ნოემბერს გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ დიპმისია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა პროფილურ უწყებებთან კავშირზე 17 ნოემბრიდან იყო, იმ მომენტიდან, როგორც კი საქართველოს რვა მოქალაქის სამშობლოში იძულების წესით დაბრუნების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: დრაკონივით ცეცხლს ვაფრქვევ და ღამღამობით ცოცხზე დავფრინავ

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხსენებული მოქალაქეები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იძულების წესით იქნენ დაბრუნებული საქართველოში საქმიანობისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს. უკრაინული მხარე აღნიშნულით ხსნის დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებ დეტალიზაციას", — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დიპმისიის მოლოდინების თანახმად, „საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესში მაქსიმალურად იქნება დაცული ყველა სამართლებრივი ნორმა და საქართველოს მოქალაქეების უფლებები".

პირველწყარო

დეპორტაციის შემდეგ მომხდართან დაკავშირებით „Sputnik საქართველოსთან" „რუსთავი 2"-ის ოპერატორმა თამაზ შავშიშვილმა დეტალურად ისაუბრა. საქართველოს მოქალაქეები ფოთის პორტში უკრაინული ბორანით გუშინ ჩამოიყვანეს. სასაზღვრო და საბაჟო პროცედურებმა რამდენიმე საათს გასტანა.

„დაახლოებით ორი-სამი დღის წინ, 11:00 საათზე ჩემს სახლში ავტომატებით შეიარაღებული 15-მდე სპეცრაზმელი შემომივარდა. სახეში ჩამარტყეს პისტოლეტი, უფრო ზუსტად ე.წ „კონდახი", ძირს დავეცი, რა დროსაც ხელების შეკვრა დამიწყეს. წიხლებით მცემდნენ, შემდეგ წამომაყენეს და თვალები ამიხვიეს. გამომიყვანეს სახლიდან და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს", — განაცხადა შავშიშვილმა.

მომხდარს მან გატაცება უწოდა.

„ვერ მივხვდი ვინ იყვნენ ან რა უნდოდათ. სახლიდან მომიპარეს, საბარგულში ჩამაგდეს და წამიყვანეს. მოგვიანებით სხვა მანქანაში გადამიყვანეს, ამის შემდეგ კიდევ ორჯერ გამოცვალეს მანქანა… ამიყვანეს ვერტმფრენში, დამაწვინეს ძირს და სადღაც ჩავფრინდით, მაგრამ სად, არ ვიცი. მივხვდი, რომ უცებ აღმოვჩნდი გემზე. როდესაც ე.წ „კაიუტაში" ჩამიყვანეს, მაშინ მომხსნეს თვალებიდან „სკოჩი", ვერავინ ვერ ამოვიცანი, რადგან ნიღბები ეკეთათ", — განაცხადა შავშიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ერთი კვირის წინ უკრაინის ინფორმაციის სამინისტრომ მას წერილით გადასცა იმის შესახებ, რომ ის უკრაინაში აკრედიტებული ჟურნალისტია და უფლება აქვს „რუსთავი 2"-ის სახელით იმუშაოს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
რატომ დააკავეს კიევის აეროპორტში სააკაშვილის 11 წლის შვილი

შავშიშვილი ასევე ამტკიცებს, რომ მას უკრაინაში ცხოვრების უფლება 24 ოქტომბრამდე ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მას ქვეყანაში შესვლა სამი წლის განმავლობაში აუკრძალეს.

სხვა დეპორტირებულ პირებთან დაკავშირებით, შავშიშვილმა განაცხადა, რომ ისინი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში დააკავეს და მათ მხოლოდ გემზე შეხვდა.

ვნებები სააკაშვილის ირგვლივ

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მოქალაქეობის გარეშე იმყოფება — მას არც უკრაინის, არც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქართულ პასპორტს ის მაშინ დაემშვიდობა, როდესაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

რაც შეეხება უკრაინის პასპორტს, მას უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით დაემშვიდობა, რომელმაც თავის დროზე სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. მათი გზები მას შემდეგ გაიყო, რაც 2016 წელს სააკაშვილმა პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა და სკანდალით დატოვა თანამდებობა. უკრაინაში მან ოპოზიციური პარტია „ახალი ძალები" (Рух новых сил) დააარსა და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით აქციებს სისტემატურად მართავს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი პოროშენკოს „სახალხო იმპიჩმენტის“ პროცედურის დაწყებას აპირებს

„ბოლო თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც საქართველოში ყველა ჩემი დაცვის წევრის და ჟურნალისტის დეპორტაცია განხორციელდა, რომელიც უკრაინაში ჩემს საქმიანობას აშუქებდა, მე მხოლოდ ჩემს მძღოლთან, ვლადიმირთან ერთად დავრჩი. ის ასევე მეხმარებოდა მეურნეობაში. დღეს ღამით მას სახლთან ორი უცნობი პირი დახვდა და სასტიკად სცემეს. ვლადიმირი იხსენებს, რომ იცნო სახლთან გაჩერებული ორი მანქანა, რომელიც მას მუდმივად თან დაყვებიან და მათ უშიშროების მანქანებად თვლიდა, სპორტული აღნაგობის ორი თავდამსხმელი კი სადარბაზოსთან ელოდებოდა", — განაცხადა სააკაშვილმა აქციაზე.

ექს-პრეზიდენტის მძღოლი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, სადაც მას დიაგნოზი დაუსვეს — „ტვინის ძლიერი შერყევა".

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. მის მიმართ სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული და შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.

 

 

ჯემალ ღამბაშიძე

ყველა ახალი ამბავი
0