თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უცნობი პირების მიერ ქართველი ჟურნალისტის თამაზ შავშიშვილის გატაცების შესახებ განაცხადა, რომელიც უკვე წლებია კიევში ცხოვრობს.
შავშიშვილს უკრაინაში ბინადრობის უფლება ჰქონდა. იგი სააკაშვილის მოღვაწეობას აშუქებდა, რომელიც დღეისათვის უკრაინის ხელისუფლების ერთ–ერთი ღია მოწინააღმდეგეა. ოთხშაბათს სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ შავშიშვილს ბინადრობის უფლება გაუუქმა და მან უკრაინის ტერიტორია დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.
„სადღაც 40 წუთის წინ სამუშაო ფორმაში გამოწყობილმა უცნობმა პირებმა, რომლებიც მეზობელ ბინას არემონტებდნენ, სახლიდან გაიტაცეს უმსხვილესი ტელეკომპანია Rustavi2–ის ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი, რომელიც აქ ბევრი წელია მუშაობს. მას უკრაინის ინფორმაციის სამინისტროს აკრედიტაცია ჰქონდა“, – განაცხადა სააკაშვილმა ჟულიანის აეროპორტიდან ვიდეომიმართვაში.
შავშიშვილს ოდესის ოლქში მეუღლე დარჩა, რომელიც რვა თვის ორსულია, აღნიშნა მან.
ექს–პრეზიდენტის მტკიცებით, შავშიშვილთან ერთად მისი დაცვის ყოფილი წევრი ზურაბ ცინცაძე და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს, რომელთაგან ერთი ვანო ნადირაძეა. ყველა მათგანს საქართველოში დეპორტაციისთვის ამზადებენ.
„მოვუწოდებ უკრაინის და საქართველოს სადისპეტჩერო სამსახურებს ჟულიანის აეროპორტიდან შემდეგ რეისს გაფრენის ნება არ დართონ, რადგანაც იქ უკანონოდ გატაცებული პირები იმყოფებიან“, – წერს სააკაშვილი Facebook–გვერდზე.
მიუხედავად სააკაშვილის განცხადებისა, რომ თამაზ შავშიშვილი Rustavi2–ის ჟურნალისტია, ტელეკომპანიაში ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
საქართველოში სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შავშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპერატორად მუშაობდა.