თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა კიევის აეროპორტში საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის 11 წლის შვილის დაკავება იმით ახსნა, რომ მას აეროპორტში არავინ დახვდა.
სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უმაღლეს რადასთან 17 ოქტომბერს დაწყებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. მომიტინგეები მოითხოვენ გაუქმდეს დეპუტატების ხელშეუხებლობა, შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და ანტიკორუფციული სასამართლო შეიქმნას. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომიტინგეთა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს „სახალხო იმპიჩმენტის“ პროცედურის დაწყებას 3 დეკემბერს აპირებს.
„ნადვილად, 10 ნოემბერს დაახლოებით 18:30 საათზე ბორისპოლის აეროპორტში თბილისიდან ჩამოფრინდა არასრულწლოვანი მოქალაქე, უკრაინის არარეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის ვაჟი. სამწუხაროდ, აეროპორტში ბავშვს ახლო ნათესავებიდან ან სხვა რწმუნებული პირებიდან არავინ დახვდა. მას შემდეგ, რაც აეროპორტში აღნიშნული მოქალაქის მამა გამოცხადდა (დაახლოებით 20:00 საათზე), მესაზღვრეებმა არასრულწლოვანის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი გააფორმეს და დარწმუნდნენ, რომ შვილი მამას შეხვდა“, — დაწერა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მომხდარის შესახებ თავად სააკაშვილმა ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ნიკოლოზ სააკაშვილის პირადი მცველი უკრაინაში არ შეუშვეს და უკან საქართველოში დააბრუნეს, რის შედეგად არასრულწლოვანი ბავშვი მეთვალყურეობის გარეშე დარჩა.
„კანონით, ჩემს ოჯახს, როგორც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს, მუდმივი დაცვა ეკუთვნის. ჩემს შვილს ჩვეულებრივ ახლავს თანამდებობის პირი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ოფიცერი, რომელსაც სამივლინებო საბუთი და ბავშვზე მინდობილობა გააჩნია. მას ის დაჰყავს, როდესაც ჩემი მეუღლე დაკავებულია და ასე ბევრჯერ უმგზავრიათ. სამი საათის განმავლობაში ცალკე ოთახში ჰყავდათ, შემდეგ დაცვის წევრს განუმარტეს, რომ მან ვერ დაასაბუთა უკრაინაში ჩასვლის მიზეზი და, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი სახეზე იყო, გაადეპორტეს. მთელი ამ დროის განმავლობაში მათ დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ და როდესაც ის თვითმფრინავში აღმოჩნდა, მხოლოდ მაშინ შეძლო ჩემთან დაკავშირება“, — დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
შემდეგ ნიკოლოზი ავიაკომპანიის წარმომადგენელს გადასცეს, რომელმაც დამხვედრი ადამიანების ძებნა დაიწყო.
„ძირითადად დაცვის წევრს ის თავად მოჰყავს სახლში, მაგრამ როდესაც მან დამირეკა, სახლიდან აეროპორტში გამოვიქეცი, თუმცა თავიდან კიევში დაბრუნებას ხვალ დილით ვაპირებდი. რა იქნებოდა, სახლში რომ არ ვყოფილვიყავი? ამაზე ვერავინ მპასუხობს. ცუდია ის, რომ ჩემი ინფორმაციით, ყველა ეს დეპორტაცია — პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირადი განკარგულებაა, ყველაზე ცუდია ის, რომ ასე ბევრს ექცევიან“, — აღნიშნა სააკაშვილმა.
„როგორც იქნა, ჩემი შვილი ავიაკომპანიის წარმომადგენლის მეშვეობით გადმომცეს, თითქოს ეს მოზარდი კი არა, რაღაც ბანდეროლი იყოს“, — დასასრულს განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა, 10 სეტქმბერს მომხრეების მხარდაჭერით გამშვებ პუნქტ „შეგინზე" მესაზღვრეების კორდონი გაარღვია და უკრაინის ტერიტორიაზე პოლონეთიდან შეაღწია. საქმე ხუთი მუხლით არის აღძრული. ლვოვის ოლქის მოსკისკის რაიონულმა სასამართლომ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დამნაშავედ ცნო და 130 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.