თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აღაშფოთა უკრაინის მედიაში გავრცელებულმა პუბლიკაციებმა იმის შესახებ, რომ მან თითქოს კიევის მახლობლად, კოზინში „დაქირავებული სახლი გადაწვა“, იუწყება РИА Новости Украина.
პუბლიკაციები ნათქვამია, რომ 350 კვადრატული მეტრი ფართობის სააკაშვილის სახლში ხანძარი საუნაში გამართული წვეულების შემდეგ გაჩნდა. აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსი იქ უკრაინაში შემდგომი საპროტესტო აქციების ჩასატარებლად „ცნობილი უკრაინელი ოლიგარქისგან“ ნახევარი მილიონი დოლარის გამოსართმევად მივიდა.
„ოლიგარქიული მედია ზედმეტად აღგზნებულია. მე კიდევ დრაკონივით ცეცხლს ვაფრქვევ და ღამღამობით ცოცხზე დავფრინავ კოზინისა და კონჩე-ზასპას თავზე… ჩემო „კარგო ქურდბაცაცებო“, იმდენი ენერგია მაქვს, რომ არ ვიცი, სად წავიღო ის“, — დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ბოლო თვეების განმავლობაში სააკაშვილი კიევში საპროტესტო მოძრაობის ორგანიზებით არის დაკავებული. გუშინ კიევის ცენტრში სააკაშვილის მომხრეთა მარში და „ვეჩე“ შედგა. მომხრეებმა იმპიჩმენტისა და ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონების მიღება მოითხოვეს. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ 3 დეკემბრიდან უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს და „ზოგადად ხელისუფლების“ „სახალხო იმპიჩმენტის“ პროცესის დაწყებას გეგმავს, თუ მანამდე რადა იმპიჩმენტის პროცედურისა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ კანონებს არ მიიღებს.