ჩვენ გვახსოვს თვალცრემლიანი „კალა". მისი თავდაუზოგავი, თავგანწირული შრომის გამო ჩასაფრებული ყაჩაღები და ძმის ტრაგიკული ისტორია. ახლა, ამდენი წლის შემდეგაც ძნელია დაიჯერო, რომ კალაძის ძმა რიგითმა ყაჩაღებმა გაიტაცეს. უფრო მეტი, რაც იტკინა და გადაიტანა, არ გვახსოვს და არ ვიცით, მაგრამ ამ ერთი ჩვეულებრივი სამტრედიელი ბიჭის გზა არასოდეს ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი. მან შეძლო და საკუთარ ტკივილებსა და პრობლემებზე მაღლა დადგა — უდიდესი შრომის ფასად. დღეს ის გამარჯვებული თბილისის მერია, ოღონდ — საკმაოდ საკამათო პროცენტითა და მხარდაჭერით…
უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა, რომ კახი კალაძეს გამარჯვება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთიდანაც მიულოცეს. სილვიო ბერლუსკონი მაინც და მაინც კონრად ადენაუერისა და ჰენრი კისინჯერის, ლეხ ვალენსასა და ვაცლავ ჰაველის სიმაღლეებს ვერ ეთამაშება, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევი ფიგურაა. ანუ უკვე ითქვა და ხაზი გაესვა, რომ კახი კალაძე დამოუკიდებელი, საერთაშორისო აღიარების მქონე პოლიტიკოსია. პატრიარქმაც კი მიულოცა მას გამარჯვება და თქვა, რომ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, კალაძემ დიდი სიბრძნე და გონიერება გამოიჩინა.
და, აი, დადგა რეალური დრო, როცა მისი მოწინააღმდეგე არა რომელიმე პოლიტიკური ფიგურა, არამედ პრობლემებია. პრობლემები, რომლებიც თბილისს მრავლად აქვს და უახლოეს მომავალში მათი გადაჭრაც რთულ და მძიმე სამუშაო პროცესს ითხოვს. როგორც ჩანს, კალაძე ამისთვის ემზადება. ანუ მას გაცნობიერებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც თბილისის მერის პოსტზე არჩევამ დააკისრა. ამ დღეებში მისი პირველი შეხვედრა საკრებულოს ახლადარჩეულ წევრებთან რამდენიმე მომენტით იყო საინტერესო. ბუნებრივია, ყველაზე დიდი ინტერესის საგანია – ვინ რომელ პოსტზე იქნება წარმოდგენილი. ელდარ შენგელაიას „სავარძელი“ ხომ სულ ახლახან გამოვიდა ეკრანებზე და თანაც — სუფთა ქართულ რეალობას ასახავს.
პირველივე საჯარო გამოსვლის დროს კახი კალაძემ სამთავრობო გუნდს და თბილისის წინა თვითმმართველობას საზოგადოებასთან კომუნიკაცია დაუწუნა. პრინციპში, მართალიცაა. პიარის გამო ქალაქის თავი დავით ნარმანია ხომ უსამართლოდ დაიჩაგრა.
„კალა“ თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანია. უბანი, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ტურისტებს და სადაც ბევრი საინტერესო შენობა რესტავრაციასა და განახლებას საჭიროებს. კალაძე მისი მერიც გახდა. როგორც ამბობენ, სამშენებლო ბიზნესის მიმართ გულგრილი არაა. თუმცა ძირითადი შემოსავლები მას მაინც უკრაინაში არსებული საწარმოებიდან აქვს. 300 000 ლარი დახარჯა მხოლოდ შარშან ქველმოქმედაბაში, მაგრამ თბილისელ გაჭირვეულებს რომ ეს ფული დაურიგო, თითო ლარიც არ შეხვდებათ.
ძველ თბილისს რესტავრაცია და თავიდან აშენებაც რომ ნამდვილად სჭირდება, ეს საქართველოში არჩევნების პარალელურად ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა. ძალიან ბევრი დანგრეული და მოყანყალებული, ავარიული შენობაა ამ ლამაზ ძველ თბილისში. კალაძემაც ძალიან სწრაფად დაიწყო მოქმედება. ის უკვე ხვდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
მისი პროგრამა 7 პრიორიტეტისაგან შედგება. რა პრობლემებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება თბილისის მომავალმა მერმა, ამაზე არჩევნების პარალელურად კვლევა ფონდმა „ღია საზოგადოება–საქართველომ" ჩაატარა. მათ მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3000 მოქალაქე გამოიკითხა, რომელთაგან 56% აცხადებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისი არასწორად ვითარდებოდა.
თბილისს არა აქვს გენგეგმა, რომელიც მის მომავალს გვრძელვადიან პერსპექტივაში განსაზღვრავდა. შესაბამისად, მისი განაშენიანება ქაოტურად, ფინანსებისა და ხელისუფლებასთან სიახლოვის ნიშნით მიმდინარეობს, ნადგურდება მწვანე ნარგავები.
ქალაქში ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილია და მათი ტექნიკური გაუმართაობის და საწვავის საეჭვო ხარიხის გამო ჰაერი დაბინძურებულია და ამ პრობლემას სასწრაფო მოგვარება სჭირდება.
თბილისის გადაუჭრელ პრობლემად იქცა საცობები არა მხოლოდ დილისა და საღამოს საათებში. მძღოლებს საცობებში დგომა საათობით უხდებათ. ცუდადაა განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მართალია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველგან მიხვალთ, მაგრამ შესაძლოა იმ დროს, როცა უკვე აღარ გელიან და, გარდა ამისა, არც თუ კომფორტულად. სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას თუ ფეხზე მდგომი რომელიმე მგზავრის კალთაში არ აღმოჩნდით, მსუბუქი შეჯახების შედეგად პატარა ტრავმას მაინც მიიღებთ.
თბილისის მთავარი პრობლემა მაინც სიღატაკეა. ამბობენ, წინასაარჩევნო შეხვედრების შემდეგ კალაძე ძალიან სტრესულ მდგომარეობაში იყო — საიდანაა ამდენი ღატაკი ადამიანი ამ ქალაქშიო. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, თბილისში 1 118 300 მოქალაქე ცხოვრობს. მათგან პენსიონერია 206 850 პირი, სოციალურ პაკეტს 44 028 ადამიანი იღებს, საარსებო შემწეობას კი 98 696 პირი. ანუ მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი პენსიონერია და 10 პროცენტი სოციალურ დახმარებას იღებს. რამდენს უნდა ეს დახმარება და მოუხსნეს, ეს სხვა საკითხია. ამოცანა გვეკითხება — როგორ უნდა გახდეს ამ ფონზე თბილისი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“? ამიტომ დედაქალაქის ახალ მერს სერიოზულ პრობლემებთან მოუწევს შეჭიდება და, იმედია, დაამარცხებს კიდეც. კახი კალაძის პროგრამაში ნაკლებად იყო დაპირებები პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ის მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის გენერალური მდივანია, აშკარად მემარჯვენე ხედვები აქვს და ფიქრობს, რომ თუ მშენებლობა, ბაღების გაშენება და ა.შ. დაიწყება და თბილისი ტურისტულად დაიტვირთება, ეს თავისთავად გააჩენს სამუშაო ადგილებს. მართლაც, თბილისი ამ დღეებში მსოფლიოს საინტერესო ქალაქების ათეულში დაასახელეს, რომელსაც უნდა ესტუმრო.
თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ კვლევას.
კვლევა ორნაწილიანია. პირველი ნაწილი 66-გვერდიანია, ხოლო მეორე – უფრო ვრცელი და საფუძვლიანი 300 გვერდამდე ინფორმაციას მოიცავს და მასში ნათლადაა ასახული თბილისელთა პრობლემები. კვლევის პროცესი რამდენიმე თვის მანძილზე აქტიური წინასაარჩევნო კამპანიების პარალელურად მიმდინარეობდა. 3000 მოქალაქის გამოკითხვის საფუძველზე კვლევის შედეგები მოსახლეობის საჭიროებების რეალურ სურათს იძლევა. კვლევა ჩაატარა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" ფონდი „ღია საზოგადოება—საქართველოს" მხარდაჭერით.
რესპონდენტთა შერჩევა ცესკოს 2016 წლის ამომრჩეველთა სიიდან მოხდა, გამოკითხვა თბილისის 10 რაიონში ჩატარდა. თბილისში არსებული ვითარების ზოგადი შეფასებისას რესპონდენტების უმრავლესობა (56%) აცხადებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისი არასწორად ვითარდება. აქედან 22% ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურადაა განწყობილი.
სოციალური ცხოვრებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულების 21 სფეროა შეფასებული. აქედან ყველაზე პრობლემატურად დასახელდა: საყრდენი კედლები და ავარიული შენობები, სოციალური დაცვა, ახალი მშენებლობები, განათლების ინფრასტრუქტურა, გამწვანება, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
რესპონდენტებმა გამოკვეთილად დადებითად შეაფასეს თბილისის სოციალური ცხოვრებისა და ინფრასტრუქტურის შემდეგი სფეროები: გარე განათება, დაგვა-დასუფთავება და ტურისტული ინფრასტრუქტურა.
ისეთი სფეროები, როგორიცაა ტრანსპორტი, გზები, რეკრეაცია, ქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქცია, საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, საგანმანათლებლო პროგრამები, კულტურის ინფრასტრუქტურა, კულტურული ღონისძიებები, სპორტი და ახალგაზრდობა ნეიტრალურ შეფასებას იმსახურებენ.
კვლევის მიხედვით, თბილისელთა გამოკვეთილი უმრავლესობა (66%) საერთოდ არ არის ინფორმირებული 2017 წლის ბიუჯეტის და განსახორციელებელი პროგრამების შესახებ. კარგად ინფორმირებულია 1,9%, ხოლო მეტ-ნაკლებად ინფორმირებულად თავს მიიჩნევს 13,6%.
მოკლედ, თავად კვლევიდანაც ჩანს, რომ კალაძე არ შემცდარა, როცა ხალხთან კომუნიკაცია ერთ-ერთ პირველ პრობლემად დაასახელა. როცა მოსახლეობის 66%-მა არაფერი იცის 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ, ის ვერც ამ ბიუჯეტში საკუთარი საჭიროებების პოვნას და მათგან სარგებლის მიღებას შეძლებს. ასე კი იოლად ტყდება ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. „ქართულ ოცნებას“ კი ახლა თვითდამშვიდების უფლება ნამდვილად არ აქვს, რადგან მილიონზე მეტი მოქალაქიდან კალაძე მხოლოდ მეოთხედმა აირჩია. „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“ 21-ე საუკუნეში მართლაც შესაძლებელია. უბრალოდ, ამას კალაძის 4-წლიანი ღამისთევით მუშაობა დასჭირდება, რათა ყველა დაარწმუნოს, რომ ისეთივე წარმატებას მიაღწევს პოლიტიკაში, როგორც ფეხბურთში მიაღწია და რომ ის და თბილისი იმსახურებენ ერთმანეთს.