თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, საფეხბურთო გუნდ „მილანის" ყოფილმა მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ, ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ და იტალიურმა მასმედიამ კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
თბილისის მერის არჩევნებში "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე იმარჯვებს. თბილისის ყველა, 737 საარჩევნო უბნის ხმის დათვლის შემდეგ მან ხმათა 51,06% დააგროვა. არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი 1 ნოემბრამდე გახდება.
„სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება", — განაცხადეს პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" პრეს-სამსახურში.
ყოფილ კოლეგას ასევე მიულოცა არჩევნებში გამარჯვება „მილანის" ექს-კაპიტანმა.
„ვულოცავ თბილისის ახალ მერს, ბედნიერი ვარ შენ გამო!" — დაწერა პაოლო მალდინიმ თავის ფეისბუქ-გვერდზე.
იტალიურმა გაზეთმა La Repubblica კალაძის არჩევნებში გამარჯვების შესახებ გამოაქვეყნა მასალა სათაურით „თამაში, რომელშიც კახა კალაძეს დამატებითი დრო არ დასჭირდა", იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გამოცემა გულისხმობს, რომ კალაძეს თბილისის მერობისთვის მეორე ტური არ დასჭირდა.
საქართველოს მოქალაქეებმა 21 ოქტომბერს აირჩიეს ქალაქებისა და რაიონების 64 მერი და 64 საკრებულოს დეპუტატები.