როცა სახელისუფლებო პარტია გაღარიბებულ ქვეყანაში 8 მილიონ ლარს მხოლოდ ოფიციალურად ხარჯავს, ბუნებრივია, ან საზოგადოება უნდა იყოს ძალიან აღშფოთებული, ან რაიმე საოცრება უნდა ხდებოდეს, რომ სხვა შედეგი დაიდოს.
კახი კალაძე თბილისის მერი ამომრჩეველთა 50 პროცენტზე უფრო მეტით გახდა, თუმცა მას კარგად ესმის, რომ რეალურად თბილისელების 25 პროცენტმა მისცა ხმა. დანარჩენები, უბრალოდ, არჩევნებზე არ მივიდნენ. მისი მთავარი მოწინააღმდეგე კი არა ალეკო ელისაშვილი, ან ზაალ უდუმაშვილია, არამედ სიღარიბე, საცობები, კრიმინალი, უჟანგბადობა და კიდევ ის მილიონი პრობლემა, რაც ამ მრავალტანჯულ ქალაქს დაუგროვდა. რამდენად შეძლებს კახი კალაძე საზოგადოების იმედების გამართლებას, ეს დაახლოებით ერთ წელიწადში გამოიკვეთება, რადგან მან სწრაფად უნდა დაიწყოს პროექტების განხორციელება ამ პრობლემების გადასაჭრელად.
დამაინტრიგებელი აღმოჩნდა თამაზ მეჭიაურისა და ლელა ქიტესაშვილის შერკინება თიანეთში. ჯერჯერობით ქიტესაშვილი ბიძინა ივანიშვილის კურსელს 5 ხმით უგებს, რომელიც ბათილად იყო ცნობილი და ცესკოში „გააცოცხლეს“, მაგრამ სავარაუდოა, რომ მეჭიაური ბოლომდე იბრძოლებს და საბოლოოდ სასამართლო გაარკვევს გამარჯვებულის ვინაობას.
6 საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება. იყო მოლოდინი, რომ მეორე ტური გაცილებით მეტ ოლქში გაიმართებოდა, თუმცა სხვა არჩევანი გააკეთა ხალხმა. უფრო სწორად, ხალხი არ იყო ძალიან აქტიური ამ არჩევნებზე. ხელისუფლება არც მოსწონთ და არც ძალიან აღიზიანებთ და ამიტომაც ბევრი არჩევნებზე არც წავიდა. ბედნიერი და კმაყოფილია დავით ბაქრაძე. მათ საკრებულოებში მიშას გარეშე ხალხის გაყვანა შეძლეს. ნინო ბურჯანაძე საერთოდ ამტკიცებს, ივანიშვილი და ბოკერია გარიგდნენ და საჩხერეში ხმები „ოცნებასა“ და „ევროპელ დემოკრატებს“ შორის გაყვესო. ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა, ბურჯანაძეს უფრო ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს. მისი მეუღლე შესანიშნავად იცნობს ამ მხარეს. ის კი ფაქტია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ოთხი ძირითადი მოთამაშე გამოკვეთა: „ქართული ოცნება“ სრული მონოპოლიით ქართულ პოლიტიკურ პროცესზე (თუ გაისად ამ დროს ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოსაწონი პრეზიდენტიც იპოვა, შეიძლება ითქვას, რომ „ოცნება“ საქართველოს ჩაიბარებს სრულად); მეორე ადგილზე ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“; მესამეზე მთელი ქვეყნის მასშტაბით „ევროპელი დემოკრატები“ გამოდიან, ხოლო მეოთხეზე — „პატრიოტები“. ნაციონალები ეჭვობენ, რომ „ევროპელ დემოკრატებსა“ და „პატრიოტებს“ ფარული გარიგება აქვთ არაფორმალურ მმართველთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთნი რუსეთის, მეორენი კი დასავლეთის ფრონტზე იბრძვიან.
„ოცნებისათვის“ უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა მეორე ტური ქვეყნის საპარლამენტო ქალაქში. თუმცა მოულოდნელი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. ქუთაისელებს შესანიშნავად ესმით, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა და რემონტის მოტივით ქუთაისმა საპარლამენტო სტატუსი დაკარგა და ამიერიდან პარლამენტის შენობის წინ აქციებსაც ვეღარ გამართავენ. ის პატარა სარგებელიც კი, რომელიც ქალაქს ბინების გაქირავებით თუ პარლამენტართა მომსახურებით ჰქონდა, წარსულს ჩაბარდა. დაპირებული 60 ათასი სტუდენტი კი ჯერ არსად ჩანს. ბუნებრივია, გიორგი ჭიღვარია მაინც მოიგებს მეორე ტურში არჩევნებს, მაგრამ მუდამ იგრძნობს მძაფრ კრიტიკას და მონიტორინგს ოპოზიციის მხრიდან.
მეორედ უწევს მეორე ტურის გავლა მარტვილში ალექსანდრე გრიგალავას. ამ ავტორიტეტულ გამგებელს თბილისიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების ვოლსკის, ტრიპოლსკის მხრიდან, მაგრამ თუ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ფრიდონ ინჯიას ძმა უწევდა კონკურენციას, ახლა ნაციონალი მამუკა დანელია უყოფს ხმებს. „ქართული ოცნების“ გამარჯვება აქაც გარდაუვალია.
მეორე ტურია მოსალოდნელი ხაშურში, ოზურგეთსა და ყაზბეგშიც. ძალიან საინტერესოა გურიის მაგალითი, სადაც პორტირებულ ბეგლარ სიორიძეს ფეხდაფეხ მიჰყვება კოტე შარაშენიძე — ივანიშვილის ყოფილი ფავორიტი. მათ შორის ამ დროისათვის სულ 4-პროცენტიანი სხვაობაა. ხაშურში რომ ხელისუფლებას დიდად არ სწყალობენ, ეს საპარლამენტო არჩევნებზეც გამოჩნდა. თუმცა ამჯერად სახელისუფლებო კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი იმდენად უსწრებს (40 პროცენტი) დამოუკიდებელ კანდიდატ რამაზ ნოზაძეს (17 პროცენტი), რომ უპირატესობა აშკარაა.
ყაზბეგში ოცნების კანდიდატმა ალექსანდრე ზაგაშვილმა ხმების 44 პროცენტი მიიღო, ხოლო გაერთიანება „დიმიტრი ლორთქიფანიძე-კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა — 27 პროცენტამდე. აქაც ოცნების კანდიდატის უპირატესობა გამოკვეთილია, თუმცა თუ ოპოზიცია გაერთიანებას შესძლებს, ოზურგეთის მსგავსად, გამარჯვების ალბათობა არსებობს.
აი, ბორჯომში განვითარებული მოვლენების გამო კი შესაძლოა გედევან ფოფხაძე და მისი მფარველი ეკა ბესელია დაისაჯონ. საქმე ისაა, რომ ქართული ოცნების კანდიდატი ლევან ლიპარტია ხმების ძალიან მცირე ოდენობით უსწრებს „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ზაზა ჩაჩანიძეს. ორივეს ამ დროისათვის დაახლოებით 40-40 პროცენტი აქვთ და აქ ოპოზიციას გამარჯვების რეალური შანსი უჩნდება.
ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, მეორე ტურების დანიშვნის საბოლოო ვადა 15 ნოემბერია. ამის შემდეგ კი ყველა მუნიციპალიტეტი რუტინულ ცხოვრებას გააგრძელებს, ინფრაქტრუქტურული და სოციალური პრობლემებით, სოციალური დახმარების თხოვნითა და გაჭირვებით. თუმცა წელს აშკარა პროგრესი შეინიშნებოდა პოლიტიკოსთა მხრიდან განცხადებების მეტი პასუხისმგებლობით კეთების მხრივ. იმედია, თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა უფრო სწრაფად მოვა ქართველ ამომრჩევლამდე, ვიდრე მომავალი არჩევნები.