თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა, განაცხადა ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა სტიუარტ დიქსონმა კვირას გამართულ ბრიფინგზე.
ევროპის საბჭოს დელეგაცია არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 უბანზე აკვირდებოდა. სულ ფუნქციონირებდა 3 644 უბანი.
„არჩევნების დღემ მშვიდობიან გარემოში ჩაიარა… კომისიის წევრები საკმაოდ ზედმიწევნით ასრულებდნენ საარჩევნო პროცედურებს", — განაცხადა დიქსონმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მათმა დამკვირვებლებმა მიიღეს შეტყობინებები ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების შესახებ.
„მსგავსი ბრალდებების დამტკიცება მარტივი არ არის. ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც არამარტო საქართველოში ფიქსირდება, ამისათვის მონაწილე-ქვეყნებში ევროპის საბჭოს არსებული ადგილობრივი წარმომადგენლობებისათვის ჩვენ ვამზადებთ სახელმძღვანელოს. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობას მოუთმენლად ველოდებით", — განაცხადა დიქსონმა.
შაბათს საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერს და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდნენ. არჩევნებში 22 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ" ქვეყნის პრაქტიკულად ყველა რეგიონში გაიმარჯვა.