ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და გადავწყვიტე წინასაარჩევნო ბატალიების ჩემეული შეფასება შემოგთავაზოთ.
ჩვენ ჯერჯერობით თვალს ვადევნებთ მხოლოდ თბილისის მერის კანდიდატების აქტივობებს და ვისმენთ მათ ხედვებს თბილისის პრობლემებზე. თუმცა ის, რომ პარტიები საერთოდ არ საუბრობენ კასტრირებული თვითმმართველობის უფლებების გაზრდაზე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ზედაპირულობას და სტრატეგიული აზროვნების დეფიციტს. რაც შეეხება ცალკეული კანდიდატების საარჩევნო კამპანიას: უკლებლივ ყველას აკლია ექსპრესია, დინამიკა და ინოვაციურობა.
წინასაარჩევნო პროცესი ჩვენ ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ — საარჩევნო ციებ-ცხელება თბილისში და სრული შტილი რეგიონებში. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ორ პარალელურ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც თბილისის აქტიურობა სარკისებურად აღიბეჭდება რეგიონების პასიურობაში. „ქართულ ოცნებას“ ძლიერი მოწინააღმდეგე არ ჰყავს, თუმცა ეს ვითარება მხოლოდ თვითმართველობის ამ არჩევნებისთვის არის შესაბამისი. ბევრი ოპოზიციური პარტიისთვის ეს არჩევნები პარტიის მშენებლობისა და საარჩევნო ციკლის მზადების სატესტო რეჟიმია. ბევრი მათგანი არც მალავს ამას და 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება. მმართველი გუნდი არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს. კონკურენცია პარტიებს შორის, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს თითქოს მომგებიანი უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის,“ მაგრამ ვითარება გაცილებით რთულია… პოლიტიკურ ველზე კონკურენციის არარსებობა კონკურენციის სხვა ფორმების გაჩენას იწვევს. ამ საკითხზე ამჯერად ყურადღებას არ გავამახვილებ…
ცალკეულ პარტიათა წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისთვის უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება. თბილისი ცალკე მდგომი ის სუბიექტია, რომლისთვისაც ბრძოლა ყველა პარტიას გენერალურ მიზნად აქვს დასახული. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის უდიდესი ნაწილი სწორედ დედაქალაქზე მოდის. კახი კალაძის წინაარჩევნო კამპანია გათვლილია სამიზნე აუდიტორიებზე და მოიცავს ყველა ასაკობრივ და გეოგრაფიულ ჯგუფს. შეცვლილია დაპირებების სტრუქტურაც. ახლა ზოგადი წინასაარჩევნო დაპირებების ნაცვლად მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატის დაპირებები „საუბნო“ ჭრილში განიხილება, რაც კამპანიის ნოუ-ჰაუდ შეიძლება ჩაითვალოს.
ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერ ფასად მიიზიდოს ამომრჩეველი და არად დაგიდევს იმას, არჩეული თემა რამდენად შეესაბამება თვითმმართველობის კომპეტენციას. პოლიტიკური პარტიების საარჩევნო დაპირებების შინაარსობრივი აღრევაც ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია, რომელსაც საარჩევნო სუბიექტები მოხერხებულად იყენებენ გაუთვითცნობიერებელი ამომრჩევლების გულის მოსაგებად…
აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს „ნაციონალური მოძრაობა“… ფაქტია, რომ მათი ტაქტიკა ხელისუფლების აგრესიული კრიტიკით, სკანდალური განცხადებებით, სხვადასხვა სახით ბრალდებებით და ხელისუფლების თანმიმდევრულად დისკრედიტაციით გამოირჩევა. ახალი სასტარტო პირობების ჩამოყალიბებისთვის თვითმართველობის არჩევნები, ერთი მხრივ, გამოცდაცაა და, მეორე მხრივ, 2020 წლისთვის განაცხადის გაკეთების იდეალური საშუალებაა. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისსა და რეგიონებში „საპატიო“ მეორე ადგილისვ შენარჩუნება. მიხეილ სააკაშვილისა და „განახლებული“ პარტიის სხვა ლიდერების ერთ-ერთი ამოცანაა, დააზარალოს და დააზიანოს არა მარტო მმართველი გუნდის, არამედ სხვა პარტიების რეპუტაციაც, რათა გზიდან ჩამოიცილოს ყველა შესაძლო კონკურენტი…
მიუხედავად იმისა, რომ პარტიული სტრუქტურების მართვით და დისციპლინით „ევროპელი დემოკრატები“ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე გამორჩეულნი არიან მათი წინასაარჩევნო კამპანია იმიჯმეიქინგის თვალსაზრისით საკმაოდ მოიკოჭლებს. თუმცა, რამდენიმე თვის წინ შექმნილი და ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პარტიისგან სხვაგვარი აქტივობა არც იყო მოსალოდნელი…
„პატრიოტთა ალიანსი" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას მოითხოვს… ასეთი სტრატეგიები ვერ ქმნის ისეთ ღირებულებებს, რომელიც ბრძოლის შედეგზე გადამწყვეტ გავლენას იქონიებდა. საარჩევნო სუბიექტებს შორის უკეთესი ადგილის დასაკავებლად „პატრიოტთა ალიანსს“ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაზე მეტი არჩევანი არ რჩება.
შალვა ნათელაშვილის გზავნილზე — გუგავა მოვა! საზოგადოებამ ერთხანს კი იხალისა, მაგრამ ძალზე ძნელად სავარაუდოა, ელექტორატის დაბალი აქტიურობის პირობებში ამ სლოგანმა სერიოზულად იმუშაოს. „გუგავა მოვას“ კამპანია იმ სტერეოტიპების გათამაშების მცდელობაა, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ღრმად არის ჩაბეჭდილი. ეს კონცეფცია ეხმიანება მუდმივად პატრონის ძიებაში მყოფი ადამიანების სურვილებს, იმ ამომრჩევლის ხედვას, რომლისთვისაც ხელისუფლებაში მყოფი პირები დაქირავებული მუშაკები კი არ არიან, არამედ არიან ზეადამიანები, რომლებიც ყველაფერს მოაგვარებენ მათ მაგივრად. ამ ამომრჩევლის კატეგორიაში გადაწყვეტილების მიღებისას ემოციური ფაქტორი რაციონალურ არჩევანს ჩრდილავს.
პირველად ამ არჩევნებში გამოჩნდა თავისუფალი მოთამაშე, ე.წ „მოხეტიალე ფორვარდი“ ალეკო ელისაშვილის სახით. ეს ფაქტი მოახლოებულ ბატალიებს დამატებით ინტერესსა და ინტრიგას ჰმატებს… ალეკო ელისაშვილის შემდგომი მოქმედებები განსაზღვრავს, რამდენად შეძლებს ის გახდეს თბილისელებისთვის მისაღები, მოსაწონი და ერთადერთი არჩევანი და რამდენად შეძლებს უშეცდომოდ გაიაროს წინასაარჩევნო ეტაპი.
არ ვიცი ვისთვის როგორ და ჩემთვის ძალზედ საინტერესოა გიორგი ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია. საგანგებოდ გამოვყოფდი მის მიერ გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მეთოდების ინოვაციურობას, შინაარსის, გზავნილის ორიგინალურობას, კრეატიულ მიდგომებს. ნათელია, რომ ზედნაშენის თვალსაზრისით ამ პარტიასა და ბლოკს პოტენციალი აქვს. თუმცა, ასევე თვალსაჩინოა, რომ სერიოზული სამუშაო აქვთ პარტიული მშენებლობის კუთხით.
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ კი თავი დაგვამახსოვრა სატელევიზიო სივრცეში განთავსებული უფასო პოლიტიკური რეკლამის შინაარსით, რომელიც აშკარად ამოვარდნილია მომავალი არჩევნების კონტექსტიდან. ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია სავარაუდოდ უფრო „დიადი“ და „ნათელი“ მიზნის მიღწევას ემსახურება…
და ბოლოს, დამკვირვებელთა უმრავლესობის ვარაუდით არჩევნებზე რეკორდულად დაბალი აქტივობა იქნება, ამიტომაც ჯერ კიდევ მთავარ კითხვად რჩება — შეძლებენ თუ არა საარჩევნო სუბიექტები ელექტორატის გააქტიურებას?… პასუხი 21 ოქტომბერს!…