„არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი მე, ყველა პარტია მე მეკუთვნის"...

© Sputnik / Levan Avlabreliსაარჩევნო ბანერები თბილისში
საარჩევნო ბანერები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე საქართველოში 25 დღე რჩება. რაც უფრო ახლოვდება ეს თარიღი, უფრო და უფრო იძაბება პოლიტიკური სიტუაცია.

თუ აქამდე კანდიდატები მხოლოდ კალამბურებით კბენდნენ ერთმანეთს, ახლა უკვე ღია ბრალდებებზე გადავიდნენ. ჰალსტუხიან საარჩევნო კამპანიას უკვე შავი პიარი და ბრალდებები გაერია. თუმცა, მთავარია, ეს ამბავი კორცხელის ინციდენტის გამეორებამდე არ მივიდეს, როცა ხელისუფლების კუნთმაგარი მომხრეები ოპოზიციის წარმომადგენლებს დაერივნენ და გვარიანად სცემეს. სხვათა შორის, ეს დღისით–მზისით მომხდარი ფაქტი ჯერაც არაა გამოძიებული!..

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში რამდენიმე ნიშნით გამოირჩევა. მმართველმა ძალამ ძველი, ერთგული მებრძოლების ნაწილიც შეინარჩუნა, მაგრამ სიებში ჭარბად არიან სხვა პარტიებიდან „პორტირებული“ და „კოჰაბიტირებული“ ადამიანები. ასევე საინტერესოა ის ამბავი, რომ მმართველმა ძალამ გააცოცხლა შევარდნაძის დროინდელი პოლიციური და უშიშროების კადრები, რომელთაც არცთუ ისე სუფთა წარსული აქვთ. ასე რომ, ახალგაზრდა პოლიტიკოსები ხანდახან მმართველი ძალის გასაკილად ხუმრობით კახა თარგამაძესა და ვაჟა ლორთქიფანიძეს მოიკითხავენ ხოლმე. ანუ კულისებში ისინიც მოქმედებენ, მაგრამ არცთუ სახარბიელო რეპუტაციის გამო ასპარეზზე აშკარად არ გვიხილავს.

წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
კალაძის სელფები, ინაშვილის მუხტი, რესპუბლიკელთა არჩევანი და „გუგავა მოვა“...

პლაკატებისა და ბილბორდების მიხედვით აშკარად ჩანს, რომ ფული ძირითადად სამ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს — სახელისუფლებო პარტიას, რომელსაც, რატომღაც, ყველა ბიზნესმენი ეტრფის და საშუალოდ 60-70 ათას ლარს სწირავს, რამაც ჯამში 7 მილიონი უკვე შეადგინა, „ევროპელ დემოკრატებს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ „ნაცებს“ დავით კლდიაშვილის შემოდგომის აზნაურებივით ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან შემორჩენილი ფული მოჰყვებათ, „ევროპელ დემოკრატებს“ ისინი ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებენ – აცხადებენ, რომ ბიზნესმენებს ივანიშვილმა უფლება მისცა „ევროპელი დემოკრატები“ დაეფინანსებინა, მაგალითად, დავით კეზერაშვილს, რომლის „უკანონო გზით" ნაშოვნ მილიონებზე ნიკა მელია მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა, როცა კეზერაშვილმა „ნაცების“ მთავარი სპონსორობიდან „ევროპელი დემოკრატებისკენ“ გადაინაცვლა და ქართულმა სასამართლომაც ის უდანაშაულოდ და წესიერ ბიზნესმენად სცნო.

პრინციპში, გასაკვირი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ დავით ბაქრაძის ბიზნეს-პარტნიორი ელგუჯა გოცირიძე „ქართული ოცნების“ ეგიდით ზის პარლამენტში და მესამე ადგილზეა მიღებული შემოსავლების მიხედვით, ბუნებრივია, ასევე სახელისუფლებო ტენდერების წყალობით.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
რა დაგვიბარა ბუკიკიომ?

ბრალდებები არ ცხრება ყოფილ პარტნიორებს — „რესპუბლიკელებსა“ და „შენების მოძრაობას“ შორის. კერძოდ, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილთანაა გარიგებული. ამის დასტურად სამნიძე ყოფილი „ოცნებელების“ „შენების მოძრაობაში“ გადასვლას და მათი სიით კენჭისყრაში მონაწილეობას ასახელებს. ასევე ამბობენ, რომ მოძრაობა არც ფინანსურ გაჭირვებას უჩივის.

მესამე ფრონტი „ბურჯანაძე-დემოკრატებმა“ და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ გაუხსნა „ევროპელ დემოკრატებს“. ისიც აცხადებს, რომ ხელისუფლებას სურს ოპოზიციაში „ნაციონალები“ და „ევროპელი დემოკრატები“ ჰყავდეს, ამიტომ არ უნდა მისცენ მათ ხმა, რადგან „ხოშტარიასთვის მიცემული თითოეული ხმა კალაძის კალათში ხვდება". მოკლედ, ქართული საარჩევნო კამპანია ძალიან წააგავს ბრძოლის ველს, სადაც დარტყმები კიდევ უფრო გამძაფრდება და სადაც ყველას ბიძინა ივანიშვილთან გარიგებას აბრალებენ. მას კი თავისუფლად შეუძლია თქვას ქართული ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟის მსგავსად: „არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი მე, ყველა პარტია მე მეკუთვნის“.

ვნახოთ რა მოხდება ოქტომბრის ბოლოს. ძირითადი ინტრიგა მაინც თბილისის არჩევნებია, სადაც მეორე ტურს ელოდებიან.


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0