კალაძის სელფები, ინაშვილის მუხტი, რესპუბლიკელთა არჩევანი და „გუგავა მოვა“...

© Sputnik / Alexander Imedashviliწინასაარჩევნო აგიტაცია
წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიების წინასაარჩევნო სარეკლამო კამპანია – ვინ რას გვპირდება...

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმა ბორდოში ქართული ღვინის წარდგენაზე ენამოსწრებულად თქვა, საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერ-მინისტრობასო. როგორც ჩანს, ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობა სწორედ ასე ფიქრობს და, შესაბამისად, სადღეგრძელოების მსგავსი წინასაარჩევნო დაპირებები აქვთ — მათ საზოგადოებისთვის ყველაფერი კარგი სურთ, არ უნდათ, რომ იყვნენ ღარიბები და გაჭირვებულები, გვპირდებიან პენსიისა და ხელფასის მომატებას, სოციალური დახმარებების გაორმაგებას, დანგრეული შენობების აღდგენას და ა.შ.

„Sputnik-საქართველოს“ ანალიტიკოსმა თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებს გადახედა. თითქმის ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანია კეთილ სურვილებსა და იდეებზეა აგებული, მაგრამ ქართული საზოგადოება უკვე საკმაოდ გაიზარდა იმისათვის, რომ დასვას კითხვა — კი, მაგრამ როგორ?

თბილისის ისტორიული ცენტრის ხედი - Sputnik საქართველო
ლეიბორისტების წინასაარჩევნო დაპირებამ სოციალური ქსელი ააფეთქა

ყველაზე საინტერესო და, როგორც ირკვევა, დაუგეგმავი წინასაარჩევნო კამპანია ლეიბორისტების კანდიდატ გიორგი გუგავას აქვს. შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ისედაც გამოირჩევა ფრთიანი ფრაზებით, გუგავა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახედ აქცია. „საცობში დგახარ? – გუგავა მოვა“, „ექიმი გჭირდება? – გუგავა მოვა“. თუმცა პრაგმატულობისა და კრიტიკულობის მიუხედავად გუგავა მაინც ვერ გაექცა ქართულ ტრადიციებს და, თურმე, მას წინასაარჩევნოდ ისეთი უცნაური გამოძახებებიც აქვს, როგორიცაა სუფრაზე მიპატიჟება. სხვათა შორის, საქართველოში პატივცემული ადამიანის დასაფლავებასა თუ ლხინის სუფრაზე რომ ხალხი შეიკრიბება, იმდენი ამომრჩეველი რომ ჰყავდეს პარტიათა უმრავლესობას, ბედნიერი იქნებოდა. ასე რომ, სულაც არაა ამომრჩევლის სუფრა ხელსაკრავი. ისე, პირველად იყო სიტყვა და მას დიდი ძალა აქვს. ამ დღეებში კოსმოსში გატყორცნილი ამდენი „გუგავა მოვა“ ადრე თუ გვიან ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად დაბრუნდება. როგორ და რა ფორმით, იმედია, ამას ვნახავთ.

რეკლამების სიჭარბითა და კრეატიულობით გამოირჩევა დედაქალაქის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი კახი კალაძე. თუ მან უცხოელი „პიარშიკების“ რჩევით მარტოხელა სელფი ვიდეოებით დაიწყო „ფეისბუქზე“ დაპირებების გამოქვეყნება, ახლა უკვე ცდილობს ხალხმრავალ შეკრებებზე მოსახლეობასთან სიახლოვეს გაუსვას ხაზი. კალაძის პიარი კარგი და სწორად დაგეგმილია და დამაჯერებელ ელფერს ტოვებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელისუფლებო კანდიდატი ცდილობს, თავი აარიდოს პოპულისტურ დაპირებებს, რომელთა შესრულებაც მას, როგორც თავად ფიქრობს, უკვე დეკემბრიდან მოუწევს. ახლა კალაძე აღარც ელექტროენერგიის გაიაფებას გვპირდება და აღარც კონკრეტულ ვადაში საცობების პრობლემის მოგვარებას. ანუ მისი ქართველი და უცხოელი „პიარშიკები“, როგორც ჩანს, ურჩევენ, რომ კონკრეტულ ვადასა და დაპირებას თავი აარიდოს.

ხრუშჩვკები თბილისში - Sputnik საქართველო
კალაძის ინიციატივა: რამდენი დაუჯდება თბილისის მერიას „ხუშჩოვკების“ შეცვლა?

არადა, კალაძისავე შტაბის მიერ დაგეგმილ სარეკლამო კამპანიას მოსახლეობის მიერ პრობლემების იდენტიფიცირება მოსდევს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ საზოგადოებას ყველაზე მეტად დოვლათი და სამუშაო ადგილები აკლია. ამ მხრივ იმაზე ხაზგასმა, რომ მმართველ პარტიას ბიზნესმენებმა 7 მილიონი ლარი შესწირეს, ხოლო თავად კალაძეს ხელფასი მილანში 6 მილიონი ჰქონდა, კალაძის მიმართ პოზიტიურად ნამდვილად არ მუშაობს. ქართველები უკვე გაერკვნენ ან, იმედია, მალე გაერკვევიან, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია და ის, რაც ნიჭიერმა ქართველებმა უცხოეთში დიდი ტანჯვა-წამებისა და კონკურენციის შედეგად იშოვეს, სულაც არ ემეტებათ საფლანგავად. თუმცა კალაძის ქველმოქმედებაზე რომ არ ვთქვათ ორიოდე სიტყვა, ნამდვილად არაობიექტურები ვიქნებით. მას ბევრი სიკეთე აქვს დათესილი, თუნდაც დაავადებული ბავშვების დასახმარებლად და ამის ართქმა, უბრალოდ, არაობიექტურობა იქნება.

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ადგილობრივ არჩევნებს დიდი ინტრიგა არ ახლავს, რადგან ძირითადად ყველგან სახელისუფლებო კანდიდატები გაიმარჯვებენ, რადგან ამომრჩეველი ამ არჩევნებზე ვერ ხედავს რეალურ ალტერნატივას.

ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
ცესკომ თბილისის მერის პოსტზე ელისაშვილის კანდიდატურა დაარეგისტრირა

რეალური ალტერნატივები კი არსებობს. ექსპერტების დიდი ნაწილი ფიქრობს მეორე ტურზე და აქ ალეკო ელისაშვილის საპროტესტო მუხტს უსვამს ხაზს. მაგრამ ელისაშვილის სარეკლამო კამპანია არსად ჩანს და, ალბათ, მისი პრობლემაც სწორედ ესაა. ბოლო ეთერებში ელისაშვილი ცოტა დაღლილი და მარტოხელა ჩანდა, რაც მასზე დადებითად ნამდვილად არ იმუშავებს. თუ მასმედიის დიდ თეორიტიკოსს მარშალ მაკლუენს მოვიშველიებთ, ის თავადაა მესიჯი და გამარჯვებისა თუ მეორე ტურისთვის, პირველ რიგში, თავად უნდა დაიჯეროს, რომ გამარჯვება ამ პირობებშიც კი შესაძლებელია.

სხვათა შორის, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სწორედ ალეკო ელისაშვილს გაუყოფს ხმებს ირმა ინაშვილი. „ალეკო ელისაშვილს მირჩევნია კახი კალაძე, კახი კალაძეს — ირმა ინაშვილი“, — მოკლედ ჩამოაყალიბა თავად პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. სავარაუდოა, რომ ის არჩევნების შემდეგაც ამ პოსტიდან გააგრძელებს ბრძოლას, საპროტესტო მუხტი ინაშვილმა საგარეჯოსა და საპარლამენტო არჩევნებს შეალია.

ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
ინაშვილი თბილისის მერობის კანდიდატი გახდა

ყველაზე ნაფიქრი და ჩამოყალიბებული საარჩევნო პროგრამა და მომავლის ფერი „შენების მოძრაობას“ აქვს. თენგიზ შერგელაშვილი არაა ქართული სტილის პოლიტიკოსი. მისი თამადობის შესაძლებლობაზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ კაცი, რომელსაც სამ წელზე მეტი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა, ასე თუ ისე, დედაქალაქის მართვაში კომპეტენტური იქნება. „შენების მოძრაობის“ სლოგანიც ეფექტურია: „რაც კარგია, ვუვლით; რაც გვაკლია, ვქმნით; რაც ცუდია, ვცვლით“. მათ საარჩევნო პროგრამაში, რომელიც სულ 12 გვერდს მოიცავს, 7 პრიორიტეტული მიმართულებაა: ჯანსაღი გარემო, ქალაქგეგმარება და მშენებლობა, თბილისის მართვა, ტრანსპორტის მოწესრიგება, განათლება, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, ეკონომიკა, ბიზნესი და დასაქმება.

ორიგინალურია ბურჯანაძე–დემოკრატების და კახა კუკავას ბლოკის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია. კუკავა იპოთეკით დაზარალებულ მოსახლეობას დასახლებას და დახმარებას ჰპირდება. მას, როგორც კვალიფიციურ იურისტს, ნამდვილად არ გაუჭირდება უსახლკაროდ დარჩენილთა სამართლებრივი ადვოკატირება, მაგრამ საიდან მოიძიებს კუკავა უზარმაზარ თანხებს და შენობებს, ჯერჯერობით მას არ დაუკონკრეტებია და, იმედია, ამ კითხვას აუცილებლად დაუსვამენ. თუმცა უსახლკაროთა ხმები ნამდვილად არ იქნება საკმარისი თბილისის მერის არჩევნებში გასამარჯვებლად.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ადგილობრივი არჩევნებისთვის ბურჯანაძისა და კუკავას პარტიები გაერთიანდნენ

ელენე ხოშტარიას ქართველი ამომრჩევლისთვის მეტად რესპექტაბელური საარჩევნო კამპანია აქვს, მისი დაპირებები სასიამოვნოა, რეკლამა — მშვიდი და ეფექტური. ხოშტარია აკადემიურად საუბრობს, არავის ლანძღავს და, ერთი შეხედვით, არცთუ ისე მონდომებით იბრძვის თბილისის მერობისთვის. მისი დაპირებები — პენსიების ზრდა – ძალიან პოპულისტური და მიმზიდველია, მაგრამ ექსპერტებს არარეალურად ეჩვენებათ.

„პენსიების ზრდა ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება. ეს დამოკიდებულია მთელი ქვეყნის ბიუჯეტზე, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე და ა.შ. 2016 წელს ასეთ სოციალურ თემებზე ჰქონდა აგებული პიარი ირაკლი ალასანიას და კრახი განიცადა. როგორც ჩანს, ამომრჩეველი მიხვდა სიყალბეს“, — ამბობს ექსპერტი არჩილ გამზარდია.

მისივე თქმით, მართალია, ზაალ უდუმაშვილის პიარზე გამოცდილი სპეციალისტები მუშაობენ, მაგრამ გამზარდია თვლის, რომ მისი რეიტინგი თანდათან იკლებს, ხოლო ალეკო ელისაშვილისა — იმატებს. უდუმაშვილიც საერთო პრობლემებზე მსჯელობს, მაგრამ საარჩევნო პროგრამაში მხოლოდ ორი კონკრეტული რიცხვი აქვს დასახელებული — 50 მილიონი ავტოპარკის განახლებისთვის, ხოლო 50 ათასი – სკოლებს თბილისში ინფრასტრუქტურის გასავითარებლად.

ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო
ნაცმოძრაობამ ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

„გიორგი ვაშაძე — თბილისის მერად, თბილისი — ლიდერთა შორის“, — როგორც ჩანს, გიორგი ვაშაძის პარტიას არც ფინანსები აკლია და არც რეკლამის სპეციალისტების რჩევები. მისი წინასაარჩევნო რეკლამა ჰილარი კლინტონისა და წარმატებული პროექტების ფონზე საინტერესოდ და დასამახსოვრებლად გამოიყურება.

ქართველი ამომრჩევლისთვის ყველაზე შოკისმომგვრელი მაინც რესპუბლიკელების არჩევანია — მათ განსხავავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი ჩასვეს თბილისის საკრებულოს სიაში. რატომღაც სწორედ ამაზე და ეკლესიის კრიტიკაზე ხდება ხაზგასმა. საინტერესო იქნება, მოსახლეობის რამდენი პროცენტი გამოეხმაურება ამ იდეას.

და, ბოლოს: როგორც გაირკვა, გერმანია ყველაზე ნაკლებად სტრესული ქვეყანაა. შეფასება ინფრასტრუქტურის, ქალაქის დაბინძურების დონის, საკმარისი ფინანსებისა და ქალაქის მცხოვრებთა კეთილდღეობის მიხედვით ხდება. დასაქმების მაჩვენებელი, საცობები, ქალაქის გამწვანება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჯანმრთელობა — ასე ფასდება ქალაქების კეთილდღეობა. როგორც ჩანს, სწორედ გაურკვევლობის, უჟანგბადო ჰაერის, არასტაბილური მომავლის, საცობებისა და დაძაბული ცხოვრების რიტმის გამო გვაქვს დაწყვეტილი ნერვები დედაქალაქის მცხოვრებლებს. და ვინც არ უნდა იყოს თბილისის მერი, ამ პრობლემების გადაჭრას 3 წელიწადში ჯადოსნური ჯოხითაც კი ვერავინ შეძლებს, მაგრამ ხეები მაინც დავრგოთ და გზები დავხაზოთ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ასე თუ ისე შესაძლებელი და ასატანი გახდეს.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0