თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო" და "თავისუფალი საქართველო" თბილისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობებზე ერთიანი კანდიდატი წამოაყენეს.
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება.
"მინდა წარმოგიდგინოთ ორი ძალიან ღირსეული ადამიანი, რომლებიც გუნდით შემოვლენ ამ არჩევნებში და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და არა ოპოზიციის ხმებისთვის", — განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე.
ამგვარად, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა თბილისის მერობის, ხოლო პარტია "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე — საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გახდა.
პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" შემადგენლობაშია პარტიები "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო". ბურჯანაძემ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი კანდიდატის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.
"ჩვენ, აქ მყოფი ადამიანები ვართ ის პოლიტიკოსები რომლებმაც ჩვენი პირადი, პარტიული ინტერესები გადავდეთ გვერდით ერთიანობისათვის. ერთიანობას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმიტომ, რომ მხოლოდ ოპოზიციის ერთიან კანდიდატს შეუძლია დაამარცხოს ხელისუფლება, როგორც მინიმუმ, მიაღწიოს მეორე ტურს, მეორე ტურში კი რეალური გამარჯვების შანსი გაუჩნდება", — განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ისინი მზად არიან ნებისმიერ პარტიასთან თანამშრომლობისთვის, გარდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსი".
კახა კუკავა განათლებით იურისტია. მისი პოლიტიკური კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2000-იანი წლების დასაწყისში "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" წევრი გახდა. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.
2010 წელს ის გახდა თბილისის საკრებულოს წევრი და დააარსა პარტია "თავისუფალი საქართველო". ამჟამად კუკავა არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტიური ლიდერია.
თბილისის მერობის კანდიდატები ამჟამად, გარდა კუკავასი, არიან კახა კალაძე, ზაალ უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, თენგო შერგელაშვილი და ირმა ინაშვილი.