თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი შესწორებებისთვის მწვავედ გააკრიტიკა.
ინიცირებული კანონპროექტების პაკეტის თანახმად, ცესკოს წევრების დიდ ნაწილს (13-დან 7 წევრს) ის პარტია დანიშნავს, რომელსაც პარლამენტში ფრაქცია ეყოლება. ეს უფლება არ ექნებათ ოპოზიციონერებს, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას შეძლებენ და დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ.
მოქმედი საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს ხუთ წევრს პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტი ირჩევს, შვიდს კი პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას. რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეს, მას პრეზიდენტის წარდგენით ან პარლამენტი, ან პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები ირჩევენ.
„ფაქტია, რომ ხალხს არჩევანის უფლებას ართმევენ, რადგანაც ივანიშვილი და მასთან ერთად ყველა დეპუტატი, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტს აწერენ ხელს, ქმნიან ისეთ ვითარებას, რომელსაც ქვეყანა რევოლუციისკენ დიდი ნაბიჯებით მიჰყავს“, — განაცხადა ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე.
ინიცირებული შესწორებები მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები აღარ იყოს, აღნიშნა მან.
„ნებისმიერი ქვეყანა პოლიტიკურ პროცესებზე დგას. თუ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი კვდება, კვდება პოლიტიკური პარტიაც. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აღარ არსებობს და სახელმწიფოს შეცვლის კორპორაცია, ერთი ადამიანის საწარმო, რისი სურვილიც აქვს ბიძინა ივანიშვილს“, — ხაზგასმით აღნიშნა ბურჯანაძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.