თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ოპოზიციური პარტიის "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერის თანამდებობისთვის იბრძოლებს.
"ეს უნდა იყოს ბრძოლა თავისუფლებისთვის, არჩევნები მასშტაბური აქციების ფონზე ჩატარდება", — განაცხადა ირმა ინაშვილმა პრესკონფერენციაზე.
"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაიმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელზეც მთავარი მოთხოვნები საარჩევნო სისტემის შეცვლა და სოციალური პრობლემები გადაჭრა იქნება. პირველი აქცია 17 სექტემბერს თბილისში, ხოლო მეორე — 24 სექტემბერს ბათუმში ჩატარდება. ინაშვილმა აქციის მონაწილეების შიმშილობის დაწყებაც არ გამორიცხა.
"თუ არ შევცვლით საარჩევნო სისტემას და არ შევცვლით ამ სისტემას ისე, რომ ჩვენთვის რთული აღარ იყოს კანდიდატების მოძებნა, ვერაფერს გავაკეთებთ სასიკეთოს", — აღნიშნა ინაშვილმა ტელეარხ TV Pirveli-ს ეთერში.
მან აღნიშნა, რომ მასზე უკეთესი ბევრი კანდიდატი იყო, მაგრამ მათ არჩევნებში მონაწილეობა არ სურთ.
"ადამიანებმა დაკარგეს იმედი და პირდაპირ ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. არავის უნდა წინასწარ წაგებულ პროცესში ჩართვა, რომელსაც მე პოლიტიკური თეატრი და სპექტაკლი ვუწოდე", — აღნიშნა ინაშვილმა.
ინაშვილის კანდიდატურა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა წარადგინა.
"მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე საჭიროა ფიგურა, რომელიც ამ პროცესის პოლიტიკურ პროცესად გადაქცევას შეძლებს, და ეს ირმა ინაშვილი იქნება", — განაცხადა თარხან-მოურავმა.
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. თბილისის მერობის კანდიდატები, გარდა ინაშვილისა, არიან კახა კალაძე, ზაალ უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი და თენგო შერგელაშვილი.