პოლიტიკოსები და ექსპერტები მსჯელობენ, მისცემს თუ არა თბილისის ეკონომიკა „ხრუშჩოვკების“ შეცვლის საშუალებას მერიას.
თბილისში გასულის საუკუნის 60-იან წლებში აგებული საცხოვრებელი სახლების შეცვლის თემა კვლავ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წინასაარჩევნოდ, ეგრეთ წოდებული, ხრუშჩოვკების შეცვლილს ინიციატივა წამოაყენა.
ამ ინიციატივას მოქმედი მერის, დავით ნარმანიას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რომელმაც იდეას კარგი, დროული და საინტერესო უწოდა.
საზოგადოებამ კი ეს წინასაარჩევნო დაპირება არაერთგვაროვნად აღიქვა. „ხრუჩოვკების“ შეცვლის იდეა მანამდეც არსებობდა — გიგი უგულავას მერობის დროს, მაგრამ მას ასრულება არ ეწერა.
დღეისათვის, მედიის გათვლებით, თბილისში 512 „ხრუშჩოვკა“ დგას, რომლებშიც 12 ათასი ადამიანი ცხოვრობს. საინტერესოა, რამდენი დაუჯდება თბილისის მერიას მათი ახალი საცხოვრებლებით ჩანაცვლება?
კალაძის გეგმა
თბილისის მერობის კანდიდატმა აღნიშნული ინიციატივა ივლისის ბოლოს გაახმოვანა, როდესაც ვიდეომიმართვა აახლა ამომრჩეველს. მისი გეგმის თანახმად, ძველი სახლების ახლით შეცვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს.
გარდა იმისა, რომ „ხრუშჩოვკებს“ ექსპლოატაციის ვადა ამოწურული აქვთ, მათი კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ეს ძალიან პატარა ფართისა და დაბალჭერიანი საცხოვრებლებია.
კახა კალაძის თქმით, დაუშვებელია, რომ ადამიანები ასეთ ამორტიზებულ, ავარიულ, მიშენებულ-დაშენებულ დ უსახურ სახლებში ცხოვრობდნენ.
მერობის კანდიდატი თბილისელებს დაპირდა, რომ საკუთარი ინიციატივის დაწვრილებით გეგმას უახლოეს მომავალში წარუდგენს.
ძველი სიმღერა ახალზე
კახა კალაძის ინიციატივას პირველმა მხარი თბილისის ამჟამინდელმა მერმა დავით ნარმანიამ დაუჭირა. თუმცა, მისი თქმით, ეს კარგი იდეა მხოლოდ და მხოლოდ გენერალური გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს, რომლის პროექტზეც ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ორასი სპეციალისტი. პროექტის საჯარო განხილვა ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო. დოკუმენტი სექტემბერში უნდა დამტკიცდეს.
„ხრუშჩოვკების“ შეცვლის თემა ყურადღების მიღმა არც თბილისის ექს-მერ გიგი უგულავას დარჩენია. მან კალაძე პოპულიზმში დაადანაშაულა.
უგულავა ირწმუნება, რომ ყველა „ხრუშოვკა“ არ არის ავარიული და მათი ერთ ქვაბში მოხარშვა ძალიან სახიფათო პოპულიზმია; რომ მერობის კანდიდატმა „ხრუშოვკებზე“ კი არა, ავარიულ სახლებზე უნდა ილაპარაკოს.
11ძეგლი სხვაა, „ხრუშოვკა“ — სხვა, ვარკეთილში 80-იან წლებში აშენებული 16 სართულიანი კორპუსები კი საერთოდ სხვაა“, — დაწერა უგულავამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
თბილისის ექს-მერი დარწმუნებულია, რომ „ხრუშოვკების“ შესაცვლელი ფული ბიუჯეტში არ არსებობს.
მისი აზრით, ეს მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებშია შესაძლებელი, რაც ვერა და ვერ უზრუნველყო „ოცნების“ ხელისუფლებამ; ხოლო მათი ანტისამშენებლო ისტერია, რომ მშენებლობა დაგვანგრევს, მხოლოდ ძირს უთხრის ამ პროექტს.
სამი წლის წინ საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანიასთან ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც „ხეუშჩოვკების“ აღებასა და მათ ადგილზე ახალი შენობების აგებას ითვალისწინებდა.
ამ პროექტის საერთო ღირებულება 600 მლნ დოლარი უნდა ყოფილიყო. გეგმის თანახმად, არაბულ კომპანიას პროექტი ერთ თვეში უნდა დაეწყო. დანარჩენი დეტალები არ გახმაურებულა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, შიხიაშვილს მემორანდუმზე ხელი ისე მოეწერა, რომ ეს არც მერიასთან და არც ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებასთან არ ჰქონია შეთანხმებული. სწორედ ეს გახდა უთანხმოებისა და პროექტის ჩავარდნის მიზეზი.
რა ღირს?
ეკონომიკური საკითხების ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ თეორიულად დათვალა, რამდენი შეიძლება დაუჯდეს თბილისის ბიუჯეტს „ხრუშჩოვკების“ შეცვლა და დაასკვნა, რომ ეს თანხა თბილისის ეკონომიკის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
მისი თქმით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარი თბილისზე მოდის, რაც ფულად ეკვივალენტში 6-7 მლრდ დოლარს შეადგენს.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში სულ 512 „ხრუშოვკაა“ სადაც 12 000 ოჯახი ცხოვრობს. წარმოვიდგინოთ ყველაზე რადიკალური სცენარი ხარჯის სიჭარბის თვალსაზრისით, ანუ რომ ერთი ოჯახზე გაანგარიშებით დანახარჯმა 80 000$ შეადგინოს, ანუ ხრუშოვკების ჩანაცვლების სრული პროგრამა ყველაზე მაქსიმალისტური გათვლით 1 მილიარდი დოლარი დაჯდეს“, — დაწერა დუნდუამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
მისი თქმით, თუ კალაძე მერობის პირველი ოთხი წლის განმავლობაში „ხრუშჩოვკების“ 1/3-ის შეცვლას გადაწყვეტს, მას 333 მლნ ლარის მობილიზება მოუწევს კერძო სექტორიდან.
„სტატისტიკა გვეუბნება, რომ 4 წელიწადში ხრუშოვკების ერთი მესამედის ჩანაცვლების ხარჯი თბილისის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1,3%-ია“, — ასკვნის ეკონომიკის ექსპერტი.
ასე რომ, უწერია თუ არა კახა კალაძის დაპირებას ასრულება მისი მერად არჩევის შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია და ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს.