მოახლოებული არჩევნების წინა პერიოდში საქართველოს მთავრობის მუშაობა NDI-ს მიერ გამოკითხულთა 52%-მა საშუალოდ შეაფასა, 23%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა მისი მუშაობით.
აშშ-ის ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვამ აჩვენა, რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მუშაობაზე, ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკასა და პრობლემებზე.
NDI-მ საქართველოში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, 18 ივნისიდან 9 ივლისამდე პერიოდში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა, თუმცა პარტიები პრაქტიკულად უკვე წინასაარჩევნო რეჟიმში მუშაობენ.
ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები
შეკითხვაზე "რამდენად ხართ ან არ ხართ კმაყოფილი საკრებულოს მუშაობით", გამოკითხულთა 46%-მა უპასუხა, რომ არც კმაყოფილია, არც უკმაყოფილო. საკრებულოს მუშაობით კმაყოფილია გამოკითხულთა 21%, უკმაყოფილოა — 15%, ხოლო კითხვაზე პასუხი არ აქვს 16%-ს.
თბილისში საკრებულოს მუშაობით კმაყოფილია 14%, უკმაყოფილოა — 20%.
შეკითხვაზე "რამდენად ხართ ან არ ხართ კმაყოფილი მერიის ან გამგეობის მუშაობით", რესპონდენტთა 45%-მა უპასუხა, რომ არც კმაყოფილია, არც უკმაყოფილო. აღმასრულებელის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მუშაობით კმაყოფილია გამოკითხულთა 20%, უკმაყოფილოა — 18%, ხოლო კითხვაზე პასუხი არ აქვს 14%-ს.
თბილისში ამ სტრუქტურების მუშაობით კმაყოფილია რესპონდენტთა 21%, უკმაყოფილოა — 29%.
ცენტრალური ხელისუფლება
საქართველოს მთავრობის მუშაობას საშუალო შეფასება საქართველოს მასშტაბით რესპონდენტთა 52%-მა მისცა, 23%-მა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტი მუშაობს ცუდად, 12%-მა — ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 9% მიიჩნევს, რომ მთავრობა კარგად მუშაობს.
თბილისში მინისტრთა კაბინეტის მუშაობა რესპონდენტთა 51%-მა საშუალოდ შეაფასა, 39%-მა — ცუდად, 8%-მა — კარგად.
ეროვნული საკითხები
შეკითხვაზე "რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი", ქვეყანაში რესპონდენტთა 52%-მა უპასუხა, რომ ეს არის სამუშაო ადგილები. მეორე ადგილზეა სიღარიბის პრობლემა (31%), მესამეზე — ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა (30%).
შემდეგ მოდის ისეთი პრობლემები, როგორ ფასების ზრდა/ინფლაცია (28%), ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება (25%) და პენსიები (22%).
NDI-ში აღნიშნეს, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების ნუსხა 2009 წლიდან არ შეცვლილა.
საგარეო პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში საქართველოს წევრობის გამოცხადებული მიზანი მისაღებია გამოკითხულთა 77%-სთვის, ხოლო 16%-სთვის ეს მისაღები არ არის.
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გამოკითხულთა 90%-მა განაცხადა, რომ სმენიათ ამ სიახლის შესახებ, ხოლო 9%-ს — არ სმენია. თბილისში ამ სიახლის შესახებ რესპონდენტთა 99%-მა იცის.
რაც შეეხება საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას, გამოკითხულთა 66%-სთვის მთავრობის ეს მიზანი მისაღებია. უარყოფითი პასუხი 23%-მა გასცა.
რეფორმები
ბოლო დროს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური განსახილველი თემა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია იყო. საზოგადოებრივმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთი საპროტესტო აქცია ჩაატარეს, სადაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის სანქციების შესუსტებას მოითხოვდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოში მათ არაერთი საჩივარი შეიტანეს. ორი კვირის წინ სასამართლომ 150 გრამამდე კანაფის მოყვანისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად ცნო.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 57% ნარკოტიკის ნებისმიერი სახეობის (მარიხუანა, საინექციო ნარკოტიკები, აბები და სხვ.) მოხმარებისთვის საპატიმრო სასჯელის წინააღმდეგია, 36% მიიჩნევს, რომ ამ დანაშაულისთვის საპატიმრო სასჯელი უნდა მოქმედებდეს, ხოლო 7%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
რესპონდენტებს აგრეთვე სთხოვეს ეპასუხათ კითხვაზე, იციან თუ არა მათ "თვითმმართველობის შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ, რომელთა თანახმად თვითმმართველი ქალაქის სტატუსს კარგავს 12-დან 7 ქალაქი — ამბროლაური, ახალციხე, გორი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა და ოზურგეთი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცვლილებების ხელმოწერაზე უარი თქვა და კანონპროექტს ვეტო დაადო.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 52%-ს სმენია ცვლილებების შესახებ, ხოლო 44%-ს არ სმენია.
რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმას, გამოკითხულთა 60%-მა განაცხადა, რომ ამ პროცესის შესახებ არ იციან, ხოლო 32%-მა — იციან.
კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, რომელშიც პარტიების რეიტინგები იქნება ნაჩვენები, NDI ხუთშაბათს წარმოადგენს.
NDI-ს გამოკითხვა პირდაპირი ინტერვიუს სახით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 2261 ადამიანმა, მათ შორის სომხურ- და აზერბაიჯანულენოვანმა საქართველოს მოქალაქეებმა. გამოკითხვის საშუალო ცდომილებაა +/- 2,2%.