თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნები, რომლებიც 2017 წლის ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 30-35 მილიონი ლარი დაუჯდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.
საქართველოს მოსახლეობა შემოდგომაზე აირჩევს ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებს, ქალაქებისა და რაიონების მერებს. წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე უნდა დაიწყოს.
„როდესაც გრძელია წინასაარჩევნო პერიოდი, მაშინ ხარჯები იზრდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ როგორც ვიცით და როგორც უკვე გაცხადდა, მხოლოდ 60 დღით ადრე იქნება არჩევნები დანიშნული, რაც თანხების უფრო ეკონომიურ ხარჯვას განაპირობებს. ცესკოს 2017 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში დაახლოებით 60 მილიონ ლარს უტოლდება, საიდანაც როგორც წესი, 30-35 მილიონი არის ხოლმე არჩევნებისთვის განსაზღვრული", — განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მისი თქმით, ცესკო არჩევნებისთვის ემზადება, კომისიის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან.
„ყველა ის თემა, რომელიც ჩვენ შევაფასეთ, როგორც საჭიროება, რომ უფრო მაღალი სტანდარტით წარვდგეთ 2017 წელს ამომრჩევლის წინაშე, ფაქტობრივად, გავლილია. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკთან დაკავშირებით, მუშაობა თვითმმართველობის არჩევნების თარიღის დანიშვნის შემდეგ დაიწყება" — აცხადებს თამარ ჟვანია.
არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადეს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო", ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა — „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".