„გირჩის" მომხრეებს პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზეს

გამოწერა
ადგილობრივ არჩევნებში "გირჩის" მონაწილეობის შემთხვევაში თბილისის მერობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე გახდება, პარტიის მომხრეებს კი სხვა არჩევით თანამდებობებზე კენჭისყრა შეუძლიათ.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი" აპირებს ელექტრონული სახით შეაგროვოს ხელმოწერები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობისთვის არის საჭირო, განაცხადა პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარტიამ მომავალი არჩევნებისთვის უკვე შექმნა ვებ-პორტალი girchi.ge, სადაც რეგისტრაციის გავლა ყველა მსურველს შეუძლია. ამისათვის მათ უნდა ატვირთონ პირადობის მოწმობის ასლი, მიუთითონ მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი.

„დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ. ჩვენ რეალურ მომხრეებს ვეძებთ. და ამას ისე არ ვაკეთებთ, როგორც ამას ტრადიციულად აკეთებენ პოლიტიკური პარტიები საქართველოში, როდესაც სიების გადაწერა ხდება. თუ 25 000 მომხრეს ვიპოვით, „გირჩი" არჩევნებში მონაწილეობას სრულფასოვნად მიიღებს", — განაცხადა ჯაფარიძემ.

გირჩი - Sputnik საქართველო
„გირჩის” რელიგიური ორგანიზაცია წვევამდელებს დახმარებას ჰპირდება

გარდა ამისა, „გირჩი" ყველა მსურველს პარტიის სახელით ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას სთავაზობს. ამისათვის მომავალმა კანდიდატებმა 15 ივლისამდე ვებ-გვერდზე უნდა ატვირთონ საკუთარი ბიოგრაფია, მიუთითონ, რატომ აირჩიეს "გირჩი" და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რას გააკეთებენ.

თუ პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თბილისის მერობის კანდიდატი „გირჩისგან" ზურაბ ჯაფარიძე გახდება.

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება. მოსახლეობა აირჩევს ადგილობრივ სათათბირო ორგანოებს, ქალაქებისა და რაიონების მერებს. არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიამ ცესკოში რეგისტრაცია უნდა გაიაროს, რისთვისაც 25 000 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.

დღეს თბილისის მერი მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წევრი დავით ნარმანიაა. საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა მის მუშაობას ნეგატიურად აფასებს.

ამ მომენტისთვის ცნობილია თბილისის მერობის სამი კანდიდატის ვინაობა. „ქართულმა ოცნებამ" ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაასახელა, პარტიამ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" – ელენე ხოშტარია, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" — ზაალ უდუმაშვილი.

პარტია „გირჩი" 2015 წელს შექმნა პოლიტიკოსთა ჯგუფმა, რომლებმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. ორგანიზაციის მიზნებს შორის მარიხუანის შეძენა-შენახვა-მოხმარების ლეგალიზაციაც დასახელდა.

ყველა ახალი ამბავი
0