თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. „ახალი პოლიტიკური მოძრაობა — „გირჩის” წევრებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება, იუწყება ტელეკომპანია „RUSTAVI2”.
რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება” გასცემს დამადასტურებელ მოწმობას, რომელიც საკმარისია სავალდებულო სამსახურის გადასავადებლად. აღნიშნულ ცნობას „გირჩის” წევრები – მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე და ორი ეპისკოპოსი –არჩილ ხაჩიძე და ლევან ჯგერენაია აწერენ ხელს.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე „ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.
საქართველოში სავალდებულო სამხედრო გაწვევა თავდაცვის ექს-მინისტრმა თინა ხიდაშელმა 2017 წლის ივნისში გააუქმა, თუმცა ლევან იზორიას მინისტრობის პერიოდში, თავდაცვის უწყებამ კვლავ აღადგინა სავალდებულო სამხედრო გაწვევა.
„გირჩში“ აცხადებენ, რომ პოლიტიკურ მოძრაობას თვეების განმავლობაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების კუთხით დახმარების თხოვნით, უამრავმა ახალგაზრდამ მიმართა. პარტიის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში მათ სცადეს ყველა შესაძლო გზა, თუმცა "სახელმწიფო სისტემა აღმოჩნდა შეუვალი, როგორც ადამიანის უფლებების, ისე ეკონომიკური არგუმენტებისთვის."
გავრცელებული ინფორმაციით, გირჩის წევრების მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის მიერ კურთხეულმა ხუთმა სასულიერო პირმა, იგივე წვევამდელმა, სწორედ ამ გზით შეძლო სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთი წლით გადავადება.
ამჟამად საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში საქართველოში იწვევენ 18-დან 27 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, ისინი არა შეიარაღებულ ძალებში, არამედ გასამხედროებულ სტრუქტურებში მსახურობენ. ხიდაშელის გადაწყვეტილება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეხებოდა.