არჩევნები, პრეზიდენტის უფლებები, მიწა - მიაღწევენ თუ არა კონსენსუსს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კვლავ უთანხმოების საგნად რჩება.

ამჯერად, დავის საგანი გახდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სურვილი შეაჩეროს განახლებული კონსტიტუციის მიღების პროცესი და მრავალმხრივი კონსენსუსის მისაღწევად დიალოგის ახალი ფორმატი დაიწყოს.

კონსტიტუციის ცვლილებები პარლამენტმა სამიდან ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა, თუმცა, მას მხარს არ უჭერენ არც პრეზიდენტი, არც ოპოზიცია, არც ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები.

გარდა ამისა, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ცვლილებების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.

ბუკიკიოსთან კონსულტაციების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით მმართველი ძალა ამ საკითხზე დიალოგის გასაგრძელებლად მზად არის.

პრეზიდენტის პოზიცია 

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი განახლებული კონსტიტუციის მიღების შეჩერებას მოითხოვს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის ორშაბათიდან დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე, განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტი მმართველ გუნდთან და არასამთავრობო სექტორთან ყველა სადაო საკითხზე მსჯელობისთვის მზად არის, ხაზი გაუსვა მან.

„ორშაბათს იქნებ გავმართოთ შეხვედრა, დავიწყოთ დისკუსია და ჩამოვყალიბდეთ იმ საკითხთა ნუსხაზე, რომელთა შესახებაც არის მზაობა კონსენსუსთან დაკავშირებით.

დღეს უკვე ყველა ვაცხადებთ იმას, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია არ იქნება მაღალი ლეგიტიმაციის“, — განაცხადა ჩიხრაძემ.

საკონსტიტუციო რეფორმის ირგვლივ არსებული სიტუაცია პრეზიდენტმა შეაფასა მიღებაზე, რომელიც ამერიკის საელჩომ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართა.

„მინდა მივესალმო პრემიერ-მინისტრის წინადადებას საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან აქტიური დიალოგის შესახებ. მინდა მოუწოდო პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკურ ოპოზიციას, საზოგადოებრივ ჯგუფებს აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციის განხილვის პროცესში“, — განაცხადა მარგველაშვილმა წვეულებაზე.

მარგველაშვილმა ასევე მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობას „არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე და აქტიურად დიალოგი აწარმოოს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან“.

პრემიერის პოზიცია

პრეზიდენტის შეფასება თუ მოწოდება უმრავლესობისადმი, არის არაობიექტური და უსამართლო, დარწმუნებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
პრემიერის საკონსტიტუციო კონსენსუსი

„მიუხედავად ამ პროცესში საზოგადოების უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობისა და იმისა, რომ პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო ცვლილებები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით, გამოთქვამს სრულ მზაობას დიალოგის გასაგრძელებლად. თუმცა ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ კონსენსუსის მიღწევა მხოლოდ პროცესის ყველა მონაწილის რეალურ მზაობაზე გადის“, — განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილს ასევე არ მოეწონა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ აშშ–ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ისაუბრა.

პრემიერს მიაჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიება შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კამათისა და დისკუსიისთვის შესაფერისი ადგილი არ არის.

რა იცვლება?

საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა 2017 წლის მაისში დაასრულა.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 150 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტი აირჩევა არა დღეს არსებული შერეული სისტემით — 77 დეპუტატი პროპორციული სიებით და 73 — ერთმანდატიანით, არამედ მთლიანად პროპორციულით. ვენეციის კომისიამ ეს დადებითად შეაფასა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სიახლე ძალაში შევა არა 2020 წლის არჩევნებისთვის, არამედ 2024 წელს. აღნიშნული გარემოება ვენეციის კომისიის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილების მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

ჯანი ბუკიკიო - Sputnik საქართველო
ბუკიკიოს საკონსტიტუციო ცვლილებების ლეგიტიმაციაში ეჭვი ეპარება

მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მინიმალური ზღვარი, რომლის გადალახვაც პარტიებს პარლამენტში მოსახვედრად დასჭირდებათ, 5-დან 3%-მდე დაიწევს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე პარტიებს ექნებათ უფლება ერთი და იგივე კანდიდატი წარადგინონ მერის კანდიდატად და ასევე საკრებულოს დეპუტატის პოსტზე.

იცვლება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის სისტემაც. თუ აქამდე პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევდა, ახლა მას 300 ხმოსანი აირჩევს. ხმოსნების შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წევრები და რეგიონების თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ამასთან, იზრდება პრეზიდენტობის კანდიდატის მინიმალური ასაკი 35-დან 40 წლამდე.

საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და სხვა სიახლეების გარდა, საქართველო მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება.

მნიშვნელოვან ნიუანსს ასევე წარმოადგენს კონსტიტუციაში ჩანაწერი უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ. მანამდე მსგავსი ფორმულირება ქვეყნის მთავარ კანონში არ იყო.

კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს ქორწინების ფორმულირება — ახალი ვერსიით, ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია.

ყველა ახალი ამბავი
0