საქართველოს პრეზიდენტი განახლებული კონსტიტუციის მიღების შეჩერებას მოითხოვს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მთავარ კანონთან დაკავშირებით აუცილებელი კონსენსუსის მიღწევას მოითხოვს.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განახლებული კონსტიტუციის მიღების პროცესის შეჩერებას მოითხოვს, რამდენადაც მას არალეგიტიმურად მიიჩნევს, განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.

კონსტიტუციის ცვლილებები პარლამენტმა სამიდან ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა, თუმცა მას მხარს არ უჭერენ არც პრეზიდენტი, არც ოპოზიცია, არც ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები. გარდა ამისა, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ცვლილებების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.

„საერთაშორისო შეფასებების შემდეგ არავინ დავობს იმაზე, რომ დღეს ჩვენ დაბალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი მივიღეთ, რომელიც კონსენსუსს მოკლებულია. ამიტომ ის, რაც აქამდე იყო, უნდა შეჩერდეს და დიალოგის ახალი ფორმატი უნდა დაიწყოს, რომელიც ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს ადეკვატურად უპასუხებს“, — განაცხადა ჩიხრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ  შეხვედრაზე. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი განცდებზე, კონსტიტუციაზე და მომავლის გეგმებზე

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა 2017 წლის მაისში დაასრულა. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 150 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტი აირჩევა არა დღეს არსებული შერეული სისტემით — 77 დეპუტატი პროპორციული სიებით და 73 — ერთმანდატიანით, არამედ მთლიანად პროპორციულით.

ვენეციის კომისიამ ეს დადებითად შეაფასა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სიახლე ძალაში შევა არა 2020 წლის არჩევნებისთვის, არამედ 2024 წელს. აღნიშნული გარემოება ვენეციის კომისიის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილების მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და სხვა სიახლეების გარდა საქართველო მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება.

იცვლება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის სისტემაც. თუ აქამდე პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევდა, ახლა მას 300 ხმოსანი აირჩევს. ხმოსნების შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წევრები და რეგიონების თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ამასთან, იზრდება პრეზიდენტობის კანდიდატის მინიმალური ასაკი 35-დან 40 წლამდე.

მთავარ ნიუანსს ასევე წარმოადგენს კონსტიტუციაში ჩანაწერი უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ. მანამდე მსგავსი ფორმულირება ქვეყნის მთავარ კანონში არ იყო.

კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს ქორწინების ფორმულირება — ახალი ვერსიით, ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია.

ყველა ახალი ამბავი
0