პრემიერის საკონსტიტუციო კონსენსუსი

© Sputnik / Denis Aslanovსაქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ დანიშნა პრემიერმა საგანგებო ბრიფინგი? რატომ აკრიტიკებდნენ მას პოლიტიკურ პროცესში ჩაურევლობის გამო და ვისთან მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ კონსესუსს?

„პრემიერი არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. მას, როგორც ჩანს, სადღეგრძელოების თქმა დაავალეს. მხოლოდ კარგ ამბებზე გვესაუბრება“, — ასე გამოეხმაურა საინფორმაციო დღის დასაწყისში კვირიკაშვილის ყოფილი თანამოაზრე, ექსპერტი გია ხუხაშვილი მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს.

დილით მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ისაუბრა 11 000 ბავშვზე, რომლებიც მცირეკონტინგენტიანი სკოლებიდან საზაფხულო ბანაკებში დაისვენებენ, ისაუბრა შავი ზღვის თევზის ექსპორტზე, თუმცა არაფერი უთქვამს კონსტიტუციის პირველი მოსმენით განხილვაზე.

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობა ქუთაისის პარლამენტში მარტო დარჩა, საჭირო გახდა საზოგადოების დარწმუნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსითაა მიღებული. სწორედ ამიტომ გაუსვა ხაზი პრემიერმა გამოსვლაში რამდენჯერმე, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული იყვნენ არასამთავრობოები, ექსპერტები, არასაპარლამენტო ოპოზიცია (თუმცა რეალობა ისეთია, რომ ახლა ყველა მინუს „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიაში ჩივის, „ქალი გამოგვიცვალესო“).

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცეს

ოპოზიციის ბოიკოტისა და პრეზიდენტის მიმართვის მიუხედავად, დაეწერათ უკეთესი კონსტიტუცია, „ოცნების“ ვერსია მიღებულია. პრეზიდენტმა კონსტიტუცია ნულოვანი კონსენსუსის დოკუმენტად გამოაცხადა.

ამ ფონზე პრემიერი შეეცადა, საღამოს საგანგებო განცხადებით მხარი დაეჭირა საკუთარი პოლიტიკური გუნდისათვის. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ოცნებამ“ შეასრულა დანაპირები და კონსტიტუციით აღიარა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობა, გადადო პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა და საარჩევნო ბარიერი 3 პროცენტამდე დასწია. ასევე ორჯერ იყო ხაზგასმული ის, რომ პარლამენტს ამ ცვლილებებით მთავრობის დათხოვნა უადვილდება (თუმცა, თუ კვირიკაშვილის წინამორბედის ბედს გავითვალისწინებთ, ამას უკონსტიტუციოდაც მშვენივრად ახერხებდნენ საქართველოში). პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიწა აღარ გაიყიდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე (აქ, როგორც ირკვევა, ორი დღის წინ მიღებული კანონი ხარვეზიანია და პარლამენტში სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდა). სხვათა შორის, მიწის თემაზე ხაზგასმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრისაგან, რომელიც ლიბერალური მიდგომებით გამოირჩეოდა და, საერთოდ, მემარჯვენეებიდან გახლდათ პარლამენტის წევრი, უცნაურია, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობაზე მეტად ამ აზრისთვის ხარკის გადახდას უფრო ჰგავს.

ექსპერტების პროგნოზით, ეს კონსტიტუცია 2024 წლამდე ვერ მიაღწევს, მაგრამ მისი მიღება დაგეგმილია ორი მოსმენით და მიიღებენ კიდეც ჩვენი კანონმდებლები რომაულის ნაცვლად ქუთაისური არდადეგების დროს. დღეს ითქვა ასევე ისიც, რომ ოპოზიცია აქციებისთვის ემზადება, არასამთავრობო სექტორი — საერთაშორისო ორგანიზაციებში საჩივრების საფრენად. ბიძინა ივანიშვილი კი ადგილობრივი არჩევნებისათვის კამპანიაში ჩაბმას არ გეგმავს… ასე რომ, ქუთაისის საპარლამენტო შენობაში, რომელშიც წყალი ჩამოდის, „ქართული ოცნების“ დეპუტაცია მარტო დარჩა, წინ კი საკმაოდ მძიმე ადგილობრივი არჩევნები ელის.

 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0