წარმოდგენილ ცვლილებებს 150 დეპუტატიდან მხარი 115-მა დაუჭირა. ოპოზიციურმა პარტიებმა — „პატრიოტთა ალიანსი", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო", სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს.
წარმოდგენილ პროექტს მხარს არ უჭერენ არც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, არც წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები, არც ქართველი ექსპერტების დიდი ნაწილი.
პირველი მოსმენისთვის ცვლილებების პროექტი შეიცვალა. თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით მასში მეტი აკრძალვა და შეზღუდვა გაჩნდა.
კონსტიტუციაში გაჩნდა ახალი მითითება, რომლის თანახმად, მიწის გაყიდვა უცხოელებზე არ შეიძლება. ადრე ეს მითითება კონსტიტუციაში არ არსებობდა.
კიდევ ერთ შეზღუდვას წარმოადგენს ქორწინების ახალი განმარტება — ახალი ვერსიით, ეს არის კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის.
გარდა ამისა, იკრძალება საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა, რომელიც აქამდე უცხოური მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ავტომატურად მოქმედებდა.
თუმცა ძირითადი ცვლილებები კონსტიტუციის პოლიტიკურ ნაწილს შეეხება. პროექტის თანახმად, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება.
საქართველოს პარლამენტი მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევა — პარტიული სიების მიხედვით. უქმდება მაჟორიტარების ინსტიტუტი.
თუმცა, ბოლო კონსულტაციების შემდეგ მმართველმა პარტიამ მაჟორიტარების ინსტიტუტის გაუქმება 2024 წლამდე გადადო.
ამგვარად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს ამჟამად მოქმედი სისტემით გაიმართება.
ამასთან ერთად არჩევნებისთვის პარტიებს ბლოკებად გაერთიანება აეკრძალებათ.
მინიმალური ზღვარი პარტიებისთვის ძველი რჩება — 5%. დეპუტატობის კანდიდატების ასაკი 21 წლიდან 25 წლამდე იზრდება.
პროექტის თანახმად, პარლამენტში ადგილების განაწილების პრინციპი იცვლება. მოქმედი სისტემით, მანდატები პარტიებს შორის პირველ რიგში მიღებული ხმების შესაბამისად ნაწილდება. დარჩენილი მანდატების ნაწილს გადასცემენ იმ პარტიებს, რომლებმაც პარლამენტში ექვსზე ნაკლები ადგილი მიიღეს, რათა მათ ფრაქციების შექმნა შეძლონ, ხოლო დანარჩენ ნაწილს რიგითობის მიხედვით პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს შორის ანაწილებენ.
ახალი სისტემით, ყველაზე მეტი მიღებული ხმების მქონე პარტია პარლამენტში ყველა გაუნაწილებელ ადგილს მიიღებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა კენჭისყრის შედეგების მიხედვით მიღებული მანდატების 35%-ს არ აღემატება. საბოლოო ჯამში, გამარჯვებული პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა 89-ს არ უნდა აჭარბებდეს. დანარჩენი გაუნაწილებელი მანდატები დანარჩენ პარტიებს შორის განაწილდება.
გარდა ამისა, იცვლება ფრაქციების ჩამოყალიბების წესი. მოქმედი ვერსიისგან განსხვავებით, ფრაქციების რაოდენობა იმდენივე იქნება, რამდენი პარტიაც იქნება პარლამენტში. ამ დროს ფრაქციაში ექვსის ნაცვლად 7 დეპუტატი იქნება.
იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესიც. თუ მანამდე საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირი არჩევნების გზით ირჩევდა, ახლა მას 300 ხმოსანი აირჩევს.
ხმოსნები იქნებიან პარლამენტის 150 დეპუტატი, აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი და რეგიონების თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. ჯერჯერობით ღიად რჩება ცვლილებების ამ ნაწილის ძალაში შესვლის თარიღი — მოხდება ეს 2018 თუ 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.