სოფლის მაშენებლები – ახალი პარტია ძველი პოლიტიკური სახეებით

გამოწერა
ახალი პოლიტიკური ძალა ძველი სახეებით... რა აკავშირებთ დავით უსუფაშვილსა და კახა შარტავას? ჩაანაცვლებს თუ არა ნაცმოძრაობას დასავლურ ფლანგზე და ითანამშრომლებს თუ არა პრეზიდენტობიდან გადამდგარი გიორგი მარგველაშვილი უსუფაშვილის პარტიასთან? „შენების პარტია" და მისი საპარლამენტო პერსპექტივები.

მახსოვს, თანამდებობიდან გადამდგარ თუ გადაყენებულ ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის ასევე ყოფილმა თავმჯდომარემ რომ ურჩია, ახლა საახალწლოდ საცივში ჩარგე თავი, ახალი წელი აღნიშნე და შემდეგ იფიქრე პოლიტიკური მომავლის გაგრძელებაზეო. ღარიბაშვილი ჯერჯერობით პირნათლად ასრულებს ყოფილი პოლიტიკური პარტნიორის რჩევას. აი, უსუფაშვილი კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გააქტიურდა და პარტიაც დააფუძნა. არის თუ არა უსუფაშვილის, ალასანიას პარტიის ყოფილი ლიდერებისა და „ეროვნული ფორუმის“ ეს გაერთიანება ბიძინა ივანიშვილის მორიგი პროექტი და რამდენად წარმატებული იქნება პარტიის ასეთი რებრენდინგი, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ასპარეზზე ისეთი პოლიტიკური ძალის გამოჩენა, რომელსაც ბევრი კვალიფიციური და თავის საქმეში წარმატებული ადამიანი ჰყავს, უდავოდ დადებითად იმოქმედებს ქართული პოლიტიკური კულტურის ამაღლებაზე.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

„შენების მოძრაობაში“ რამდენიმე უდავოდ საინტერესო პოლიტიკოსია გაერთიანებული და სამომავლოდ ამ ცენტრისტულ-ლიბერალურ პარტიას კიდევ აქვს გაზრდის შანსი, რადგან ქართული პოლიტიკური სპექტრი მწვავედ განიცდის ასეთი პოლიტიკური ძალის ნაკლებობას. ქარიზმატულ კახა შარტავასა და რეზო შავიშვილს, ნინო გურიელსა და ვახტანგ ხმალაძეს შედარებით მშვიდი, მაგრამ სუფთა წარსულის და ჩინოვნიკის ამპლუაში გამოცდილი და გაწონასწორებული დავით უსუფაშვილი, თენგიზ შერგელაშვილი და ალუდა გოგლიჩიძე შეავსებენ.

სავარაუდოა, რომ ლიდერებს მოგვიანებით სხვა ცნობილი სახეებიც შეუერთდებიან. საუბარია იმაზეც, რომ „შენების მოძრაობის“ წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ეყოლებათ ფალავნები. არაა გამორიცხული, სწორედ ამ პარტიაში ვიხილოთ სამომავლოდ პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარი გიორგი მარგველაშვილიც, რომელსაც უკვე საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს იმ ადამიანებში, ვისაც არ მოსწონს მთელი ქვეყნის ერთი უჩინარი ლიდერის ჭკუაზე სიარული. მარგველაშვილთან და მის ირგვლივ შემოკრებილ საკმაოდ სერიოზულ გუნდთან ერთად „შენების მოძრაობას“ 2020 წლისთვის სერიოზული შანსი უჩნდება, გადალახოს 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. ასეთი კონსტრუქციული პოლიტიკური ძალის შექმნას დასავლეთი ნამდვილად მიესალმება, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ აშშ აღარაა ისეთი აქტიური ქართული პოლიტიკური პროცესების მიმართ, როგორც თუნდაც 2000-იან წლებში.

„ქართული ოცნების ბანერი - Sputnik საქართველო
არჩევნების სისტემა საქართველოში: „ქართული ოცნება" პლუსებსა და მინუსებს აფასებს

ძალიან დიდი პოლიტიკური სიბეცეა, იმედები დაამყარო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ისევ ოდესმე მოსვლაზე. სხვათა შორის, არაა გამორიცხული, სწორედ ამ ძალამ ჩაანაცვლოს დასვალურ ფლანგზე უკვე რეპუტაციაშელახული ნაციონალური მოძრაობა და „ევროპელი დემოკრატები“, რასაც დასავლეთთან ერთად „ქართული ოცნების“ ბოსებიც მიესალმებიან, რადგან წვრილმანი პოლიტიკური კინკლაობის მიუხედავად ყოფილი პოლიტიკური პარტნიორები ისეთივე წარმატებით გამოძებნიან საერთო ენას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა გლობალურ და საკონსტიტუციო თემებთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილს საკუთარი პოლიტიკური მომხრეები საქართველოში ყოველთვის ეყოლება და, სხვათა შორის, სწორედ მისი ბრძოლის შედეგადაა წამოჭიმული პარლამენტში „ევროპელი დემოკრატების“ საკმაოდ მსხვილი ფრაქცია. სავარაუდოა, რომ შეთხელებული სახით ისინი 2020 წლის პარლამენტშიც იქნებიან წარმოდგენილი.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ერთად ვიაროთ!... ოცნება თუ უახლოესი თერთმეტი დღის პერსპექტივა?!...

ასევე სერიოზული შანსები აქვს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გაერთიანებას არა უმრავლესობით მოსვლის, არამედ, უბრალოდ, პარლამენტში ერთი კარგი ფრაქციის შექმნისა. საქმე ის გახლავთ, რომ ბურჯანაძის იდეა, დავათბოთ ურთიერთობები რუსეთთან და დავიბრუნოთ სამაჩაბლო და აფხაზეთი, არა მიუღებლად, არამედ, უბრალოდ, არარეალისტურად გამოიყურება ქართული პოლიტიზებული მოსახლეობის თვალში. მის პლუსშია ბურჯანაძის გაწონასწორებული იმიჯი, პოლიტიკოსისთვის ხაზგასმულად მისაღები გარეგნობა, მეტყველება და განათლება. თუმცა, გარდა მამისა და მეუღლის არასახარბიელო იმიჯისა, ბურჯანაძეს არც პოლიტიკური პარტნიორების შერჩევა ეხერხება. უფრო სწორად, ის მზადაა ითანამშრომლოს ყველაზე ოდიოზურ ფიგურებთან რეგიონებში, ოღონდ მიაღწიოს წარმატებას. პლუს, მიუხედავად სატელევიზო ეთერების სიუხვისა, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არ აქვს საკუთარი მედია-საშუალება, გაზეთის ან ინტერნეტ-პორტალის დონეზეც კი, რაც მისი რესურსების მქონე პოლიტიკოსისთვის დიდი შეცდომაა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: პარლამენტის სპიკერი პრეზიდენტს აშანტაჟებს

მასმედიის ლენინისეული გაგება – გამოიყენო ის რევოლუციისა და პროპაგანდის საშუალებად, დღევანდელ საქართველოში ყველაზე უკეთ იციან. იმ დონეზეც კი, რომ რელიგიური და ტრადიციული ღირებულებების სწრაფი მსხვრევის ფონზე მასმედია, ლამისაა, ხალხის მართვის და მისით მანიპულირების ერთადერთ საშუალებად იქცა. სწორედ ორი ტელევიზიის ფლობისა და ივანიშვილის სიმპათიების გამო ზის საქართველოს პარლამენტში „პატრიოტთა“ ფრაქცია, რომლებიც, სავარაუდოდ, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდებიან. მათ ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილს სწორედ „ენა, მამული, სარწმუნოების“ დაცვის სლოგანი ჩამოართვეს.

ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის ფონზე კიდევ უფრო რეალური ჩანს 2020 წლის პარლამენტის მრავალფეროვნება, სადაც, დღევანდელი მოცემულობით, სულ მცირე, ხუთი პოლიტიკური ძალა მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ ებღაუჭება „ოცნების“ უმრავლესობა „დაუმორჩილებელი“ მაჟორიტარების შენარჩუნების იდეას. თუმცა ისტორიიდან ცოტანი თუ სწავლობენ — როცა რეჟიმი მოლპა და გახმა, 2003 წელს შევარდნაძეს ვერც მაჟორიტარულმა სისტემამ მოუტანა გამარჯვება. უსუფაშვილი არასოდეს წავა რადიკალურ ქმედებებზე, მაგრამ მის პარტიაში უკვე ჩანან ქარიზმატული ლიდერები შარტავას, შავიშვილის, გოგლიჩიძის სახით. ასევე სერიოზული პარტიული აქტივი ჰყავს რეგიონებში „ეროვნულ ფორუმს“. ახლა ყველაფერი სოფლის მაშენებლების ძალისხმევაზე, პოლიტიკურ გამჭრიახობასა და დასავლეთის ფინანსურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

ყველა ახალი ამბავი
0