არჩევნების სისტემა საქართველოში: „ქართული ოცნება" პლუსებსა და მინუსებს აფასებს

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების" ბანერი
„ქართული ოცნების ბანერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნების" წარმომადგენლები ჯერჯერობით ვერ შეთანხმებულან, რომელი სისტემით უნდა ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მაჟორიტარული არჩევნების სისტემის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მმართველი პარტიის "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებს შორის გამართული კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა.

ამჟამად საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს — 77 დეპუტატი პროპორციული სისტემით ირჩევა, ხოლო 73 — მაჟორიტარულით, რეგიონების კანდიდატებისგან. „ქართული ოცნების" დეპუტატთა ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგ გამოდის, რასაც მათი დანარჩენი კოლეგები და ოპოზიცია მოითხოვენ.

„ორივე მხარეს საკმაო არგუმენტები აქვს და არც ერთი არგუმენტი არ არის დაკავშირებული პარტიის ინტერესებთან… ჯანსაღი კონსულტაციები და პლუსებისა და მინუსების აწონვა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას", — განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასასრულს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა აუცილებლად მიაჩნია ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს.

„ერთადერთი თემა, რომელზეც ახლა მიდის დისკუსიები, არის საპარლამენტო საარჩევნო სისტემა. მომხრეები ჰყავს მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, ასევე არის საკმაოდ დიდი ჯგუფი, მათ შორის მე, რომლებიც ვფიქრობთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უზრუნველყოფს მეტ წარმომადგენელს პარლამენტში, უფრო პლურალისტური იქნება პარლამენტი და უფრო დემოკრატიული იქნება პროცესები", — დაწერა ჩუგოშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
რა არ მოეწონათ ევროპელ ექსპერტებს საქართველოს კონსტიტუციის პროექტში

ამჟამად პარლამენტი განახლებული კონსტიტუციის პროექტს იხილავს, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, 2020 წლის მოწვევის პარლამენტი მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევა — ამომრჩევლები არჩევანს პარტიებს შორის გააკეთებენ.

ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგების მქონე პარტია აგრეთვე იმ ამომრჩევლების ხმებს მიიღებს, რომლებმაც ხმა მისცეს ისეთ პარტიებს, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, შესაბამისად, გამარჯვებული პარტია დამატებით მანდატებს მიიღებს.

მოქმედი სისტემით, გაუნაწილებელი მანდატები იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის ნაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს. თუ ამის შემდეგ თავისუფალი მანდატები დარჩება, ისინი პირველად გადაეცემა სუბიექტებს, რომლებსაც ფრაქციის შესაქმნელად ხმები არ ეყო (6 მანდატი), დანარჩენები რიგითობის მიხედვით იმ სუბიექტებს შორის ნაწილდება, რომლებმაც პარლამენტში 6-ზე მეტი ადგილი მოიპოვეს.

როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, განახლებული კონსტიტუციის პროექტი პარლამენტმა 2017 წელს უნდა მიიღოს, თუმცა ის ძალაში შევა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0