ბურჯანაძე: პარლამენტის სპიკერი პრეზიდენტს აშანტაჟებს

© photo: Sputnik / Denis Aslanovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის არსებულ კონფლიქტს კომენტარი ნინო ბურჯანაძემ გაუკეთა.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აშანტაჟებს.

ასეთი კომენტარი გაუკეთა ბურჯანაძემ მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრის ირაკლი კობახიძესა და  პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს. ამჯერად კამათის საგანი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გახდა, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, 2023 წლიდან პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას ითვალისწინებს.

ურთიერთობები გამწვავდა ორშაბათს, როდესაც კობახიძემ განაცხადა, რომ მარგველაშვილისა და მისი ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით დაიგეგმა და განხორციელდა დესტრუქციული გეგმები საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ. კობახიძის ბრალდებებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მმართველმა პარტიამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მარგველაშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით შექმნა.

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო ცვლილებები – როგორც ბრალდებების საბაბი

„პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თვითმიზანი გახდა დააშანტაჟოს პრეზიდენტი, დააშანტაჟოს ამომრჩეველი, როდესაც ის საუბრობს მარგველაშვილის დესტრუქციულ ქმედებებზე საკონსტიტუციო ქმედებებთან დაკავშირებით. ეს სხვა არაფერია, გარდა შანტაჟისა“, — განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს „ქართული ოცნება“ დაარსა და რომელმაც პრეზიდენტის პოსტზე მარგველაშვილის კანდიდატურა წამოაყენა, მომავალ არჩევნებზე მოსახლეობის ნდობას ვეღარ მოიპოვებს.

„ხალხის ნდობა მაშინ განუსაზღვრელი იყო ივანიშვილის მისამართით და სულერთია ვის აირჩევდნენ, ოღონდ ბიძინას ეთქვა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მას ეს არ გამოუვა, ხალხმა მის მიმართ ნდობა დაკარგა, იცის, რომ მის არჩევანს არ გაიზიარებენ, ამიტომ გადაწყვიტა საკონსტიტუციო ცვლილება და სურს, რომ ხმოსნებმა გადაწყვიტონ ვინ იქნება პრეზიდენტი“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.

აშშ-ის  ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" პოპულარობა მცირდება. 2017 წლის აპრილში „ქართული ოცნება" მის შეხედულებებთან ყველაზე ახლო მდგომად გამოკითხულთა 29%-მა დაასახელა. 2014 წელს პარტიას მხარს გამოკითხულთა 42% უჭერდა, 2015 – 21%, 2016 წელს — 40%.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე უკვე პარლამენტი მსჯელობს

განახლებულ კონსტიტუციაზე მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. მაისამდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ყველა წინადადებას თავს უყრიდა და პროექტს წერდა. თუმცა საბოლოო ვერსია კომისიის ყველა მონაწილეს არ მოეწონა და მას მხარი დაუჭირეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და რამდენიმე ექსპერტმა.

ცვლილებები ითვალისწინებს მმართველობის ნახევრადსაპრეზიდენტო ფორმიდან საპარლამენტოზე გადასვლას. აქედან გამოდინარე, პროექტში შემცირებულია პრეზიდენტის უფლებამოსილებანი. პრეზიდენტი შეინარჩუნებს სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს და უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობას, მაგრამ კანონის მოქმედი ვერსიისგან განსხვავებით, ყველა მისი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო მოწყობასა და თავდაცვას შეეხება, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებას მოითხოვს.

იცვლება აგრეთვე პრეზიდენტის არჩევის სისტემა. თუ 2018 წელს ქვეყნის პრეზიდენტს ჯერ კიდევ მოსახლეობა ირჩევს, შემდგომ მას 300 ხმოსანი აირჩევს — პარლამენტის 150 დეპუტატი, აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი და რეგიონების თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

განახლებული კონსტიტუციის პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენების ფორმატში უკვე დაიწყო. „ქართული ოცნების" განცხადებით, კონსტიტუციის განახლებული პროექტი საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს უნდა მიიღოს, თუმცა, ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0