თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით შექმნა, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
„ქართულ ოცნებასა" და მარგველაშვილს შორის დაძაბული ურთიერთობაა, რომელიც პერიოდულად მწვავდება. ამჯერად კამათის საგანი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გახდა, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, 2023 წლიდან პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას ითვალისწინებს.
განახლებულ კონსტიტუციაზე მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. მაისამდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ყველა წინადადებას თავს უყრიდა და პროექტს წერდა.
„პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან 6 თვის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება რეალურად იყო ანგარიშსწორება ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსთან — პრეზიდენტ მარგველაშვილთან… ქართველ ხალხს სურს აირჩიოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით და მათი ეს სურვილი არ შეეხება კონკრეტულად 2018 წელს მარგველაშვილის არჩევას", — განუცხადა აბაშიშვილმა ურნალისტებს.
ასე უპასუხა აბაშიშვილმა სახელმწიფოს მეთაურის მისამართით ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ კრიტიკას. ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ მარგველაშვილისა და მისი ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით დაიგეგმა და განხორციელდა დესტრუქციული გეგმები საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ.
„დესტრუქცია არის ის, რაც შედიოდა კონკრეტული სუბიექტების გეგმებში… მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს ამ სისტემაში აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია კონსტიტუციასთან მიმართებით და ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ პირობებში გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ. ეს გეგმა არა წარმატებულად, მაგრამ მაინც განხორციელდა, ამიტომ ლოგიკურია კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს აზრი კომპრომისს პრეზიდენტის არჩევის წესთან მიმართებაში", — განაცხადა კობახიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებებით უკმაყოფილო მარგველაშვილი დიდი ხანია მართავს კამპანიას „კონსტიტუცია ყველასთვის", რომლის ფარგლებში ის და მისი ადმინისტრაციის წევრები მოსახლეობას რეგიონებში ხვდებიან.
განახლებული კონსტიტუციის პროექტს აპროტესტებენ წამყვანი ოპოზიციური პარტიები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა ნაწილი.
კონსტიტუციის განახლებული პროექტი საქართველოს მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის უფლებამოსილება მცირდება და იზრდება მთავრობის უფლებამოსილება. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას და პარლამენტის არჩევნების ახალი სისტემის — მთლიანად პროპორციულის დანერგვას.
„ქართული ოცნების" განცხადებით, კონსტიტუციის განახლებული პროექტი საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს უნდა მიიღოს, თუმცა, ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.
განახლებული კონსტიტუციის პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენების ფორმატში უკვე დაიწყო. მანამდე კი პროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვაზე იყო წარდგენილი, რომელიც სხვადასხვა ქალაქში დაახლოებით ერთ თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და გასულ კვირას დასრულდა. განხილვებში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები და რიგითი მოქალაქეები.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები 33-ჯერ შევიდა, აქედან 25-ჯერ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში შემცირდა პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომლებიც მთავრობასა და პარლამენტს შორის გადანაწილდა. სიახლე ძალაში უკვე ახალი პრეზიდენტის — გიორგი მარგველაშვილის დროს, 2013 წელს შევიდა.