საქართველოს პრეზიდენტი ძალაუფლების დაბალანსებული სისტემის მომხრეა

© FB / Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი ბათუმის მცხოვრებლებს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი ბათუმის მცხოვრებლებს შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი და დეპუტატები დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში შეხვდნენ.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მმართველობის ნებისმიერი ფორმის დროს ხელისუფლების სხვადასხვა შტოები ერთმანეთს უნდა აბალანსებდეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში კონსტიტუციის განახლებული პროექტის საყოველთაო განხილვისას.

მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა ცვლილებების პროექტი პარლამენტს გადაუგზავნეს, ქვეყანაში მათი საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობდა  საქართველოს პრეზიდენტი —  ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მარგველაშვილმა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა დაგეგმილი ცვლილებები მოსახლეობასთან ერთობლივად განიხილეს.

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, მონაწილეებს პრეზიდენტისა დეპუტატებისათვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. ძირითადი შეკითხვები მმართველობის ახალ ფორმაზე გადასვლას და არჩევნების სისტემას ეხებოდა.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ოპოზიციურ მოძრაობას „დაიცავი კონსტიტუცია"

განახლებული კონსტიტუციის პროექტი საქართველოს ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმიდან საპარლამენტოზე გადასვლას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილებები, მთავრობის კი — იზრდება. გარდა ამისა, გათვალისწინებულია პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის გაუქმება და საპარლამენტო არჩევნების ახალი — მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემის შემოღება.

"მე ვარ დაბალანსებული მოდელის მომხრე და დაბალანსებული მოდელი მდგომარეობს შემდეგში, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები აბალანსებენ ერთმანეთს, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტები მაქსიმალური ეფექტურობით მუშაობენ. მე ისეთი მოდელის მომხრე ვარ, სადაც არც ერთ შტოს ძალაუფლების ზედმეტი კონცენტრაცია არ ექნება", — განაცხადა მარგველაშვილმა.

საყოველთაო განხილვის დროს მარგველაშვილმა კონსტიტუციის შეთავაზებული ვარიანტი გააკრიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლისას პარლამენტის უფლებამოსილება არ იზრდება.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს განახლებულ კონსტიტუციას ხელი 109 დეპუტატმა მოაწერა

"რატომ არ ვაძლიერებთ რეალურად პარლამენტს? რატომ ვაძლევთ პრემიერ-მინისტრს იმის უფლებას, რომ პრემიერ-მინისტრის დამტკიცების შემდეგ, ყოველდღე ცვალოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა?", — დასვა შეკითხვა პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაურს უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

"ჩვენ მთლიანად შევცვალეთ ნაწილი, რომელიც ეხება მთავრობას, და ამით პარლამენტის უფლებამოსილება იზრდება. ამოვიღეთ ჩანაწერი მინისტრთა კაბინეტის ერთი მესამედის როტაციის შემდეგ ნდობის გამოცხადების შესახებ, რადგან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა გავამარტივეთ", — განაცხადა კობახიძემ.

სპიკერის თქმით, თუ ვენეციის კომისია, რომელმაც კონსტიტუციის განახლებული პროექტის თაობაზე თავისი შენიშვნები უახლოეს დროს უნდა წარადგინოს, პროექტის რომელიმე ნაწილს არადემოკრატიულად ჩათვლის, ის გადაისინჯება.

მარგველაშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი მას შემდეგ განაცხადეს, რაც პრეზიდენტს თანათავმჯდომარის თანამდებობაზე უარი ეთქვა. საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მუშაობა აპრილის ბოლოს დაასრულა, კობახიძე ხელმძღვანელობდა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს განახლებული კონსტიტუცია 2018 წელს ამოქმედდება

გარდა ამისა, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების ინიციატივით უკმაყოფილო გიორგი მარგველაშვილმა წამოიწყო კამპანია "კონსტიტუცია ყველასათვის", რომლის ფარგლებში რეგიონებში მოსახლეობასთან არა ერთი შეხვედრა ჩაატარა. ამის გამო ის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში დაადანაშაულეს.

განახლებული კონსტიტუციის წარმოდგენილ პროექტს ეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ნაწილი.

"ქართული ოცნების" განცხადებით, კონსტიტუციის განახლებული პროექტი, საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს უნდა მიიღოს, თუმცა, ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.

ყველა ახალი ამბავი
0