თბილისი, 2 მაისი — Sputnik. პარლამენტის ბიურომ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების — „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ" და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" 109 დეპუტატის ხელმოწერა დაარეგისტრირა, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე.
საქართველოს განახლებული კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. შესწორებები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა, ითვალისწინებს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის და პარლამენტში ერთმანდატიანი ოლქების წარმომადგენელთა არჩევის გაუქმებას, ასევე სხვა სიახლეებს.
კანონის თანახმად, დეპუტატების ხელმოწერები, მათი ნამდვილობის შემოწმების მიზნით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა. ამის შემდეგ პარლამენტი მიიღებს დადგენილებას „საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ", განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
კომისიამ განახლებული კონსტიტუციის საყოველთაო განხილვა ქვეყნის რეგიონებში ერთი თვის განმავლობაში უნდა ჩაატაროს.
შესწორებები განსახილველად ივნისში პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე დაბრუნდება. წინასწარი ინფორმაციით, შესწორებების პროექტს პირველი ორი მოსმენით ზაფხულში მიიღებენ, ხოლო მესამე მოსმენით — შემოდგომაზე.
განახლებული კონსტიტუცია და შესწორებები კანონში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" 2018 წელს არჩეული ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილების ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედდება.
მმართველ პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს.
განახლებული კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოდიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტთა ნაწილი. პროცესზე ზემოქმედების მიზნით მათ დაიწყეს მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუცია".
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებები 33-ჯერ შეიტანეს, აქედან 25-ჯერ – მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.