თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებათან დაკავშირებით, ქვეყნის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებზე პლებისციტის დანიშვნისკენ მოუწოდებს.
მმართველი პარტია „ ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ 2023 წლისთვის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმების შესახებ ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადასვლით ახსნა. კონსტიტუციაში მსგავსი შესწორებების შეტანის კატეგორიული წინააღმდეგია გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს.
„ევროპული საქართველოს“ ინიციატივაა გაიმართოს პლებისციტი ორ ძირითად საკითხთან დაკავშირებით: პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და საპარლამენტო არჩევნების სისტემა, სადაც საქართველოს მოსახლეობა საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებს, სურთ თუ არა ჰქონდეთ პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პარლამენტი უნდა იყოს საქართველოში“, — განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძის სიტყვებით, პლებისციტის გამართვა დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული არ იქნება. ის შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, რომელიც 2017 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.
ბაქრაძე კვირიკაშვილს მოუწოდებს ხალხს არჩევანის უფლება მისცეს.
„თუ პრემიერს და დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკური გამბედაობა არ ჰყოფნის აზრი ქართველ ხალხს ჰკითხოს, „ევროპული საქართველო“ მზადყოფნას გამოთქვამს ხელმოწერების შეგროვების მიზნით პოლიტიკურ პარტიებთან და პრეზიდენტთან კონსულტაციები დაიწყოს“, — აღნიშნა ბაქრაძემ.
ხელმოწერებს იურიდიული ძალა არ ექნებათ, თუმცა ეს იქნება მაჩვენებელი იმის, თუ რა სურს ქართველ ხალხს, განაცხადა ბაქრაძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შაბათს ქვეყნის მთავარ კანონში შესწორებების პროექტის საბოლოო ვარიანტი მიიღო. პროექტს ხელი არ მოაწერეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც კომისიაში მუშაობდნენ. ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი წინადადებები არ გაითვალისწინა.