ქაღალდი ყველაფერს უძლებსო!… ეს სიტყვები ხშირად მახსენდება, განსაკუთრებით კი, ბოლო დროს, როცა სახელმწიფოს ძირითადი კანონის სრულყოფის მიზნით გაწერილ, ცალკეულ კონსტიტუციურ ნორმებს ვეცნობი. ორი ათეული წლის მანძილზე საკონსტიტუციო რეფორმის შემხედვარეს და, როგორც ჩვენში იტყვიან, „საქმეში კარგად ჩახედულს“, უკვე არაფერი მიკვირს, მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდი. ამჯერად ასეთი რა ამოიკითხეო — შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი… სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ დათქმულ დროზე თითქმის ათი დღით ადრე გამოქვეყნებულ ცვლილებათა პროექტში გაბნეულ „სამკაულებს“ რა გამოლევს, თუმცა, თქვენ ყურადღებას მხოლოდ ერთ ჩანაწერზე გავამახვილებ.
„კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, — ნათქვამია ახალი კონსტიტუციის პროექტის 79-ე მუხლში, რომელიც გარდამავალი დებულებების მე-11 თავშია მოქცეული. ერთი სიტყვით, ძრწოდეთ „პრორუსებო“ და გიხაროდენ „პროდასავლელებო“… აწ უკვე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ხელისუფლების საკონსტიტუციო ვალდებულებად იქცევა! რატომ ჩაიდო ეს ვალდებულება კონსტიტუციის პროექტში და რა გარანტიას იძლევა ის? კომისიის თავმჯდომარე და პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისკენ მისწრაფების საკითხი, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სრულიად გამიზნულად მოხვდა კონსტიტუციის პროექტში…
ირაკლი კობახიძე (პარლამენტის თავმჯდომარე) — „უმთავრეს პრიორიტეტად სახელმწიფოს საგარეო კურსის თვალსაზრისით, განსაზღვრულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რომელიც ასახულია, მათ შორის, პარლამენტის მიერ გასული წლის ბოლოს მიღებულ შესაბამის რეზოლუციაში… მიზანშეწონილად ჩაითვალა გარდამავალ დებულებებში, ანუ დროებითი რეგულაციების დამდგენ თავში, შესაბამისი რეგულაციის გაჩენა…“
ჩანაწერი არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს კომისიის წევრებს შორის. წინააღმდეგობა თავად „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებშიც შეინიშნება.
კობა ნარჩემაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება — სოციალ-დემოკრატები“) — „პრეამბულაში, იქ, სადაც უნდა აისახოს კონსტიტუციის ძირითადი, მარადიული, წარუვალი ღირებულებები, კატეგორიულად მიზანშეუწონლად მიმაჩნდა ასეთი ჩანაწერის არსებობა… ხოლო, რაც შეეხება გარდამავალ დებულებებში ამგვარი ჩანაწერის გაჩენას, როგორც დროებითი კომპრომისული ღონისძიება, შესაძლებელია განვიხილოთ…“
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სხვადასხვა მიზეზის გამო საკონსტიტუციო კომისია პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ შორის იყო პოლიტიკოსი, რომლის გაღიზიანება ამ ჩანაწერმაც განაპირობა…
დიმიტრი ლორთქიფანიძე (პარტია „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“) – „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმაც კი ვერ გაბედა ეს 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში… „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მარიონეტული ხელისუფლებაა და ის მოქმედებს არა ეროვნული ინტერესით, არამედ იმ ვალდებულებებით, რომლებიც საკუთარი პატრონის წინაშე გააჩნია…“
მიუხედავად მრავალ საკითხზე კატეგორიული წინააღმდეგობისა, მათ შორის პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესის გაუქმება, გაუნაწილებელი მანდატების არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალისთვის მიკუთვნება და ა.შ., პროდასავლურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციაში ასახვას და ეს მეტად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიაჩნიათ. იგივე პოზიცია აქვთ ანალიტიკოსებსაც. ამავე დროს მათი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ქაღალდზე დაწერილი არაფერს ნიშნავს, კონკრეტული ქმედებების გარეშე…
ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე: „როდესაც შენ მთავარ კანონში გაქვს ქვეყნის ფუნდამენტური მიმართულება, თუ საითკენ უნდა წავიდეს და, მით უმეტეს, როდესაც ბევრს ამ ქვეყანაში ეჭვი ეპარება, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, ბოლომდე გულწრფელად არ ადგას ამ გზას, რა თქმა უნდა, ეს არის, ერთის მხრივ, დამატებითი გარანტია, რომ არსებობს ეროვნული კონსენსუსი, აი, ამ საკითხზე და, მეორეს მხრივ, კონსტიტუციის შეცვლა მომავალში ძნელი იქნება და, შესაბამისად, ეს ჩანაწერი დარჩება კონსტიტუციაში… თუმცა, მთავარი მაინც არის ის, თუ რამდენად მწყობრად ივლის ქვეყანა ამ მიმართულებით და, განსაკუთრებით, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები რას გააკეთებენ იმისათვის, რომ ამ მხრივ იყოს პროგრესი…“
ამ საკითხზე განსხვავებული აზრი არის არასამთავრობო სექტორსა და ანალიტიკოსთა შორის. გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია. შეფასებებში თავისუფლები არიან მესამე სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც არასოდეს შეუნიშნავთ ე.წ პროდასავლურ ან პრორუსულ ძალებთან პოლიტიკურ კეკლუცში.
ირაკლი გოგავა: („საქართველოს განვითარების ლაბორატორია“, ხელმძღვანელი) — „ძალიან არასერიოზულად მეჩვენება ის ჩანაწერი, რომელსაც აპირებენ საქართველოს კონკრეტულ ორგანიზაციებში ინტეგრაციის შესახებ. არცერთი ქვეყანა არ არსებობს მსოფლიოში, რომელსაც უწერია, რომ რომელიმე ორგანიზაციის წევრობა მისი საკონსტიტუციო ნორმაა. ის ორგანიზაცია რომ გაუქმდეს საერთოდ, კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ? ეს კლასიკური არასერიოზულობა არის დასავლეთში ქულების მოპოვებისთვის წარმოჩენილი ინიციატივა. თუ 2020 წელს ან მანამდე მოვიდა სხვა ხელისუფლება, რომლისთვისაც არ არის ეს მიმართულება პრიორიტეტი, კონსტიტუციის გამო ვერ უნდა განახორციელოს თავისი პოლიტიკური მიზნები? ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვემხრობით ევროპასთან ინტეგრაციას, მაგრამ ასეთ ჩანაწერებს ქვეყნები არ აკეთებენ…“
სახელმწიფოს ძირითად კანონში საგარეო პოლიტიკური კურსის ასახვას მიზანშეუწონლად მიიჩნევენ თავად კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები.
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი (სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი) – „მსგავსი პრაქტიკა კონსტიტუციური სამართლისთვის უცხოა… ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის, მათ შორის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, პარლამენტის უფლებამოსილებაა. ის კანონშემოქმედებითი საქმიანობით და კონკრეტული გადაწყვეტილებებით ახდენს პოლიტიკის ფორმირებას. ასეთი ჩანაწერის გაკეთება მიზანშეუწონლად მიმაჩნია…“
ვნახოთ, როგორი იქნება ვენეციის კომისიის პოზიცია… დრო ჯერ კიდევ არის. საინტერესოა საბოლოოდ რა სახეს მიიღებს პროექტი საყოველთაო სახალხო განხილვის შემდეგ.