თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო კომისია, რომელიც საქართველოს მთავარ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობს, კიდევ ორმა პარტიამ დატოვა — საპარლამენტო "მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველომ" და არასაპარლამენტო "თავისუფალმა დემოკრატებმა".
მანამდე კომისია დატოვა "ნაციონალურმა მოძრაობამ", "პატრიოტთა ალიანსმა", რომლებიც პარლამენტშია წარმოდგენილი, ასევე "სახელმწიფო ხალხისთვის" და "დემოკრატიულმა მოძრაობამ".
კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია — "საქართველოს ლეიბორისტული პარტია", საბოლოო გადაწყვეტილებას შაბათს მიიღებს. ამ შემთხვევაში მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო", რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია, კომისიაში მარტო დარჩება.
"ქართულ ოცნებასთან" უთანხმოების გამო რიგ საკითხებზე, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმების ინიციატივის გამო, ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით უკმაყოფილება არა ერთხელ გამოუთქვამთ.
"საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული შეთავაზებული ცვლილებები მიმართულია არა პრეზიდენტის, როგორც ქვეყნის ინსტიტუციონალური მმართველობის პროცესში მაღალი ლეგიტიმაციის ნეიტრალური არბიტრის როლის წინააღმდეგ, არამედ ემსახურებიან პრეზიდენტის რეალური უფლებამოსილების შემცირებას და მასზე მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან კონტროლის გაძლიერებას", — განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ.
მმართველი პარტიაც და ოპოზიცია შეთანხმდნენ იმაში, რომ საჭიროა საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემის გაუქმება და მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემის შემოღება. მაგრამ ოპოზიციონერებს არ მოსწონთ პარლამენტში გასულ პარტიებს შორის გაუნაწილებელი მანდატების განაწილების მეთოდი.
"ევროპული საქართველო" ბოლო მომენტამდე ცდილობდა მიგვეღო ისეთი საკონსტიტუციო მოდელი, საარჩევნო სისტემა, რომელიც ქართველ ამომრჩეველს შესაძლებლობას მისცემდა ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეეცვალა. თუმცა, როგორც ვხედავთ, "ქართული ოცნება" მოსახლეობას თვალში ნაცარს აყრის", — განაცხადა "მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ.
პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიებს შორის გაუნაწილებელ მანდატებს იღებს ის პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს. შერეული სისტემის შემთხვევაში (პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნები), გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა ნაკლები გამოდის. ახალი სისტემის დროს, როდესაც მხოლოდ პროპორციული არჩევნები ჩატარდება, ფორმულა უნდა გამოითვალოს ყველა 150 მანდატიდან გამომდინარე.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა ფაქტობრივად დაასრულა. შემაჯამებელი სხდომა შაბათისთვის არის დაგეგმილი. შემდგომში დოკუმენტი განსახილველად გადაიგზავნება პარლამენტში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვას დაიწყებს.