– ბატონო გია, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში წამოჭრილი ყველა საკითხი კონკრეტულ სახელებთან და გვარებთან კავშირში განიხილება, რამდენად მართებულია ეს და უნდა იყოს თუ არა სახელმწიფოში დაცული ძალთა ბალანსი?
— ქვეყანაში უნდა იყოს ერთი უშიშროების საბჭო. სახელმწიფოში უნდა იყოს მაქსიმალური კოორდინაცია და არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ შეიქმნას ორი ერთნაირწონიანი სტრუქტურა, რომლებსაც ამბიცია ექნებათ, ერთმანეთს გადაასწრონ მმართველობისა და ბერკეტების გამოყენებაში. სახელმწიფოში დაცული უნდა იყოს ძალთა ბალანსი. ვთქვით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა გვინდა? მაშინ პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა შესუსტდეს და იწყებენ საუბარს, რომ, აი, მარგველაშვილს ართმევენ ბერკეტებსა და უფლებამოსილებებს. ზოგი კომედიურ ჟანრში ლაპარაკობს, ზოგი პოლიტიკურში და არავინ ლაპარაკობს მთავარზე, რომ ეს კონსტიტუცია არც მარგველაშვილისთვის არის, არც კვირიკაშვილისთვის და არც ვოლსკისთვის, ეს არის ქვეყნისთვის. ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილური მმართველობა და მთელი ძალისხმევა აქეთ უნდა იყოს მიმართული.
– დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მიერ გამართულმა აქციამ. რა შეფასებას მისცემდით როგორც მოქალაქე და როგორც პოლიტიკოსი?
— როგორც მოქალაქეს კარგად მესმის იმ ჟურნალისტების, ვინც გუშინ გამართულ აქციაზე იყვნენ. მათ ჰქონდათ სტაბილური სამსახური, ხელფასი და ეუბნებიან რომ ამას საფრთხე ემუქრება. ბუნებრივია, ადამიანები არიან და შეშფოთდნენ. მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ვერ გავიზიარებ მიტინგზე არსებულ პათოსს, რომ, თურმე, გვარამიას მიერ არჩეული გზა არის ქრისტეს გზა, ხოლო, ვინც ამას ეწინააღმდეგება, ბარაბას გზას ადგას. სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ პიროვნებისგან ცოტა უცნაურია ამ სიტყვების მოსმენა, კაცი, რომელიც პროკურორის მანტიაში გამოწყობილი მუშტების ქნევით მოუწოდებდა „იმედის“ დარბევისკენ, დღეს უეცრად ღვთისმოსავ კრავად და მედიის უპირველეს დამცველად მოგვევლინა.
ჩემი, როგორც პიროვნების აზრით, მსგავსი თემებით სპეკულირება თავისთავად არასწორია, ამ პიროვნების შემთხვევაში კი უზნეობაა. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს ტელევიზია არის მისი და თავის დროზე მას წაართვეს, ამასთან, როგორც გახსოვთ, გადაუწვეს უძრავი ქონება. სულ ველოდები, რომ გამოვლენ ეს ყარამანაშვილები, დაარტყამენ მაგიდაზე მუშტს და იტყვიან, „რუსთავი 2“ ჩვენიაო, მაგრამ რაღაც არსად ჩანან. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვეულებრივი ქონებრივი დავა გამოიყენა პოლიტიკური სპეკულაციისთვის და დღეს ხალხი, რომელთა მმართველობისას მართლაც სერიოზული ზიანი მიადგა სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიის პრინციპებს, ვითომ მედიის დამცველებად გვევლინებიან. კიდევ ვიმეორებ, ადამიანურად მესმის მიტინგზე მისული ჟურნალისტების, მაგრამ ვერანაირად ვერ მივიღებ მათ ზურგს ამოფარებული პოლიტიკოსების მოსაზრებებს, რომლებიც, რბილად რომ ვთქვა, არასწორია.
თენგიზ ჩოჩუა