საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტით უკმაყოფილოა

© FB / Георгий Маргвелашвилиსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრაზე
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების შეთავაზებული პროექტი პრეზიდენტს ყველა მნიშვნელოვან ფუნქციას ართმევს.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინასწარი პროექტი გააკრიტიკა.

სხვა ყველაფერთან ერთად, ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას და პრეზიდენტისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობის უფლების ჩამორთმევას. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა კონტრასიგნაციის პრინციპის შესაბამისად საქართველოს პრემიერთან უნდა შეთანხმდეს. გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივი ცენზის 35-ის ნაცვლად 40-მდე გაზრდა იგეგმება.

"პრეზიდენტის ფუნქციები შესუსტებულია, მას, ფაქტობრივად, არც ერთი ფუნქცია არ დარჩა. მას პრემიერ-მინისტრის თანხმობა დასჭირდება, და ეს ფუნქციები პრემიერ-მინისტრთან გადადის. ამ მდგომარეობაში რეალურად ვიღებთ არა იმას, რასაც გვეუბნებოდნენ — რომ ეს იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა, არამედ იმას, რომ პრეზიდენტის ფუნქციები პრემიერ-მინისტრთან გადავიდა", — განაცხადა მარგველაშვილმა ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, ცვლილებების მიღების შემდეგ, პრეზიდენტს ის მცირედი უფლებებიც აღარ ექნება, რომლებიც მას 2013 წლის შემდეგ გააჩნდა, როდესაც ძალაში შევიდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიღებული განახლებული კონსტიტუცია.

"ყველაზე საშიში მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი. მთავარსარდალი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლს… გამქრალია უშიშროების საბჭო და რეალურად პრეზიდენტი, რომელსაც ფორმალურად ევალება, ომის შემთხვევაში იყოს მთავარსარდალი, ყოველგვარი კომპეტენციის გარეშე ხდება მთავარსარდალი, და მის მოქმედებებს აღარ ექნება ეფექტურობა", — განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს ოპოზიცია იმედგაცრუებულია საკონსტიტუციო კომისიით

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში მოსახლეობის პირდაპირი კენჭისყრის გზით პრეზიდენტის არჩევის 24-წლიანი ტრადიცია არსებობს.

"ვინ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობამ თქვა, რომ ჩვენ გვინდა საპარლამენტო რესპუბლიკა? ვინ განიხილა საერთოდ დადებითი, ან უარყოფითი მხარეები, შესაძლებლობები, რასაც ქმნის საპარლამენტო რესპუბლიკა, ნახევრად საპრეზიდენტო, ან საპრეზიდენტო? ვის მიუღია ასეთ დებატებში მონაწილეობა? ვის მოუსმენია ამ სისტემების უკეთესობის და უარესობის თემა? არავის. ეს გადაწყვეტილია, მაგრამ სად გადაწყვეტილია — ჩემთვის გაუგებარია", — განაცხადა მარგველაშვილმა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომლის შემადგენლობის უმრავლესობას "ქართული ოცნების" წევრები წარმოადგენენ, მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. ქვეყნის მთავარი კანონის ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მაგრამ მანამდე ისინი ვენეციის კომისიას რეკომენდაციების მისაღებად გადაეგზავნება.

საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებები ძალაში 2017 წლის ბოლომდე უნდა შევიდეს.

ყველა ახალი ამბავი
0