თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებების განხილვაში მოსახლეობის მაქსიმალურად ჩართვის მიზნით, პარტიებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ.
მარგველაშვილი გუშინ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მანამდე ქვეყნის მთავარ კანონში საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემოთავაზებული შესწორებების ვარიანტის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. იმისთვის, რომ პროცესზე გავლენა მოახდინონ, მათ დაიწყეს მოძრაობა "დაიცავი კონსტიტუცია". მანამდე შესწორებების პროექტით უკმაყოფილო პრეზიდენტმა თავისი კამპანია "კონსტიტუცია ყველასთვის" დაიწყო.
"ჩვენ არ ვაპირებთ რაღაც ერთიანი კამპანიის წარმოებას. ბუნებრივია, ყველას აქვს თავისი გეგმა ამ მიმართულებით და ყველა თავისი გეგმით განახორციელებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ინტერესი ამ შემთხვევაში, რომ მივიღოთ უკეთესი კონსტიტუცია, დაცული უფლებები, უფრო მეტად გარანტირებული სახლემწიფოებრივი უსაფრთხოებისა თუ საერთოდ, სახელმწიფოებრიობის საფუძვლების დაცვა, ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მზად, რომ ამ ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი", — განუცხადა ჩიხრაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი კვლავინდებურად აქტიური იქნება საკონსტიტუციო რეფორმების პროცესში, რათა ქვეყანას დაბალანსებული კონსტიტუცია ჰქონდეს.
პრეზიდენტი, ასევე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ, ეწინააღმდეგებიან პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას, მაღალ საარჩევნო ბარიერს, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვას და საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მანდატების განაწილების მეთოდს. კომისია პროტესტის ნიშნად შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ დატოვა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რიგმა ექსპერტებმა შესწორებების პროექტს ხმა არ მისცეს.
საქართველოს განახლებული კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და 2017 წლის 22 აპრილს დაასრულა. მალე ქვეყნის რეგიონებში ერთი თვის განმავლობაში შემოთავაზებული შესწორებების საყოველთაო განხილვა დაიწყება.
შესწორებები განსახილველად ივნისში პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე დაბრუნდება. წინასწარი ინფორმაციით, შესწორებების პროექტს პირველი ორი მოსმენით ზაფხულში მიიღებენ, ხოლო მესამე მოსმენით — შემოდგომაზე. ახალი კონსტიტუცია 2018 წელს ამოქმედდება.
შესწორებების პროექტს უკვე გაეცნო ვენეციის კომისია, რომელიც დასკვნას მოამზადებს. მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" შენიშვნების გათვალისწინების პირობა დადო.