თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ უბრუნდება პოლიტიკას და ახალ ოპოზიციურ პარტიას ქმნის.
უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტია" 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. პარტიის რიგები ასევე დატოვეს სხვა წევრებმა, მათ შორის უსუფაშვილის მეუღლემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
"მე დღეიდან ვბრუნდები პოლიტიკაში, ვბრუნდები იმისთვის, რათა ვაკეთო საქმე უკეთ იმ თანამოაზრეებთან ერთად, ვინც მზად არის ქვეყნის სამსახურისთვის. მე ვბრუნდები პოლიტიკაში გამოცდილებით, რომელიც არ ყოფილა ერთნაირად წარმატებული. მე ვბრუნდები პასუხისმგებლობით იმ შეცდომებზე, რომელიც ჩემი თანამონაწილეობითაც ხდებოდა როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მე ვბრუნდები პოლიტიკაში სწორედ იმ ვალდებულებით, რომ მე გამოცდილება, ცოდნა, ენერგია უნდა მოვახმარო საქმის უკეთ კეთებას", — განაცხადა უსუფაშვილმა.
„რესპუბლიკური პარტია“ 2016 წლის ივლისამდე კოალიცია "ქართული ოცნების" აქტიური წევრი იყო. მის წევრებს ქვეყნის მთავრობაში მაღალი თანამდებობები ეკავათ. 2016 წლის არჩევნებზე კოალიციაში შემავალი პარტიები დამოუკიდებლად გავიდნენ. პარლამენტში მოხვდა მხოლოდ "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო", რომელმაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო.