ყველაფერი წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით ვითარდება. ვარდობისთვის მესამე დღეს ხალხის რჩეულები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეიკრიბნენ და არჩევანი გააკეთეს… 80 მომხრე და 1 წინააღმდეგი, — ასეთია კენჭისყრის შედეგი. კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობა და პერსონალური შემადგენლობა ცნობილია. ცხრაკაციან კომისიას პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიაში არიან დეპუტატები — თამარ ჩუგოშვილი, სერგი კაპანაძე, ირმა ინაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი; ექსპერტები – ვასილ გონაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი; „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ეკა გიგაური. საორგანიზაციო კომისიის წევრია თორნიკე ჭეიშვილი. ცვლილებათა პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა 5 მაისს ქუთაისიდან დაიწყება და 15 მაისს თბილისში დასრულდება. უკვე ცნობილია, რომ კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თერთმეტ ქალაქში გაიმართება. ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა და რუსთავი, — ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, რომელთაც კომისია მოივლის. სწორედ მაშინ, როცა ქვეყნის ძირითად კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის სახალხოდ სამსჯავროზე გატანის საკითხი და კონკრეტული დეტალები წყდებოდა სახელმწიფოს მეთაურმა პროცესში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა…
გიორგი მარგველაშვილი — „საზოგადოებასთან დისკუსია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩემი მოვალეობაა. თან, რაც მთავარია, ამ პროცესში სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ ჯერ ველოდები რას შემომთავაზებს მმართველი გუნდი და კომისია…“
სახელმწიფოს მეთაურის სურვილი „ქართულ ოცნებას“ უყურადღებოდ არ დაუტოვებია და პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობის სახელით საშური ოპერატიულობით პირველი ვიცე-სპიკერი გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილი კომისიაში მიიპატიჟეს…
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი — „საქართველოს პრეზიდენტთან წინადადება გვაქვს და გვინდა, რომ საერთო-სახალხო განხილვების პროცესში მოვიპატიჟოთ. ძალიან კარგი იქნება, თუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი მოსახლეობას ერთობლივად გაესაუბრებიან და ცვლილებებს გააცნობენ. მით უმეტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტს ეს პროცესი გარკვეული პერიოდია დაწყებული აქვთ. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ამ პროცესმა რაიმე კონფრონტაციული ხასიათი მიიღოს, პირიქით, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მსჯელობა საგნობრივ დისკუსიაში გადავიდეს და მოსაზრებები ერთმანეთს მედიის მეშვეობით კი არ გავუზიაროთ, არამედ ასეთ შეხვედრებზე და საუბრების დროს. ახლა გაფანტულია პროცესი, როცა ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს. ყველა ზრდასრული ადამიანი ვართ და იმის უნარი გვაქვს, რომ პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს…“
მოგვიანებით ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ მმართველი გუნდის შეთავაზება ძალაშია.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - „ჩვენ ჩვენი შეთავაზება წარვუდგინეთ პრეზიდენტს და ახლა ველოდებით პასუხს. ჩვენი შეთავაზება, რა თქმა უნდა ძალაშია. საყოველთაო სახალხო განხილვა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებასთან სხვადასხვა პოზიციები განვიხილოთ. ყველას გვაქვს ჩვენი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში, საკონსტიტუციო ცვლილებაში. აქედან გამომდინარე განხილვა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ ჩვენ ჩვენი მოსაზრებები ერთად განვიხილოთ საზოგადოებასთან. ჩვენ ვართ ამისთვის აბსოლუტურად გახსნილი და იმედი გვაქვს, რომ იგივე პოზიცია ექნება საქართველოს პრეზიდენტს…“
დარწმუნებული ვარ მკითხველი დამეთანხმება, რომ საინტერესოა რამდენად შედეგიანი იქნება მსგავსი ფორმატი, როცა წინასწარ ცნობილია, რომ პროექტით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის რადიკალურად საპირისპირო ხედვებია. არავინ უარყოფს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესმა კიდევ უფრო გააღრმავა დაპირისპირება მხარეთა შორის.
საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის ახლებური დებულებების მიხედვით იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი. არჩევნების შედეგად გაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას მიკუთვნება. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა საარჩევნო ბლოკების აკრძალვაც.
ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ამგვარ ფორმას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ დოკუმენტი, რომელიც ყოველგვარი კონსესუსის გარეშეა შექმნილი, მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერაა ხელმოწერილი. პრეზიდენტმა კოსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრები მანამდე დაიწყო, ვიდრე საორგანიზაციო კომისია ჩამოყალიბდებოდა. ფაქტია, რომ პრეზიდენტმა, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, შეხვედრები რეგიონებში, მათ შორის სამცხე–ჯავახეთში, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში გამართა. საჯარო განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“… ხოლო „ევროპული საქართველო“ პროცესში ჩაერთვება…
კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი — „იმ საერთო-სახალხო განხილვების დროსაც, რომელსაც საკონსტიტუციო კომისია განახორციელებს, „ევროპული საქართველო“ ისაუბრებს იმის აუცილებლობაზე, რომ საჭიროა ჩატარდეს საერთო-სახალხო გამოკითხვა, პლებისციტი და, საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს იმ კონსტიტუციური ცვლილებების ბედი, რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“ და რომელსაც იწუნებს მთელი საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები…“
ამ ფონზე ლოგიკურია კითხვა შესაძლებელია თუ არა კონსტრუქციული საუბარი და როგორია „ქართული ოცნების“ მზაობა…
ირაკლი კობახიძე — „ჩვენ ვართ მზად აბსოლუტურად კონსტრუქციული საუბრისთვის ჩვენს ხალხთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი, აქედან გამომდინარე, არ გვეშინია ასეთი განხილვის…“
რეალურად შედგება თუ არა პოლიტიკური დუეტი დრო გვიჩვენებს… წამზომი ჩართულია…