ერთგულ მკითხველს, ასეთი კი ბევრი გვყავს, ემახსოვრება, რომ სახელმწიფოს მეთაურის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიბრძანებამდე რამდენიმე საათით ადრე ვწერდი: „როგორ შეეყრებიან ერთმანეთს… რას ეტყვის პრეზიდენტი პარლამენტერებს და რას უპასუხებენ ხალხის რჩეულები… როგორი იქნება პასუხის პასუხი… რას მოვისმენთ და ვიხილავთ ისეთს, რაც ჯერ არ გვსმენია და არ გვინახავს?…“ გიხაროდენ! ყველა კითხვაზე არის პასუხი და წინამდებარე სტატიაც ამ მნიშვნელოვან მოვლენას ეძღვნება… პრეზიდენტი პარლამენტში დათქმულ დროს გამოცხადდა… თქვენ ყურადღებას ამთავითვე ერთ გარემოებაზე გავამახვილებ. „მისი აღმატებულება, საქართველოს პრეზიდენტი“ და შემდეგ სახელი და გვარი, — ტრადიციულად ასე წარადგენდნენ ხოლმე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით მიბრძანებულ სახელმწიფოს მეთაურს. ამჯერად რატომღაც ლაკონიურად ითქვა: „საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი“… რატომ? ეს ის კითხვაა, რომელზეც არ მაქვს პასუხი და ერთად ვიფიქროთ „მისი აღმატებულება“ მეტადრე „კვეცადია“ თუ „კუმშვადი“…
პრეზიდენტმა სალაყბოს ტრიბუნა დაიკავა. შემდეგ იყო ოცგვერდიანი მოხსენება. აქ კი, ტრადიცია არ დარღვეულა, არანაირი კონკრეტიკა და მხოლოდ ზოგადი ფრაზები. განხილული იყო საკითხთა ფართო სპექტრი… პოლიტიკური პროცესები, საგარეო გამოწვევები და უსაფრთხოება, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები, საკონსტიტუციო რეფორმა, პრეზიდენტის არჩევის წესი, ზოგადად საარჩევნო კანონმდებლობა, ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობის განვითარების პერსპექტივა, ეკონომიკა, უმძიმესი სოციალური ფონი და უმუშევრობა, სასამართლო ხელისუფლება, ადამიანის უფლებები, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. პრეზიდენტის მოხსენების ერთი ნაწილი მმართველი გუნდის კრიტიკას დაეთმო.
ორსაათიანი შესვენების შემდეგ, დებატების ფორმატში პრეზიდენტს პარლამენტარებმა უპასუხეს. მიკერძოებული და არაობიექტური, — ასე შეაფასეს სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომელთაც ოპონენტებიც გააკრიტიკეს და მათ 2012 წლიდან გატარებული რეფორმები, საერთაშორისო რეიტინგები და ეკონომიკური ზრდის ბოლო მაჩვენებლები შეახსენეს. მმართველი გუნდის წევრებმა პრეზიდენტს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პატივისცემისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს. პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდამჭერი განცხადებების პარალელურად გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა გააკრიტიკეს. მათ საერთო შეფასებით პრეზიდენტი ხელისუფლებასთან მიმართებაში კიდევ უფრო მკაცრი და ხისტი უნდა ყოფილიყო.
მრავალსაათიანი დებატების მიწურულს, მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურის ყოველწლიურ მოხსენებას აფასებდა ყველაზე ხშირად გაისმა სიტყვათა წყობა „უბრალოდ არ არის სწორი…“ ნათქვამის დასადასტურებლად ირაკლი კობახიძის ციტირება საჭირო არ არის, დარწმუნებული ვარ მკითხველი მენდობა. ვინც ჯერ კიდევ ეჭვის თვალით მიყურებს ვურჩევ გაეცნოს ქვეყნის პირველი კანონმდებლის გამოსვლის შინაარსს. დებატები თავად პრეზიდენტმა შეაჯამა და აღნიშნა, რომ პარლამენტართა წინაშე სახელმწიფოს მეთაურმა ხალხის სათქმელი გააჟღერა. ასეთია ერთი დღის მოკლე ქრონიკა. რა იყო მთავარი გზავნილი და რა იკითხება მწვავე განცხადებებისა და ურთიერთბრალდებების მიღმა…
მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე: „გიორგი მარგველაშვილი უკვე მეოთხედ გამოვიდა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით. პრეზიდენტმა პრეზიდენტმა დაახლოებით ნახევარი საათი ისაუბრა. სენსაცია არ შედგა — წინა სამი მოხსენების მსგავსად მეოთხე მოხსენებასაც არაფერი ჰქონდა საერთო ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სერიოზულ და კომპეტენტურ მსჯელობასთან. სახელმწიფოს მეთაური ან საერთოდ არ შეეხო ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს ან ზოგიერთი მათგანის მხოლოდ ზერელე და არასრული ხსენებით შემოიფარგლა. ეს ის შემთხვევაა, როცა სრულიად ვეთანხმები მთავრობისა და მმართველი
გუნდის შეფასებას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი მოუმზადებელი წარსდგა ხალხის რჩეულთა წინაშე. ამიტომაც მოხსენების დეტალური ანალიზისგან თავს შევიკავებ…“
შეფასება მკაცრია, თუმცა ჩემი რესპონდენტი გამონაკლისი როდია ექსპერტ-ანალიტიკოსთა შორის. არ არის დასამალი, რომ მათი დიდ უმრავლესობა პრეზიდენტისგან გაცილებით მეტს ელოდა და ამაზე ღიად მიანიშნებენ. რა არ ეყო პრეზიდენტს, კონკრეტულად რა და როგორ უნდა ეთქვა…
პეტრე მამრაძე: „ის რასაც ახლა მოგახსენებთ მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ გახლავთ. გავესაუბრე კოლეგებს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსბ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საერთო ხედვას გაგიზიარებთ. ძალიან მოკლედ გეტყვით რა იყო საჭირო… ეგება სახელმწიფოს მეთაურმა ჩემი ეს რეკომენდაციები მეხუთე მცდელობისას გაითვალისწინოს. საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრისას საჭირო იყო ხელისუფლებათა შტოების რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე საუბარი. საგულისხმოა, რომ გიორგი მარგველაშვილის კონსტიტუციაში აინტერესებს მხოლოდ ერთი პუნქტი — საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი, რომელიც ნამდვილად არ შედის უმნიშვნელოვანესი საკითხების ნუსხაში. ეს საკითხიც მას აინტერესებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჰგონია საყოველთაო არჩევნების პირობებში ის აჯობებს „ქართული ოცნების’’ კანდიდატს და კვლავ გახდება პრეზიდენტი. საჭირო იყო ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსური და სოციალური ვითარების მიუკერძოებლად აღწერა და გაანალიზება. პრეზიდენტს ყურადღება უნდა გაემახვილებინა მთლიანი საგარეო ვალის ზრდის, ექსპორტ-იმპორტის ყბადაღებული უარყოფითი შეფარდების და ბოლო წლებში მისი არასახარბიელო დინამიკის საკითხებზე. საჭირო მიყო კომპეტენტური საუბარი სავალუტო კრიზისის მიზეზებსა და მყარი ვალუტის რეზერვებზე. მოხსენებას აშკარად აკლდა ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობაში სადღეისოდ არსებული პრობლემების გაანალიზება. გიორგი მარგველაშვილს ასევე უნდა ესაუბრა განათლების (განსაკუთრებით კი სასკოლო განათლების) სფეროში არსებულ რთულ პრობლემებზე, თუმცა აქ წარსულის ერთი ეპიზოდი მახსენდება. „მარგველა მინისტრია! ე.ი ქვეყანას დედა აღარ ჰყავს!..“- ასე მუბნებოდნენ ჩემი ნაცნობები, რომლებმაც გიორგი მარგველშვილი ჯერ კიდევ წლების წინ ახლოს გაიცნეს. დავუბრუნდეთ მოხსენებას… ვერ მოვისმინე პრეზიდენტის საუბარი ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივის შექმნის მექანიზმებზე. დემოგრაფიული ვითარების აღწერისა და შეფასების შემდეგ აუცილებელი იყო დემოგრაფიული კატასტროფის დაძლევის შესაძლო გზებზე საუბარი. სხვა საკითხებზე აღარ ვისაუბრებ. ვუსმენდი პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში და ვფიქრობდი იმაზე, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ამ პოსტზე ყოფნისას უსათუოდ შეაგროვებდა ჩვენი და უცხოელი სპეციალისტების და მეცნიერების გუნდს, რომელიც მოამზადებდა ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი საკითხების ღრმა, ობიექტურ ანალიზს, სადაც ყოველი გამონათქვამი, შეფასება და დასკვნა, კონკრეტული ფაქტებით და ციფრებით იქნებოდა გამაგრებული. ასეთ შემთხვევაში თვალსაჩინო იქნებოდა შედარება, როგორც ახლანდელი ვითარებისა იმასთან, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, ისე „ქართული ოცნების“ 2012 წლის საარჩევნო დაპირებებისა იმასთან, რაც რეალურად მივიღეთ ოთხი წლის შემდეგ. აი მაშინ კი მოხსენება სულ სხვა წონას შეიძენდა და „ქოცების“ არაკომპეტენტურობა მხილებული იქნებოდა. ხშირად ვფიქრობ რა იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილს რომ თავის დროზე გიორგი მარგველაშვილი არ გაეკრიტიკებინა და ამის შემდეგ,,მარგველა’’ მართვის პატრონყმული სისტემიდან რომ არ ამოვარდნილიყო. სავარაუდოდ ამ პოსტზე იქნებოდა პატრონყმული სისტემის ერთი მორჩილი მსახური, რომელიც წაიკითხავდა მთავრობის მიერ მომზადებულ სიტყვა-ოდას იმაზე, რომ ყველაფერი არის უბრალოდ კარგად კი არა, არამედ იმაზე ბევრად უკეთ, ვიდრე ოცნება შეიძლებოდა. ასეთ ვითარებას კი ნამდვილად ისეთი,,მარგველა’’ ჯობია პრეზიდენტად, რომელიც გვახსენებს, რომ ქვეყანას დედა არა ჰყავს…“
ნათქვამიდან რას გაითვალისწინებს პრეზიდენტი და რას არა, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ხარება დღის საპარლამენტო სტუმარ-მასპინძლობის ამბავი ერთხანს მთავარ თემად რჩება…