წამმზომი ბოლო საათებს ითვლის… რიონისპირა ქალაქში სამზადისია, აქ ახლა საპატიო სტუმარს ელოდებიან. სახელმწიფოს მეთაური ხალხის რჩეულთა წინაშე ყოველწლიური მოხსენებით მეოთხედ წარდგება, ამჯერად ხარება დღეს.
ამ შემადგენლობით პრეზიდენტის მოსმენის პატივი სალაყბოს პირველად ერგება. სახელმწიფოს მეთაური ტრიბუნას თორმეტ საათზე დაიკავებს. განსაზღვრულია ფორმატიც. პრეზიდენტმა მოხსენების შემდეგ დებატები ისურვა და თხოვნით კანონმდებლებს მიმართა. დეპუტატები დაყაბულდნენ და ახლა მთავარია, რას ეტყვის პრეზიდენტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს და რას უპასუხებენ ისინი ხალხის რჩეულს, როგორ შეეყრებიან ერთმანეთს. ჩვენ რას ვიხილავთ და მოვისმენთ ისეთს, რაც ჯერ არ გვინახავს და გვსმენია… გიორგი მარგველაშვილმა მოხსენების ტექსტზე მუშაობა უკვე დაასრულა.
ცნობილია, რომ მოხსენება ოცგვერდიანია და მიმართვას ორმოცდახუთი წუთი დასჭირდება. შინაარსი ჯერ უცნობია, უფრო მეტიც — მკაცრად გასაიდუმლოებული, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მინიშნებები კეთდება. არის დაპირება, რომ სახელმწიფოს მეთაური ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რაც ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს, კერძოდ, პოლიტიკური პროცესები, საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო კანონმდებლობა და თვითმმართველობის ბედი, ეკონომიკა, უმძიმესი სოციალური ფონი და უმუშევრობა, სასამართლო ხელისუფლება, ადამიანის უფლებები და სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება… საკითხთა ჩამონათვალი ვრცელია და თანაც შთამბეჭდავი. ახლა მნიშვნელოვანია, რა იქნება მთავარი გზავნილი. ზოგადი კომენტარები კეთდება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც. საპარლამენტო ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დებატებისას სახელმწიფოს მეთაურს კონკრეტული ინიციატივებითაც მიმართოს.
რომან გოცირიძე — ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე: პრეზიდენტის გამოსვლაში დიდ მოულოდნელობებს არ ველი. სახეზეა საკანონმდებლო კონფლიქტი პრეზიდენტსა და ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის. პრეზიდენტმა ექვსჯერ დაადო ვეტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს. ეს ეხება დემოკრატიის, კერძოდ, მედიაპლურალიზმის და ფარული მოსმენების საკითხს… პრეზიდენტისგან ველით პრობლემების დასმას მრავალი მიმართულებით და ჩვენც გვექნება ხედვები და კონკრეტული შეთავაზებები…
ზურაბ ჭიაბერაშვილი — ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი: არსებულ ვითარებაში ჩვენ პრეზიდენტისგან ველით რეალობის პრინციპულ შეფასებას. მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ სოციალური ფონი, უმუშევრობა, ფასების ზრდა… ეს არის ის საკითხები, რაზეც ფრაქცია "ევროპული საქართველო" განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს და ხელისუფლებას შესთავაზებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევის კონკრეტულ წინადადებებს…
ადა მარშანია — ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს პრეზიდენტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. როგორ ესახება მას კონფლიქტების მოგვარება. როგორ აფასებს სახელმწიფოს მეთაური პოლიტიკურ ვითარებას და მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს, როგორ წარმოუდგენია მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ა.შ. იმედია, პრეზიდენტი ყველა ამ საკითხზე მკაფიოდ დააფიქსირებს თავის პოზიციას. ჩვენც, მისეული ხედვების გათვალისწინებით, პარლამენტსა და საზოგადოებას გავაცნობთ, თავად როგორ გვესახება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა…
სახელმწიფოს მეთაურის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნას მმართველი გუნდის ღია კრიტიკისთვის გამოიყენებს. ვარაუდობენ, რომ ამჯერად პრეზიდენტის განსაკუთრებული კრიტიკის ადრესატები საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები იქნებიან.
მამუკა მდინარაძე — ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე: განსაკუთრებულ სიურპრიზებს არც ჩვენ ველოდებით. პრეზიდენტის გამოსვლის სტილი და პათოსი ნათელია. მას ექნება ბევრი კრიტიკული შენიშვნა და რიგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, გასაზიარებელიც კი. ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად წარვმართოთ ეს დებატები და არგუმენტირებულად ვუპასუხოთ პრეზიდენტის კრიტიკას…
ექსპერტ-ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბარს. აზრთა სხვადასხვაობა ქვეყნის ძირითად კანონში შესაძლო ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხზე, განსაკუთრებით კი პრეზიდენტის არჩევის წესზე სახელმწიფოს მეთაურსა და პარლამენტს შორის არსებული დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზია. რამდენიმე დღის წინ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა ამ საკითხზე მმართველი გუნდის ხედვა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოყალიბდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ტრადიცია და ახლა მარტივად ვერავინ ასაბუთებს, რატომ უნდა შეიცვალოს ეს წესი. პრეზიდენტი აკრიტიკებს მმართველი გუნდის პოზიციას, რომელიც სახელმწიფო მეთაურის საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩევას გულისხმობს.
ერთი სიტყვით, სტუმარ-მასპინძლობა საკმაოდ ხმაურიანი იქნება. გავითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც იმავდროულად სათავეში უდგას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, ერთმანეთს პირველად შეხვდებიან მას შემდეგ, რაც ქვეყნის სპიკერმა სახელმწიფოს მეთაურს საუბრის სტილი, ტონი დაუწუნა და საჯაროდ გააკრიტიკა. პოლიტოლოგთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ დაპირისპირება მომავალში კიდევ უფრო გამწვავდება, თუმცა პოლიტიკურ პროცესებზე მას სერიოზული გავლენა არ ექნება.
ანალიტიკოსი ალექსანდრე თვალჭრელიძე: მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი უკვე აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი. სახელმწიფო მართველობის ფორმა მომავალშიც არ იცვლება. საქართველო საპარლამენტო მმართველობის ერთგული რჩება. ზოგადი თვალთახედვით აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა გზით აირჩევენ პრეზიდენტს, თუ იგი საერთოდ მემკვიდრეობით გადასცემს თავის სავარძელს, როგორც ეს კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში ხდება ხოლმე. ამ ფონზე გაკვირვებას იწვევს ის საკმაოდ მომაბეზრებელი კინკლაობა (სხვა სიტყვა არ მომდის თავში), რომელიც პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის გაჩაღდა. ახლა არის დაპირისპირება, მაგრამ რამე იცვლება ქართულ პოლიტიკაში? პოლიტიკის არსი ძალაუფლებაა. პრეზიდენტის ინსტიტუტს იმდენად სუსტი ძალაუფლება აქვს, რომ ამ ინსტიტუტის მდგომარეობა პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს. შერეული, ან საპრეზიდენტო მმართველობა რომ გვქონოდა, მაშინ კონფრონტაცია პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მნიშვნელოვანი იქნებოდა პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ახლა ეს მხოლოდ სასაუბრო თემაა. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს პრეზიდენტსაც და პარლამენტსაც უნდათ, რომ ნებისმიერ საკითხზე ბოლო სიტყვა მათ დარჩეთ. ამიტომ მგონია, რომ ასეთ დაპირისპირებას შორს მიმავალი პოლიტიკური მიზნები აქვს…
როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, საკმაოდ ვრცელია იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლებზეც პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს. არ არის გამორიცხული, გამოსვლის სტილი და ტონი ერთმა ახლახან გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ განაპირობოს. კერძოდ, პრეზიდენტის მოხსენებამდე ორიოდე დღით ადრე ცნობილი გახდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, სადაც გიორგი მარგველაშვილი 67 პროცენტით პოლიტიკოსთა რეიტინგს უდგას სათავეში. ეს როგორ, რა ნიშნით?— შესაძლოა, იკითხოთ თქვენ. ეს უკვე ცალკე სტატიის თემაა, დამელოდეთ. მანამდე კი მოკლედ ხუმრობით გეტყვით: არსებული უფლებამოსილება პრეზიდენტს რისიმე "გაფუჭების" საშუალებას უბრალოდ არ აძლევს…