საქართველოს პრეზიდენტმა ფარული თვალთვალის საკუთარი წესები წარმოადგინა

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაჟინებით მოითხოვს იმას, რომ ახალი სტრუქტურა, რომელმაც ფარული თვალთვალი უნდა აწარმოოს, მხოლოდ პრემიერ–მინისტრს ექვემდებარებოდეს.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა.

ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა შესწორებები 1 მარტს დაამტკიცა. ფარული მოსმენა–მიყურადების ახალი მოდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს–ი) ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს. ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტთა პაკეტს ვეტო დაადო.

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო სუს–ის დაქვემდებარებაში არ უნდა იყოს, რადგან ეს ქვეყნის კონსტიტუციასა და "ადამიანის უფლებების კონვენციას" ეწინააღმდეგება. გიორგი მარგველაშვილი სთავაზობს, რომ სააგენტო "საქართველოს პრემიერ–მინისტრთან არსებულ სპეციალურ უწყებად" იქცეს, რომელიც თავად პრემიერმა უნდა გააკონტროლოს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა კანონს "მოსმენების შესახებ" ვეტო დაადო

მარგველაშვილი ასევე მოითხოვს იმას, რომ სუს–მა საკომუნიკაციო კომპანიებს მოსმენის აპარატურის დამონტაჟებისთვის საფასური გადაუხადოს. პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებების მიხედვით, რომლებსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, სუს–მა ეს აპარატურა თავად უსასყიდლოდ უნდა დაამონტაჟოს.

პრეზიდენტის შენიშვნების მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობა, "ქართული ოცნების — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები ვეტოს დაძლევისთვის იმ მოტივით ემზადებიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს 1 აპრილამდე მისცა დრო და საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის განხილვას ვერ მოასწრებს.

"რაც არ უნდა ეწეროს ამ შენიშვნებში, დისკუსიის დროც აღარ დატოვა პრეზიდენტმა იმიტომ, რომ ეს არის ამ თვის ბოლო სასესიო კვირა, ეს კი ნიშნავს, რომ პარლამენტმა ამ კვირაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ კანონს მივიღებთ და მოსახლეობას საფრთხეების წინაშე არ დავტოვებთ", – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ" პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ახალი კანონის მიღებას წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 2016 წლის აპრილში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის "ეს შენ გეხება" სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად აღიარა ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ნებას რთავდა, ეწარმოებინა ფარული მოსმენები რეალურ დროში, გაეკეთებინა ასლები და შეენახა ეს მონაცემები.

საქართველოს პარლამენტის წინადადებით, ფარული მოსმენა–მიყურადების უფლება ახალ ოპერატიულ–ტექნიკურ სააგენტოს უნდა გადაეცეს, რომელიც ამ მოქმედებებს სასამართლოს ნებართვის საფუძველზე განახორციელებს. სააგენტოს მთავარი მიზანი იქნება ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება სისხლის სამართლის საქმეებზე, ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, თავდაცვისუნარიანობისა და ქვეყნის სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ.

ამ სამხილების მისაღებად სააგენტო მოისმენს სატელეფონო საუბრებს, აწარმოებს ფარულ თვალთვალს, მოიპოვებს ინფორმაციას კომპიუტერული სისტემებიდან, განსაზღვრავს გეოლოკაციას, გააკონტროლებს საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილებს, განახორციელებს ფარულ აუდიო და/ან ვიდეოჩანაწერებს, ასევე ფოტოგადაღებებს. სააგენტოს საქმიანობაზე დაკვირვება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა უნდა განახორციელოს.

ყველა ახალი ამბავი
0