თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო დაძლიეს, რომელიც მან „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატან შესწორებებს დაადო.
კანონმდებლებმა თავიდან თითოეულ წარმოდგენილ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი. აღნიშნული ყველა შენიშვნა ჩავარდა. შემდეგ გაიმართა კენჭისყრა შესწორებების თავდაპირველ ვარიანტზე, რომლებსაც მხარი უმრავლესობამ დაუჭირა.
მარგველაშვილმა კანონპროექტს ვეტო 24 იანვარს დაადო. „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა 2016 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა.
საქართველოს პრეზიდენტს არ მოეწონა საქართველოს იუსტიციის საბჭოს როლის გაზრდა სასამართლო სისტემის საქმიანობაში, უვადოთ დანიშნული ყველა მოსამართლისათვის გამოსაცდელი ვადის შემოღება, და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის შესახებ კანონის ნორმების ბუნდოვანი განმარტებები.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ აქტიურად შეუდგა სასამართლო სისტემის რეფორმირებას.
სასამართლო რეფორმის პირველი ტალღა 2013 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების თაობაზე მიღებული ცვლილებები გახდა. მაშინ პრეზიდენტისა და პარლამენტის კვოტები შეამცირეს.
მეორე ტალღა იყო 2015 წელს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დანიშვნა იმ მოსამართლეებისთვის, ვინც თანამდებობაზე უვადოდ ინიშნებოდა.
ამ ეტაპზე კი მესამე ტალღა ხორციელდება, რომელიც მიმართულია სასამართლოების მაქსიმალური დამოუკიდებლობისაკენ.