თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ აქტიურად დაიწყო სასამართლო სისტემის რეფორმირება, რათა სასამართლო დამოუკიდებელი გაეხადა. ხელისუფლების ცვლილებიდან ოთხი წლის შემდეგ საკითხი კვლავ ღია რჩება.
არის საშიშროება, რომ გასაუბრების შემდეგ, რომელიც ძველი სისტემით ტარდება, სასამართლოები მოსამართლის მანტიის მატარებელი უღირსი კანდიდატებით დაკომპლექტდება, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, რომელმაც პრეზიდენტის მოსაზრება გაახმოვანა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული 11 კანონპროექტისაგან შემდგარი პაკეტი საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ 2015 წლის ივლისში წარადგინეს. თუმცა პირველი მოსმენით მისი მიღება მხოლოდ 2016 წლის თებერვალში მოხერხდა, მეორე მოსმენით კი — აპრილში. ამასთან მასში გარკვეული კორექტივები შეიტანეს.
ამრიგად, გადაწყვიტეს არ შეეცვალათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის წესი.
ამასთან იუსტიციის სამინისტრომ მოსამართლეთა შერჩევის მკაცრი წესები შეიმუშავა და ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედების წინადადება დააყენა. შესწორებების თანახმად, ინსპექტორებმა უნდა შეაფასონ რამდენად კეთილსინდისიერნი და კომპეტენტურნი იქნებიან მოსამართლეები.
კანონპროექტთა პაკეტის მესამე მოსმენით კენჭისყრა საშემოდგომო სესიამდე გადაიდო პარლამენტში შესაბამისი მხარდაჭერის არქონის გამო. კანონპროექტების დამტკიცებისათვის 150-დან 76 ხმაა საჭირო.
პრეზიდენტს შესწორებები მოსამართლეთა შერჩევის და შეფასების კრიტერიუმებზე მოეწონა და ეხლა იგი აპირებს ამ არჩევანის გაკეთებაში დაარწმუნოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. მან დაინტერესებულ პარტიებს კონსულტაციებში მონაწილეობა შესთავაზა.
სასამართლო სისტემაში რეფორმების აუცილებლობას ეთანხმებიან ოპოზიციური ძალები, რომლებიც მოსამართლეებს „ქართული ოცნების“ დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებენ.
მესამე ტალღა და მურუსიძის ფაქტორი
კანონპროექტთა ამჟამინდელი პაკეტი „ქართული ოცნების“ მესამე მცდელობაა მოაწესრიგოს სასამართლოს მუშაობა.
სასამართლო რეფორმის პირველი ტალღა 2013 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების თაობაზე მიღებული ცვლილებები გახდა. მაშინ გააუქმეს პრეზიდენტისა და პარლამენტის კვოტები. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ექვსი დამოუკიდებელი კანდიდატი შევიდა, რომლებიც არ იყვნენ მოსამართლეები, და ექვსი მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული მოსამართლე.
მეორე ტალღა იყო სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დანიშვნა მოსამართლეებისთვის, ვინც თანამდებობაზე უვადოდ ინიშნებოდა. ერთ-ერთი პირველი ლევან მურუსიძე გახდა.
მურუსიძე არ არის ჩვეულებრივი მოსამართლე. იგი სკანდალშიც კი გაეხვა. წინა ხელისუფლების დროს, სწორედ მან განიხილა ერთ-ერთი გახმაურებული — სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე. შემდგომში ევროსასამართლომ ამ საქმეში სასამართლოს სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითა.
ახალი ხელისუფლების დროს, მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნეს. და ეს იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ოპოზიციაში ყოფნისას სააკაშვილის ხელისუფლებას პოლიციური სახელმწიფოს შექმნაში და დამნაშავე ჩინოვნიკების მფარველობაში სდებდნენ ბრალს. მაშინ კრიტიკის ერთ-ერთი ობიექტი მოსამართლე მურუსიძე იყო.
მურუსიძის თანამდებობაზე დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამჟამინდელი ოპოზიციონრები — წინა ხელისუფლების მხარდამჭერები და საქართველოს პრეზიდენტი.
ბედის ირონიით ამჯერად მურუსიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებაში არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც უნდათ სასამართლო სისტემა თავისი გავლენის ქვეშ მოაქციონ.
მე მივესალმები, რომ რაც შეიძლება მეტი რეფორმა გატარდეს სასამართლო ხელისუფლების განვითარების კუთხით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არ იქნება გაჩერება. რამდენი კანონიც არ უნდა იქნას მიღებული, სანამ რაღაც გარკვეული ჯგუფი ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების სადავეებს ხელში არ მოიგდებს, მანამდე იქნება ეს კრიტიკა“, — განაცხადა ლევან მურუსიძემ.