თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასწრაფო და რადიკალურ რეფორმირებას საჭიროებს, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულები სფეროში კახა კოჟორიძემ.
პრეზიდენტის მრჩევლის ამგვარი რეაქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში, არღვევს კანონს სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების პროცესში, არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით და ყველაზე უკეთ იმას, რომ ამ ორგანოს სჭირდება ძირეული რეფორმები, თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ხელეწიფება რეფორმების გატარება, დაუყოვნებლივ მოახდინოს ამ ორგანოს ძირეული რეფორმა“, — განაცხადა კოჟორიძემ.
ახვლედიანსა და იუსტიციის საბჭოს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიძაბა მას შემდეგ, რაც იუსტიციის საბჭომ ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. ახვლედიანმა მაშინ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძისა და საბჭოს წევრების გადადგომა მოითხოვა.
„არ ვიცი, რამდენად საფუძვლიანია იუსტიციის საბჭოს პრეტენზიები ახვლედიანის მიმართ, მაგრამ ყველა მათგანი აბსოლუტური ჭეშმარიტება რომც ყოფილიყო, საბჭოს მაინც არ შეეძლო იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც გუშინ მიიღო“, — დაამატა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ: მამუკა ახვლედიანის დისციპლინარული დევნა იუსტიციის საბჭომ მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, რასაც წინ უძღოდა ახვლედიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მოსამართლეობის ზოგიერთმა კანდიდატმა წინასწარ იცოდა სწორი პასუხები მოსამართლედ შესარჩევ ტესტებზე. აღნიშნულ ფაქტს უკვე იძიებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აღნიშნავს, რომ მამუკა ახვლედიანის გადაყენება არ უკავშირდება ამ უკანასკნელის განცხადებებს და ახვლედიანი კვლავაც განაგრძობს საქმიანობას სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.