თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ირინა ხერხეულიძე მოსამართლეობის 18 კანდიდატს შორის ერთადერთია, რომელმაც ტესტირებისას ქულათა მაქსიმალური რაოდენობა მიიღო. ამის გამო მასზე გამოცდების არაპატიოსანი გზით ჩაბარებასთან დაკავშირებით გაჩნდა ეჭვი.
საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ კონკურსანტებმა, რომლებიც 2015 წლის ნოემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარეს, წინასწარ იცოდნენ სწორი პასუხები. თუმცა თავად ახვლედიანმა ამ კანდიდატების დასახელებაზე უარი თქვა.
ისევ მურუსიძე
სასამართლო სისტემის მისამართით კრიტიკის ობიექტი კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და მთელი მისი უწყება გახდა. სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოა პასუხისმგებელი გამოცდების ჩატარებასა და ტესტირების კონფიდენციალურობაზე.
გამოცდებზე სწორი პასუხების გაჟონვის ფაქტს იუსტიციის საბჭოში არ უარყოფენ, უფრო მეტიც, საუბრობენ დაწყებულ შიდაუწყებრივ გამოძიებაზეც და აუცილებლობის შემთხვევაში, საქმეში საგამოძიებო ორგანოების ჩართვაზეც.
„პრობლემა არ არის. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი გამოვლინდება, საქმის მასალები პროკურატურას გადაეცემა“, — განუცხადა ჟურნალისტებს მურუსიძემ.
საგანგაშო ახალი ამბავი
სწორი საგამოცდო პასუხების გაჟონვას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგანგაშო ფაქტი უწოდა, თუმცა დეტალური კომენტარებისგან საკითხის შესწავლის დასრულებამდე, თავი შეიკავა.
ეს ახალი ამბავი მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძისთვისაც. მან, ისევე, როგორც ლევან მურუსიძემ, ამ საქმეში საგამოძიებო ორგანოების ჩართვა არ გამორიცხა.
დაეხმარა თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე?
მაშინვე, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ტესტირებისას მაქსიმალური ქულა ირინა ხერხეულიძემ მიიღო, ქართველი ჟურნალისტები მისი ბიოგრაფიით დაინტერესდნენ.
შედეგმაც არ დააყოვნა. ირინა ხერხეულიძის სადოქტორო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აღმოჩნდა. თუმცა თავად გვენეტაძე ხერხეულიძესთან საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით რაიმე კავშირს გამორიცხავს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, რომლებიც, როგორც წესი, ხელიდან არ უშვებენ შემთხვევას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კორუმპირებულობასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულონ.
როგორ გავხდეთ მოსამართლე
გახდე მოსამართლე საქართველოში —არცთუ უბრალო საქმეა. ყველა მსურველმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. გამოცდა ტარდება როგორც ზოგად ცოდნაში, ისე სპეციალობებში — სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმე. გამოცდის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში მოსამართლეობის კანდიდატმა გასაუბრება უნდა გაიაროს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვისთვის, სადაც მას სწავლა ერთი წლის განმავლობაში მოუწევს.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ კონკურსანტმა გასაუბრება უნდა გაიაროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ის მოსამართლის ვაკანტური ადგილის დაკავებას. მისი არჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრის გზით ხდება.
ანგარება
რითი ხელმძღვანელობდა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, როდესაც ინფორმაცია საზოგადოების განსასჯელად გამოიტანა და ამის შესახებ თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აცნობა.
თუმცა ახვლედიანისა და საბჭოს ურთიერთობები დაძაბული ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გახდა. მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი მდივანი ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, ახვლედიანმა გვენეტაძისა და საბჭოს წევრების გადადგომა მოითხოვა.
ახვლედიანის უკმაყოფილება იმითა გამოწვეული, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მურუსიძემ, როდესაც ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, რამდენიმე საქმეზე განაჩენი გამოიტანა, რომლებიც შემდეგ გაასაჩივრეს.